მოციქული პავლე ფილიპეში

მოციქული პავლე ფილიპეში

მოციქული პავლე კვლავ გზას ადგა. ის ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა და ყველგან იესო ქრისტეს სახარებას ქადაგებდა. ჩვეულებისამებრ ის სინაგოგას ეძებდა, იუდეველურ სამლოცველო სახლს, და იქ წარმოთქვამდა ხოლმე თავის პირველ ქადაგებას ქალაქში. ადამიანები ხან ყურადღებით უსმენდნენ პავლეს, ხან პირიქით, აძევებდნენ მას. რამდენჯერმე პავლე ჯოხითაც კი ცემეს და ერთხელ ქვებიც დააყარეს. მაგრამ ქრისტეს ერთგულ მსახურს არაფერი აშინებდა.

და აი პავლე ჩავიდა ლისტრაში. იქ მას მორწმუნეებმა უქეს ტიმოთე, ერთი იესო ქრისტეს მორწმუნე ქალის შვილი. პავლეს ძალიან მოეწონა ჭაბუკი: აზრიანი, წმიდა წერილის მცოდნე და ისეთივე მამაცი, როგორც თავად პავლე. ამ დროიდან პავლეს ჰყავდა მუდმივი თანამგზავრი და თანაშემწე – ტიმოთე.

ერთხელაც ისინი ტროაში ჩავიდნენ. იქ ღამით პავლემ სიზმარში ნახა ერთი კაცი, რომელიც სთხოვდა მას ჩასულიყო მაკედონიაში (ეს კი ევროპაშია) და დახმარებოდა მათ. დილით ისინი მაშინვე გაემართნენ ნავსადგურში და ჩასხდნენ ხომალდში, რომელიც სამოთრაკეში მიდიოდა. ეს ქალაქი ნეაპოლის მახლობლად მდებარეობდა. იქიდან ისინი ფილიპეში ჩავიდნენ – ეს იყო პირველი მაკედონური ქალაქი. აქ ისინი რამდენიმე დღით გაჩერდნენ, დადიოდნენ ქალაქში და ადამიანებს იესო ქრისტეს უქადაგებდნენ. შაბათს კი წავიდნენ მდინარის ნაპირზე, სადაც, როგორც ისინი ფიქრობდნენ იყო სამლოცველო.

თუმცა მათ იქ მხოლოდ რამდენიმე ქალი დაინახეს, რომლებიც ლოცვისთვის იყვნენ შეკრებილები. ქალებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს იერუსალიმიდან ჩამოსულ მქადაგებლებს, განსაკუთრებით კი პავლეს. სანამ მოციქული საუბრობდა, ღმერთი შეეხო ლიდიას გულს. ეს ქალი ძვირფასი ქსოვილებით ვაჭრობდა. პავლეს როცა უსმენდა, მან ირწმუნა  იესო. ლიდია პირველი ქალი იყო ევროპაში, რომელიც გახდა იესო ქრისტეს მოწაფე და მიმდევარი. ლიდიას სახლში დაიწყეს შეკრება პირველმა მორწმუნეებმა. პავლე ყოველ დღე ასწავლიდა მათ, ასევე დადიოდა ქალაქში და ადამიანებს ღმერთის სამეფოს შესახებ ესაუბრებოდა.

ქალაქში კიდევ ერთი ქალი იყო, ახალგაზრდა მხევალი, მისანი. ის თავისი მისნობით პატრონებს დიდძალ მოგებას აძლევდა. ერთხელაც პავლეს და მის თანამგზავრებს აედევნა და იძახოდა: `მოუსმინეთ მათ! ეს ხალხი ღმერთის მსახურები არიან! ისინი ჭეშმარიტებას გიქადაგებენ!`  პავლე  შეწუხდა. მას არ სჭირდებოდა ჯადოქრებისა და მისნების მიერ გაკეთებული რეკლამა. მან უბრძანა ეშმაკს გასულიყო ამ ქალისგან. მხევალმა დაკარგა თავისი უნარი, პატრონებმა კი თავისი მოგება. მათ ნამდვილი ამბოხი მოაწყეს მოციქულ პავლესა და მისი თანამგზავრების წინააღმდეგ. მცველებმა შეიპყრეს პავლე და სილა და გვარიანი ცემის შემდეგ ჩასვეს საპყრობილეში. ღამით პავლე და სილა, ბორკილებდადებულნი და ნაცემნი, ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. მოულოდნელად მიწა იძრა. საპატიმროს კარებებიც გაიხსნა, და პატიმართა ბორკილებიც. ციხის უფროსმა იფიქრა, რომ ყველა გაიქცა, პავლე მიხვდა რასაც აპირებდა იგი და შეუძახა, რომ ყველა პატიმარი ადგილზე იყო. მაშინ ციხის უფროსმა ჰკითხა მას: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“  მოციქულმა მასაც იგივე უთხრა, რასაც სხვებს ეუბნებოდა: „ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლიც“.

ფილიპე. ირგვლივ ბნელა, სიწყნარეა. მხოლოდ ციხის უფროსის სახლია განათებული და ისმის ადამიანების ხმამაღალი გალობა, რომლებიც გაშლილ სუფრას უსხედან და ზეიმობენ მნიშვნელოვან მოვლენას: პავლეს მიერ სახლის პატრონისა და ყველა იმ ადამიანის მონათვლას, ვინც ამ ღამით იესო ქრისტე ირწმუნა.

ეს ისტორია შეგიძლია წაიკითხო საქმეების წიგნის 16-ე თავში, 11-ე მუხლიდან დაწყებული…

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.