მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 6

მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 6

ქრისტიანობა ხელისუფლებაში

როცა ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, ჩვენს კლასში იყო ერთი ბიჭი, რომელსაც რატომღაც პონას ეძახდნენ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით დასვენებებზე მზვერავობანას და ვესროდით ერთმანეთს შურდულებიდან და თვითნაკეთი პისტოლეტებიდან.  ერთხელაც პონა მოვიდა კლასში და ხმამაღლა განაცხადა გაკვეთილის დაწყების წინ: „ახლა მამაჩემი დიდი კაცი გახდა და ჩვენ ახალ ბინაში გადავდივართ.“ ამ დროიდან პონა მართლაც შეიცვალა. თუმცა ჩვენ ძველებურად დავდევდით ერთმანეთს შესვენებებზე, მაგრამ დილაობით სკოლაში იგი უკვე მამის სამსახურის მანქანით მოჰყავდათ. ხოლო როდესაც ერთხელ დედამისი მოვიდა სკოლაში და დაინახა, როგორ მიმიზნებდა პონა შურდულს, დაიყვირა: „შეწყვიტე! არაფერი საერთო აღარ გაქვს მაწანწალებთან! ისინი შენი თანასწორები არ არიან!“ ჩვენ ძალიან დაგვენანა პონა, რადგან ახლა იგი ვეღარ თამაშობდა ჩვენთან, მომდევნო წელს კი საერთოდ წაიყვანეს ჩვენი სკოლიდან. მე ყოველთვის ვიხსენებ ამ ისტორიას, როდესაც ვყვები იმის შესახებ, თუ როგორ გახდა რომის იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანი.

კონსტანტინე

312 წელს კონსტანტინემ, რომელიც ჯარმა იმპერატორად გამოაცხადა, გაილაშქრა მაქსენციუსის წინააღმდეგ, რომელიც ასევე იმპერატორად იყო გამოცხადებული. კონსტანტინეს თითქმის ოთხჯერ ნაკლები ჯარისკაცები ჰყავდა, ვიდრე მაქსენციუსს, რომელსაც დამატებით ამისა რომის გამაგრებული კედლები იცავდა. ასეთ პირობებში გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ ერთხელ შუადღისას, როცა ჯარები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, კონსტანტინემ და მისმა ამალამ ცაზე ჯვრის ნიშანი და წარწერა „ამით გაიმარჯვე“ დაინახა. კონსტანტინე განცვიფრდა. ის არ იყო ქრისტიანი, თუმცა მეგობრები ბევრს ელაპარაკებოდნენ ქრისტეზე, და მან ეს ხილვა გამარჯვების აღთქმის ნიშნად მიიღო, თუ ისიც და მისი მეომრებიც ქრისტიანები გახდებოდნენ. მან ბრძანა დროშები ჯვრის გამოსახულებითა და იესოს სახელის მონოგრამით გაეკეთებინათ, რომლებიც ნანახი ჰქონდა ქრისტიანებთან, და ასეთივე გამოსახულებებით ჯარისკაცების ფარებსა და მუზარადებზე კონსტანტინე ჩაება ბრძოლაში.

რომის იმპერატორის ამალის მეომრები ქრისტიანული სიმბოლოებით ფარებზე. მოზაიკის ფრაგმენტი რავენეს ეკლესიაში. VI საუკუნე
მაქსენციუსი

მაქსენციუსსაც სურდა ღმერთების დახმარება, ამიტომაც მიმართა რომის წარმართ ქურუმებს, რომლებმაც აღუთქვეს მას გამარჯვება, თუ იგი პირველი ჩაებმებოდა ბრძოლაში. იგი გამოვიდა რომიდან და დაიკავა ძალზე არახელსაყრელი პოზიცია. მისი ჯარი მთლიანად განადგურდა, თავად კი ამ ბრძოლის დროს იქნა მოკლული. ყოველივე ამან კონსტანტინე დაარწმუნა ქრისტეს ძალაში და მან თავი საჯაროდ გამოაცხადა ქრისტიანად. მან არა მხოლოდ შეწყვიტა ქრისტიანების დევნა, არამედ დიდი პრივილეგიებით აღჭურვა ისინი და ქრისტიანი ეპისკოპოსები მრჩევლებად გაიხადა. მან, თავისი იმპერიის, რომელიც იმ დროს თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავდა, დედაქალაქი, გადაიტანა აღმოსავლეთის ახალ ქალაქში, რომელსაც მის საპატივსაცემოდ კონსტანტინეპოლი ეწოდა. იქ არცერთი წარმართული ტაძარი არ იდგა, მხოლოდ ქრისტიანული ნიშნები და სიწმიდეები.

ახალი რომი, კონსტანტინეპოლი, ბიზანტია – თანამედროვე სტამბულის ძველი სახელწოდება XV საუკუნის გრავიურა

ამ დროიდან ქრისტიანების მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა. დევნილი უმცირესობიდან იგი გაბატონებულ უმრავლესობად იქცა. ახლა ვეღარავინ ბედავდა მათ მუქარას. პირიქით, ქრისტიანებმა დაიწყეს წარმართული კერპებისა და მათი ტაძრებისა და სამსხვერპლოების განადგურება. ახლა ქრისტიანად ყოფნა ხელსაყრელი გახდა. ასევე შესაძლებელი გახდა კარგი თანამდებობის მიღება და კარგი ხელშეკრულების დადება, რადგან იმპერატორმა ქრისტიანებს დიდი შეღავათები და უფლებები დაუწესა. ამან გამოიწვია ის, რომ ყველას სურდა ნათლობა და გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ სხვების დასანახად იყვნენ ქრისტიანები, ღვთისმსახურებებსაც აუცილებლობის გამო ესწრებოდნენ და ქრისტიანულ ნორმებსაც მხოლოდ გარეგნულად იცავდნენ.

სამწუხაროდ, გაბატონებულმა მდგომარეობამ ცუდად იმოქმედა არა მხოლოდ ეკლესიის მსახურებზე, არამედ ბევრ გულწრფელ ქრისტიანზეც. მათ, ნაცვლად იმისა, რომ ეფიქრათ ქრისტეზე და მის სამეფოზე, ფიქრი დაიწყეს ფუფუნებაზე, გამორჩენაზე საქმიანობისას და მატერიალურ ფასეულობებზე. პირველი სამი საუკუნის მანძილზე ქრისტიანობა არ იყო დაკავშირებული სახელმწიფოსთან და იყო მარილი ქვეყნისა. იგი არ ჩანს საჭმელში, თუმცა გემოს აძლევს მას. IV საუკუნიდან, ქრისტიანობა მასიური გახდა. იგი შეუერთდა სახელმწიფოს, და მოუწია მისი ზნისა და წესების მიღება. იგი ლამაზი და მდიდარი გახდა, მაგრამ დაკარგა უბრალოება და ნაწილობრივ ერთგულებაც.

ჟურნალი „ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.