დიდი საეკლესიო განხეთქილება

დიდი საეკლესიო განხეთქილება

მე ხანდაზმული ადამიანი ვარ, ბევრი რამ მინახავს, მათ შორის კამათები და დაყოფები. მინახავს, როგორ მომხდარა ოჯახში გაყოფა, როცა მშობლებზე განაწყენებული ვაჟი წასულა სახლიდან ანდა როცა დას დაუწყია ჩივილი თავის ძმაზე, რომელიმე დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვის გამო ყველა შემთხვევაში, კონფლიქტის შედეგის მიუხედავად, ორივე მხარე გამოსულა წაგებული.

დისპუტი ზიარების შესახებ
მხატვარი რაფაელი 1509 წ.

სამწუხაროდ განხეთქილებანი ქრისტიანობაში ძველთაგანვე არსებობდა. ადრეულ ქრისტიანობაში თითოეულ ადგილზე არსებული საკრებულოები თავისებურად იყო მოწყობილი, ღვთისმსახურებაც განსხვავებული ჰქონდათ, თუმცა გრძნობდნენ, რომ მაინც ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი. ადგილობრივ ეკლესიებზე ლაპარაკობდნენ, როგორც დებზე ერთ ოჯახში, თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული სახე ჰქონდა, მაგრამ ჰყავდათ ერთი მამა.

როდესაც იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთში, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს, განსაკუთრებით კი ბარბაროსების შემოსევების შემდეგ დასავლეთ ევროპაში, ხოლო მუსულმანებისა ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, ბიზანტიისა და ევროპის ეკლესიები სულ უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს, იზრდებოდა განსხვავებები მათ შორის. V ს. დაშლილი იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში პასექს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, სალაპარაკო ენაც განსხვავებული იყო, და რაც მთავარია საერთო ენას ვერ პოულობდნენ ერთმანეთთან.

პატრიარქი ფოტიუსი.
მხატვარი არნოლდ დე ჰუგე. 1701 წ.

აღმოსავლეთის ეკლესიები ემორჩილებოდნენ პატრიარქებს, რომელთა შორის მთავარიც კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა, დასავლეთისა კი _ რომის პაპს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის გაყოფები და განხეთქილებები საკმაოდ ხშირად ხდებოდა, თუმცა ყოველთვის ხერხდებოდა შეიგება. IX ს.  კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ფოტიუსმა სერიოზული საღვთისმეტყველო დისკუსია წამოიწყო რომის პაპ ნიკოლოზთან იმ საკითხის შესახებ, თუ ვისგან გამოდიოდა სულიწმიდა _ მამისაგან თუ მამისაგან და ძისაგან. ნათელია, რომ ამ საკითხს არ ჰქონდა სერიოზული მნიშვნელობა პრაქტიკულ ცხოვრებაში, და იყო მხოლოდ პოლიტიკური კამათის საბაბი რომსა და კონსტანტინეპოლს შორის ბულგარული ეკლესიების დაქვემდებარებისათვის. ასე იყო თუ ისე, XI ს. მოხდა ისეთი რამ, რამაც სამუდამოდ გათიშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები.

პაპი ლევ IX და პატრიარქი მიხაელ კერილარიუსი
XV ს. მინიატურა

რომის პაპმა ლევ IX-მ თავისი ელჩები, რომელთაც სათავეში ედგათ კარდინალი ჰუმბერტი, გაგზავნა კონსტანტინეპოლში, რათა  მოლაპარაკებულიყვნენ ერთობლივ მოქმედებებზე ნორმანი დამპყრობლების წინააღმდეგ. პაპის წარგზავნილები გულღიად მიიღო იმპერატორმა კონსტანტინე IX-მ, თუმცა მაშინდელი პატრიარქი მიხაელ კერილარიუსი არც კი გამოსულა მათ მისასალმებლად და ძალიან არამეგობრულად ეჭირა თავი. ჰუმბერტი, რომელიც პაპობის მხურვალე მხარდამჭერი იყო, აღშფოთდა და უკიდურეს ზომას მიმართა. 1054 წ. 15 ივლისს, ჰუმბეერტი შევიდა კონსტანტინეპოლის მთავარ, წმიდა სოფიას ტაძარში და საკურთხეველზე დადო ბულა, ანუ ბრძანება პატრიარქ კერილარიუსისა და მისი ეპისკოპატის ეკლესიიდან განკვეთის შესახებ. შემდეგ გამოვიდა ტაძრიდან, დაიბერტყა მტვერი ფერხთაგან და თქვა: „ხედავს ღმერთი, და განსჯის ღმერთი.“

პაპის ბულა. 1179 წ.

ტაძარში მყოფი ხალხი  გაშტერდა. . . რომის პაპმა ეკლესიისაგან განკვეთა პატრიარქი! თუმცა არც პატრიარქი დარჩენილა ვალში და ხუთი დღის შემდეგ მანაც განკვეთა ეკლესიიდან ჰუმბერტი.

განხეთქილება საუკუნეების მანძილზე მწიფდებოდა, ნამდვილი მიზეზი კი მდგომარეობდა არა თეოლოგიაში არამედ ძმური სიყვარულის დაკარგვაში. რომის პაპიც და კონსტანტინეპოლის პატრიარქიც პრეტენზიას აცხადებდნენ უმაღლეს ძალაუფლებაზე ეკლესიაში, რის გამოც დაივიწყეს ქრისტეს მთავარი მცნება _ „გიყვარდეთ ერთმანეთი.“ ერთ დროს ერთიანი ეკლესია გაიყო დასავლეთის, რომელსაც ეწოდა კათოლიკური და აღმოსავლეთის, რომელსაც ეწოდა მართლმადიდებლური, ეკლესიებად.

და მაინც მთავარი მიზეზი, რამაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების რიგითი მორწმუნეები შეურიგებელ მტრებად აქცია, იყო არა 1054 წლის განკვეთა, არამედ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მოვლენები. ტახტიდან ჩამოგდებული იმპერატორის ძემ, ალექსიმ დაარწმუნა ჯვაროსნები, რომ ჯერ მას დახმარებოდნენ ტახტზე ასვლაში და სამართლიანობის აღდგენაში, შემდეგ კი წასულიყვნენ იერუსალიმში. 1203 წელს დაიწყო ქალაქის შტურმი, და შემდეგ, სამი დღის მანძილზე ძარცვავდნენ მეომრები ქალაქს. ბევრი სიწმიდე და რელიქვია იქნა გატანილი ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში, თავად კონსტანტინეპოლში კი ჯვაროსნებმა ჩამოაყალიბეს ახალი სახელმწიფო _ ლათინური რესპუბლიკა _ და ძალადობრივად დაადგინეს ღვთისმსახურება დასავლური წესით. აი ასე დასრულდა ეს დიდი განხეთქილება ქრისტიანულ ოჯახში. ამიტომაც არსებობს ახლა კათოლიკური და მართლმადიდებულირი ეკლესიები.

ჯვაროსნები შედიან კონსტანტინეპოლში.
მხატვარი დელაკრუა.1840 წ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.