საშობაო მილოცვა
საშობაო მილოცვა
`სად არის ებრაელთა მეფე, რომელიც იშვა?~ (მათე 2:2).
ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი შობა მოგვადგა კარზე. . . მოგიწოდებთ, რომ გავხსნათ ჩვენი გულის კარი, და შემოვუშვათ მეფე, მართალი და თვინიერი, კეთილი და თაყვანცემული, არა მხოლოდ მოგვებისგან, არა მხოლოდ ბეთლემელი მწყემსებისგან, არც მხოლოდ მოციქულებისა და წმიდებისგან, რომლებიც მის გვერდით იმყოფებოდნენ; არამედ ყველასგან, ვინც მივიდა მასთან, და იხილა რომ ტკბილია უფალი, ვინც მეორედ იშვა და გახდა სასუფევლის მოქალაქე.
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ასეთი გამოწვევების წინაშე დგას, როდესაც ბევრი ადამიანი გაურკვევლობაშია და არ იცის საით წავიდეს და ვის მიმართოს დასახმარებლად, ჩვენ, ჩვეული გულდაჯერებით კვლავ მივმართავთ მათ იესოსკენ, ვინც არის პასუხი ჩვენს კითხვებზე, ვინც არის საყრდენი ძნელბედობისას, ვინც არის ნუგეში დამაშვრალთა და მკურნალი სნეულთა. იესო ქრისტეა ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი და ჩვენი მხსნელი. ამიტომაც თქვა მან: `მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით~ (იოანე 14:6).
ძვირფასო ძმებო და დებო, ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ შობის დღესასწაულს. გისურვებთ ღვთის წყალობას, მშვიდობასა და ჯანმრთელობას!
გია კანდელაკი
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური კავშირი