მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 10

მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 10

მსოფლიო კრებები და კანონები

ლევ ტოლსტოის აქვს იგავი სამ ბერ-განდეგილზე, რომელთაც მისიონერი-მღვდელი შეხვდა უკიდურეს ჩრდილოეთში. „როგორ ემსახურებით ღმერთს? როგორ ლოცულობთ?“ _ ჰკითხა მისიონერმა ბერებს. „ვემსახურებით უბრალოდ, ჩვეულებრივ, ლოცვით კი ასე ვლოცულობთ: „სამი თქვენ ხართ, სამი ჩვენ, შეგვიწყალე უფალო“, _ უპასუხა ერთ-ერთმა ბერმა. „არასწორად ლოცულობთ ძმებო, _ თქვა მღვდელმა. _ სამების შესახებ მოსმენილი გაქვთ, მაგრამ თუ როგორ უნდა ილოცოთ სწორად, არ იცით. არა უშავს, ახლავე გასწავლით.“ და ასწავლა მათ „მამაო ჩვენო. საღამოს დაემშვიდობა მათ მღვდელი, თითოეულს შუბლზე აკოცა და გასცურა. დილით რას ხედავს მღვდელი: ბერები მორბიან ზღვაზე, როგორც ხმელეთზე და იძახიან: „ღვთის კაცო, ღვთის კაცო! დაგვავიწყდა რაც გვასწავლე! გვითხარი, როგორ უნდა ვილოცოთ ღმერთის წინაშე სწორად?“ ატირდა მღვდელი და თქვა: „მე არ უნდა გასწავლოთ თქვენ ძმებო, _ ილოცეთ, როგორც იცით. ღმერთი თქვენ ისედაც გისმენთ.“

საღვთისმეტყველო დისპუტი მსოფლიო კრებაზე.
მხატ. ვ. სურიკოვი 1899 წ.

IV საუკუნემდე ქრისტიანობა დიდად არ იყო დაკავებული ღვთისმეტყველებით, თუმცა, როგორც კი მომაგრდა, თავისი ძალისხმევა ქრისტეს სწავლების ფორმულირებისაკენ მიმართა, ამან კი მაშინვე გამოიწვია უთანხმოება. დაიწყო მსოფლიო კრებების ეპოქა. ამ დროს კამათის მთავარი საგანი გახლდათ ღმერთის ბუნების გაგება _ მისი სამერთობა და ერთიანობა, ასევე იესო ქრისტეს ბუნების გაგება _ ვინ არის იგი: ღმერთი თუ ადამიანი, თუ ერთიც და მეორეც ერთდროულად?

საინტერესოა, რომ თავად ქრისტემ არ დაგვიტოვა არცერთი ფილოსოფიური თუ საღვთისმეტყველო ფორმულირება. მისი ქადაგებები ასევე მოციქულების ქადაგებები ყოველთვის პრაქტიკული და დამოძღვრითი იყო, მსოფლიო კრებებზე კი, რომელზეც იკრიბებოდნენ ეპისკოპოსები მთელი იმპერიიდან, მსჯელობდნენ ისეთ რთულ თემებზე, რომელთა გაგებაც უბრალო ქრისტიანს ძალიან გაუჭირდება.

ხანდახან ისე ჩანს, რომ კრების მონაწილეებს სწამდათ, რომ ადამიანურ ენაზე შეიძლებოდა ყოველგვარი საღვთისმეტყველო ჭეშმარიტების გამოხატვა და რომ მისი ფორმულირების სიზუსტეზე იყო დამოკიდებული ხსნა! სხვანაირად რომ ვთქვათ, დევნილ ქრისტიანობას ფილოსოფოსობის ძალა არ ჰქონდა, თუმცა ჰქონდა ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრების ძალა. „ჩვენ არ ვბრძნობთ _ ჩვენ ვცხოვრობთ,“ _ ამბობდნენ პირველი ქრისტიანები.

ნიკეის პირველი მსოფლიო კრება,
ვატიკანის ბიბლიოთეკა 1600 წ.

ამავე დროს, მსოფლიო კრებებისაგან დამოუკიდებლად, სულიწმიდის წინამძღოლობით ჩამოყალიბდა წერილის კანონი _ ქრისტიანული ცხოვრებისა და იესო ქრისტეს ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტი ეტალონი. იყო ორმხრივი წყენა, ეჭვები, ბრალდებები _ მიმდინარეობდა საეკლესიო-პოლიტიკური და საღვთისმეტყველო ბრძოლა. თუმცა ეს ბრძოლა არ ეხებოდა ბიბლიურ კანონს. არცერთ კრებას არასოდეს განუხილია წერილის წიგნების კანონიზაციის საკითხი. ზოგიერთმა კრებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რაც უკვე იყო გაკეთებული ეკლესიის მიერ. ღვთივსულიერი წიგნების არჩევა ბუნებრივად და უბრალოდ ხდებოდა. საეკლესიო თემები სამი საუკუნის მანძილზე იღებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც შეესაბამებოდა მათ რწმენას და ღვთის სულს და უარყოფდნენ ნაყალბევს. ის წიგნები, რომლებიც ღვთივსულიერად მიიჩნიეს, მიღებულ იქნა, როგორც ბიბლიური კანონი.

ეკლესიის ერთ-ერთმა მსახურმა ბიბლიური კანონის შესახებ ძალზე ზუსტად და მკაფიოდ თქვა: „კანონი ის არის, რაც ყველგან, ყოველთვის და ყველა ქრისტიანს სწამს.“ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ცხოვრებაში ქრისტესმიერი სიყვარულით მჟღავნდება და არა სწავლების დებულებებით.

ათანასე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი

გამეფებული ეკლესია, ქრისტიანული ცხოვრების უნარს კარგავდა, თუმცა ბრძნობის უნარს ამჟღავნებდა. მაგრამ ეს ეპოქა მაინც მნიშვნელოვანი იყო ქრისტიანობისათვის და მსოფლიოს ისეთი დიდი ღვთისმეტყველები მისცა, როგორებიც იყვნენ: ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ათანასე ალექსანდრიელი და სხვები. თითქმის ყველა მათგანს ბევრის გადატანა მოუწია თავიანთი შეხედულებების გამო. მაგალითად, იოანე ოქროპირი, მიუხედავად იმისა, რომ იკავებდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის საპატიო ადგილს, გადაასახლეს და ფაქტიურად აწამეს, თავისი მამხილებელი ქადაგებების გამო. ათანასე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი ხუთჯერ იქნა გაძევებული, სადაც საერთო ჯამში 15 წელი გაატარა. ამ დროიდან მოყოლებული ეკლესიის მსახურები ამხობდნენ და აძევებდნენ ერთმანეთს. გზავნიდნენ გადასახლებაში ან სჯიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი, მმართველი უმრავლესობისაგან განსხვავებით, სხვანაირად ფიქრობდა და აზროვნებდა.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.