ჰადასა სპარსეთის სამეფოში
ჰადასა სპარსეთის სამეფოში
ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ქრისტემდე 500 წლით ადრე. იმ დროს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო სპარსეთი გახლდათ. მას დიდი მეფე არტაქსერქსე მართავდა. ასე უწოდებენ მას ბიბლიური ავტორები. ისტორიაში კი ის ქსერქსეს სახელითაა ცნობილი. მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა 62 ქვეყანაზე, ეთიოპიიდან ინდოეთამდე, და კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ხალხებზე, რომლებიც მეომარი სპარსელების მიერ იქნენ დაპყრობილნი.
ისე მოხდა, რომ მეფემ უარყო თავისი ცოლი, რომელმაც უარი თქვა მეფის მთვრალი სტუმრებისათვის თავისი სილამაზის ჩვენებაზე. მეფე იძულებული შეიქმნა თავისათვის ახალი დედოფალი ეძებნა. ამ მიზნით მეფის მსახურებმა მთელ სამეფოში დაიწყეს, ყველაზე ლამაზი და საზრიანი გოგონას ძებნა. ეს კი სულაც არ იყო ადვილი საქმე, ამდენი კულტურებისა ხალხების პირობებში _ არჩევანი ძალიან დიდი იყო. მაგრამ ღმერთმა ისე მოაწყო, რომ არჩევანი შეჩერდა ებრაელ გოგონაზე, რომელიც ობოლი გახლდათ და რომელსაც ჰადასას ეძახდნენ. ასე მას ებრაულად ეძახდნენ, სპარსულად კი მისი სახელი იყო ესთერი. უძლიერეს მეფეს ძალიან მოეწონა ლამაზი და ჭკვიანი გოგონა. გადაიხადეს ქორწილი და ესთერი გახდა დედოფალი იმ დროინდელი მსოფლიოს ამ უძლიერეს სახელმწიფოში. რატომ გახდა ღარიბი ებრაელი გოგონა დედოფალი? გააგრძელე კითხვა.
მეფის შემდეგ მეორე კაცი გახლდათ ჰამანი. მეფის ბრძანებით ყველას თაყვანი უნდა ეცა და ძირს გართხმულიყო ჰამანის წინაშე. მორდექაი ამას არ აკეთებდა. რატომ? მორდექაის სწამდა ღმერთი. ისინი კი ვისაც ღმერთი სწამს, ადამიანებს თაყვანს არ სცემენ? ეს მორდექაი გახლდათ ესთერის ნათესავი; გოგონა მასთან იზრდებოდა.
როცა ჰამანმა დაინახა, რომ მორდექაი მუხლს არ იყრიდა მის წინაშე, რისხვით აღივსო. თავისი სიძულვილი მთლიანად ებრაელ ერზე გადაიტანა. (ადამიანებს, რომელთაც სძულთ ღვთის ხალხი, ებრაელები, ანტისემიტებს ეძახიან.) ჰამანმა გადაწყვიტა მთელს სპარსეთის სამეფოში გაენადგურებინა ეს ერი. მან მოიფიქრა ეშმაკური გეგმა, ნებართვა მიიღო მეფისაგან და დაიწყო მოქმედება. თუმცა უფალმა სპეციალურად გააკეთა ისე, რომ დედოფლად იმ დროს, სპარსეთის სამეფოში ღმერთის მორწმუნე ესთერი ყოფილიყო.
მორდექაიმ უამბო ესთერს, რაც ბოროტმა ჰამანმა ჩაიფიქრა, რომელსაც მორდექაისთვის უკვე სახრჩობელაც ჰქონდა მომზადებული, და სთხოვა დახმარებოდა თავის ხალხს მეფის წინაშე. ესთერი დათანხმდა, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი საქმე გახლდათ: არავის შეეძლო მეფესთან მისვლა, მისი პირადი მოთხოვნის გარეშე. ესთერი კი მთელი თვის განმავლობაში არ ყოფილა მეფესთან. ის რომ მასთან უნებართვოდ მისულიყო, შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. ასეთი წესები მოქმედებდა მეფე არტაქსერქსეს კარზე. თუმცა მან მაინც გადაწყვიტა მისვლა. მივიდა კიდეც. მოშორებით გაჩერდა და თრთოლვით ელოდა, როდის შეამჩნევდა მეფე. შეამჩნია და…. გაუხარდა. დაუძახა და ჰკითხა, რა უნდოდა. მან უთხრა, რომ მისი ვახშმად მიწვევა სურდა. თქვა, დაე ჰამანიც მოვიდესო. მეფემ მიიღო მიწვევა. მომდევნო დღეს ის და ჰამანი მივიდნენ ვახშამზე. ვახშმობისას მეფე გამხიარულდა და უთხრა ესთერს ეთხოვა მისთვის ყველაფერი, რასაც მისი გული მოისურვებდა. ესთერმა სთხოვა მეფეს შეენარჩუნებინა მისთვის და მისი ხალხისათვის სიცოცხლე. მეფე მაშინვე ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, ხოლო როდესაც გაიგო როგორი კაცი იყო ჰამანი, ბრძანა და ის იმ სახრჩობელაზე ჩამოკიდეს, რომელიც მორდექაისთვის ჰქონდა მომზადებული.
ასე გადაარჩინა ღმერთმა ესთერის მეშვეობით თავისი ხალხი განადგურებისაგან. ეს ამბავი დაწერილია ძველ აღთქმაში. ესთერის წიგნში.
ჟურნალი ბილიკი