იოსები ფოტიფარის სახლში

იოსები ფოტიფარის სახლში

შენ, ალბათ გახსოვს, რომ ძმებმა იოსები ისმაელიანებს მიჰყიდეს, რომელთა სავაჭრო ქარავანი ეგვიპტეში მიდიოდა. და აი დგას იოსები გასაყიდად გამოყვანილ სხვა მონებს შორის და ელის, ვინ იყიდის მას. მიუახლოვდა ისმაელიანებს ფოტიფარი, ფარაონის დაცვის უფროსი, დაინახა იოსები და მცირე შევაჭრების შემდეგ, მიუწონა მათ ის წონა ვერცხლი, რამდენსაც ითხოვდნენ. იოსები ფოტიფარის სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა და უფალი იოსებს ყველაფერში ხელს უმართავდა. ფოტიფარმა დაინახა, რომ ღმერთი აკურთხებს მის სახლს, რადგან კეთილია იოსებისადმი. ამიტომაც იოსები მთელ თავის სახლზე დააყენა, თავისი მსახურებისა და მონების ზედამხედველად. ღმერთმა კიდევ უფრო მეტად აკურთხა ფოტიფარის სახლი.

კარგმა კვებამ, სუფთა ჰაერმა და უფლის კურთხევამ თავისი ქნა: იოსები პირმშვენიერი და ტანადი ვაჟი გახდა. ფოტიფარის ცოლს შეუყვარდა ის. მას ძალიან უნდოდა, რომ იოსები მისი საყვარელი გამხდარიყო. იოსები გადაჭრით ამბობდა ამაზე უარს. ქალი არ ეშვებოდა, იოსები კი პასუხობდა: “ქალბატონო, თქვენმა ქმარმა მთელ თავის სახლზე დამაყენა, ყველაფერი გადმომცა განსაკარგავად, თქვენი თავის გარდა! როგორ შემიძლია ვიმრუშო მის ცოლთან?! როგორ უნდა შევცოდო ღმერთს?!” ასე გადიოდა დღეები. იოსები მტკიცე რჩებოდა თავის გადაწყვეტილებაში: ის იცნობდა ღმერთს და ეშინოდა მის წინააღმდეგ შეცოდებისა.

ერთხელ იოსები სახლში შევიდა თავის საქმეებზე, როცა იქ მსახურთაგან არავინ იყო; მხოლოდ ფოტიფარის ცოლი იყო შიგნით. როცა დაინახა, რომ ისინი მარტონი იყვნენ სახლში, ქალმა კვლავ თავისი მოიწადინა: “წავიდეთ ჩემს ოთახში, იქ ერთად ვიქნებით და არავინ შეგვაწუხებს!” ის იოსების სამოსს ჩაებღაუჭა, მაგრამ იოსები გაუსხლტა ხელიდან და გამოვარდა გარეთ.  ქალმა, რომელსაც ხელში იოსების ზედა სამოსი შერჩა, ხმამაღლა მორთო ყვირილი: “მოდით, ნახეთ, ამ მონას სურდა ძალა ეხმარა ჩემზე!” ყვირილზე მსახურებმა მოირბინეს. ქალმა იოსების სამოსი უჩვენა მათ და თქვა, თითქოსდა იოსებს ძალით სურდა მისი დაუფლება, მაგრამ მან ყვირილი დაიწყო, რის გამოც ის გაიქცა, ტანსაცმელი კი ხელში შეატოვა.

როცა ფოტიფარი სახლში დაბრუნდა სამსახურიდან, ცოლმა მასაც იგივე უამბო: “ეს ებრაელი მონა, რომელიც შენ სახლში მოიყვანე, მოვიდა ჩემთან და შეეცადა ჩემს შებღალვას! მაგრამ როცა ყვირილი მოვრთე, გაიქცა და სამოსი ხელში შემატოვა.” ფოტიფარი ძალიან გაბრაზდა და იოსები ფარაონის ციხეში ჩასვა, სადაც სახელმწიფო დამნაშავეები ისხდნენ.

თითქოსდა უფალს არ უნდა დაეშვა ასეთი უსამართლობა. მაგრამ ღმერთს თავისი გეგმა ჰქონდა. საპყრობილეში ყოფნის დროსაც მასთან იყო უფალი. ძალიან მალე ციხის უფროსმა იგი ყველა პატიმრის ზედამხედველად დააყენა. იოსებს არასოდეს უნანია, რომ არ შესცოდა ფოტიფარის ცოლთან, მიუხედავად იმისა, რომ მან მრავალი წელი ეგვიპტურ საპყრობილეში გაატარა. მან იცოდა, რომ უფალი მათთანაა, ვისაც მისი შიში აქვს და ემსახურება მას სიწმიდითა და სიწრფოებით, – სულ ერთია, შესანიშნავ სახლში იქნება ეს თუ ჭუჭყიან და ბნელ საპყრობილეში.

ამ ისტორიის წაკითხვა შეგიძლია დაბადების წიგნის 39-ე თავში.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.