მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 5
მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 5
ყოველდღიური ცხოვრება
როცა სახლში დაბადების დღეა, საუკეთესო ტანსაცმელს ვიცვამთ, თავს ვიწესრიგებთ, მაგიდაზე ლამაზ ჭურჭელსა და გემრიელ საჭმელებს ვაწყობთ. მომდევნო დღეს კი კვლავ ყოველდღიურობა ისადგურებს. დედა იფარებს წინსაფარს და იწყებს ჭურჭლის რეცხვას, ვაჟი ჩანთას იღებს ხელში. დღესასწაულმა ჩაიარა, დაძაბულობამაც გაიარა, იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება. პირველი სამი საუკუნის ქრისტიანობა – მხოლოდ რწმენის გმირობები, მოწამეების თავდადება და სიტყვის ქადაგება არ ყოფილა. ქრისტიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მჟღავნდება: ოჯახში, სამუშაოზე, სახლში. ხანდახან შინაურ გარემოში გაცილებით ძნელია იყო ქრისტიანი, ვიდრე მძვინვარე მხეცების წინ ცირკის არენაზე.
პირველი საუკუნის ქრისტიანები ჩვეულებისამებრ იკრიბებოდნენ არა დიდ და ლამაზ ტაძრებში ან სამლოცველო სახლებში, სადაც რბილი სკამები დგას, არის მიკროფონი და პროექტორი, არამედ თავიანთი თანამორწმუნეების სახლებში, ან ტყეში, ან სასაფლაოზე (თავიანთი მოკლული ძმების საფლავებთან), ან კატაკომბებში, რათა არავის შეეშალა მათთვის ხელი ელოცათ ღმერთის მიმართ. თავად ღვთისმსახურებანი ჩვეულებისამებრ შედგებოდა გალობისგან, ლოცვებისა და ქადაგებებისგან, რომლის დროსაც განმარტავდნენ წერილებს. ყველაფერი ძალიან უბრალოდ იყო, ყოველგვარი რიტუალებისა და სპეციალური სამოსის გარეშე. განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა უფლიის სერობა (ზიარება), ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ ევქარისტია, „მადლიერება.“ როგორც წესი მას აღასრულებდნენ საღამოს და აერთებდნენ ე. წ. აგაპესთან – სიყვარულის ერთობასთან, როცა თითოეულს მოჰქონდა თავისი საჭმელი და ისინი შლიდნენ საერთო სუფრას. თუმცა მესამე საუკუნისთვის ეს წესი თითქმის ყველგან გაქრა.
აი როგორ აღწერს ევქარისტიას II საუკუნეში მცხოვრები იუსტინე ფილოსოფოსი, რომელიც ქრისტიანი გახდა: „პრესვიტერთან მიაქვთ პური და თასი წყალნარევი ღვინით. იგი იღებს მას და ძისა და სულიწმიდის სახელით მადლს სწირავს და ადიდებს ყოველთა მამას… მადლის შეწირვის შემდეგ… ჩვენთან ე. წ. დიაკვნები თითოეულ იქ მყოფს აწვდიან პურს, რომელზეც წარმოთქმული იქნა მადლის შეწირვა და ღვინოს და წყალს და მიაქვთ მათთან, რომლებიც იქ არ არიან.“ უფლის სერობაში მონაწილეობის ნებას აძლევდნენ მხოლოდ მათ, რომლებიც წყალში იყვნენ მონათლულები; დანარჩენები გარეთ უნდა გასულიყვნენ.
მათ, რომლებიც ახალი მონანიებულები იყვნენ, ეძახდნენ კათაკმევლებს (ბერძნულად – კატეხუმენებს). ისინი თავს აცხადებდნენ ქრისტიანებად, თუმცა ემზადებოდნენ ნათლობისათვის. ხშირად ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა: ორი-სამი წელი, ან უფრო მეტხანს. თავად ნათლობა უფრო ხშირად სრულდებოდა ღამით პასექის დღესასწაულზე ან ორმოცდაათობისას. ნათლობის ჩატარებას მდინარეში ცდილობდნენ. სწორედ პასექი და ორმოცდაათობა იყო საეკლესიო კალენდრის ორი ძირითადი დღესასწაული. შობა, როგორც საეკლესიო დღესასწაული პირველ საუკუნეებში პრაქტიკულად არ აღინიშნებოდა.
საკმაოდ ადრე ქრისტიანობაში აღმოცენდა მოწამეებისა და მოძღვრების გახსენების წესი. ჩვეულებისამებრ წამებიდან წლის გასვლის შემდეგ მოწამის დასაფლავების ადგილზე ტარდებოდა საერთო საეკლესიო კრება, რომელზეც იკითხებოდა მისი წერილები და ე. წ. მოწამეთა აქტები, სადაც აღწერილი იყო მათი გმირული აღსასრული. ამის შემდეგ მსახურები წარმოთქვამდნენ დამოძღვრას, აღავლენდნენ ლოცვებს; ხანდახან აღესრულებოდა ზიარება და აგაპეც – საერთო სერობით.
იმ დროის ქრისტიანები თავისი ქცევით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ქვეყნიერებისგან. ქრისტიანები არა მხოლოდ უარს ამბობდნენ კერპთაყვანისმცემლობაზე, არამედ მაღალზნეობრივ ცხოვრებასაც ეწეოდნენ. თუ მათ შორის ჩნდებოდა ლოთი, ან გარყვნილი, ან, ღმერთმა ნუ ქნას და მკვლელი, მას აძევებნენ მორწმუნეების გარემოდან. განდგომილებს, რომლებმაც დევნის დროს, ვერ გამოიჩინეს სათანადო სიმამაცე და თაყვანი სცეს ან იმპერატორს, ან რომელიმე სხვა ღვთაებას, ასევე რიცხავდნენ ეკლესიიდან, თუმცა მონანიების შემდეგ ბევრი თემი კვლავ იღებდა მათ.
ყველაზე მეტად წარმართებს აკვირვებდა ქრისტიანების ქმედითი სიყვარული. თითოეული ეკლესია არჩენდა საკმაო რაოდენობის ქვრივებს, ობლებს, სნეულებს, რომლებსაც არ გააჩნდათ არსებობის საშუალება. ქრისტიანები ამსუბუქებდნენ პატიმრების ხვედრს და სადაც შესაძლებელი იყო, ხელს უწყობდნენ მათ გათავისუფლებას; უხვ დახმარებას გზავნიდნენ ეპიდემიებისა და სხვა უბედურებების ზონებში; კრებდნენ სახსრებს ტყვეთა გამოსასყიდად და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ქრისტიანთა შორის უღირსი ადამიანებიც იყვნენ, მსახურები, როგორც წესი, ცდილობდნენ თემისათვის ესწავლებინათ იმ პრინციპების დაცვა, რომლებიც განაცხადა იესო ქრისტემ.
ჟურნალი ბილიკი