ორი მეფის ისტორია
ორი მეფის ისტორია
იყო დრო, როცა ისრაელი არ იყო ერთიანი სახელმწიფო. იგი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი: ჩრდილოეთისა (ისრაელი) და სამხრეთისა (იუდეა). თითოეულ მათგანს თავისი მეფე ჰყავდა. იოშაფატი, იუდეის მეფე ძალიან მდიდარი და სახელიანი კაცი. თავად უზენაესი იყო მასთან, რადგან მეფე იცნობდა უზენაესს, უყვარდა იგი, იცავდა მის რჯულს და თავის ქვეშევრდომებსაც ასწავლიდა ღვთის მცნებებს. თუმცა მიწაზე არავინაა ისეთი კაცი, რომელსაც არასოდეს შეუცოდავს და ყველა ცდუნება გადაულახია. ასე დაემართა მეფე იოშაფატსაც. იოშაფატი დაუნათესავდა ისრაელის მეფე ახაბს. მათმა შვილებმა იქორწინეს. რამდენიმე წლის შემდეგ ახაბმა მოაწყო ნადიმი, რომელზედაც მთელი ქვეყანა დაპატიჟა. ნადიმის მთავარი მიზანი მდიდრული სუფრა არ ყოფილა. მათ უნდა მოელაპარაკათ და შეთანხმებულიყვნენ ერთობლივ ბრძოლაზე ერთი ქალაქის გასათავისუფლებლად, რომელიც სირიის ჯარებმა ჩაიგდეს ხელთ. სწორედ ამიტომ მოიპატიჟა ახაბმა ნათესავი და მეზობელი სამეფოს თავი თავისთან და არაფერი დაიშურა მდიდრული სუფრის გასაშლელად.
იოშაფატი არ ყოფილა დაყოფის მომხრე. პირიქით გაერთიანება ახარებდა მის გულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაერთიანება დროებითი გახლდათ – მაინც სასიხარულო იყო! მაგრამ ამ დროს იოშაფატს გულმა რეჩხი უყო: უფალი რას იტყვის? იქნება ეს ომი მისი ნების შესაბამისი? ბრძოლის წარმატება პირველ რიგში ხომ უზენაესზეა დამოკიდებული! იოშაფატის თხოვნით ახაბმა მრავალი თავისი მრჩეველი შეკრიბა, რომელთაც ღმერთის წინასწარმეტყველებად თვლიდა. ამ ქვეყნად მრავალ მრჩეველს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა უზენაესის თვალში…
ყველა მრჩეველი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა მეფეს, თუმცა ღვთის სულმა აღძრა იოშაფატი, რომ ახაბისთვის კიდევ ერთი წინასწარმეტყველის მოძებნა ეთხოვა. წავიდნენ და მოიყვანეს მიქაია, ღმერთის ნამდვილი წინასწარმეტყველი, რომელიც არ შედიოდა მეფის გარემოცვაში, ვინაიდან ყველაზე მეტად უზენაესი უყვარდა! მიქაია არ მოსწონდა მეფეს, რადგან წინასწარმეტყველი მეფეს ყოველთვის სასიამოვნო ამბებს არ ეუბნებოდა. როცა მიქაიამ მოისმინა მეფის კითხვა, გაიმეორა იგივე, რასაც მეფის მრჩეველები ამბობდნენ. ამან ჩააფიქრა ახაბი და თქვა: “რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ თქვი მხოლოდ ის, რასაც უფალი გეუბნება?” მაშინ მიქაიამ დაწვრილებით უამბო მეფესაც და მთელ ხალხსაც, რაც უზენაესმა აჩვენა სულში: ლაშქრობა მარცხით დამთავრდება და ახაბი მოკვდება.
თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ესმინა წინასწარმეტყველის სიტყვა, ახაბმა წესისამებრ ბრძანა მიქაიას დაპატიმრება, სანამ სახლში გამარჯვებით არ მობრუნდებოდა. ახაბმა გადაწყვიტა ხერხი ეხმარა, რათა თავიდან აერიდებინა მიქაიას წინასწარმეტყველება და ისიც ცრუწინასწარმეტყველად გამოეყვანა. სირიელებთან ბრძოლის წინ ახაბმა სთხოვა იოშაფატს, რომ ის დარჩენილიყო სამეფო სამოსელში, თავად კი ჩვეულებრივი მეომრის საჭურველი ჩაიცვა და რიგითებში გაერია.
მაგრამ ღმერთს როგორ მოატყუებ?! ის ყველაფერს აკონტროლებს მთელ სამყაროში და არაფერი გამოეპარება თვალიდან. ის აკონტროლებდა იმ ბრძოლასაც, რომელიც გააჩაღეს ებრაელებმა სირიელებისგან ადრე ხელში ჩაგდებული ქალაქისთვის. ახაბმა თავი ვერ აარიდა შემთხვევით, როგორც შეიძლება ვიფიქროთ, ისარს, რომელმაც ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა იგი სასიკვდილოდ. ასე დაიღუპა ისრაელის მეფე ღმერთის წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც გაუხსნა მან თავის ერთგულ წინასწარმეტყველს. ღვთისთვის არმოსაწონი ცხოვრება დაუსჯელი არ დარჩა. ღვთისმოშიში იოშაფატის დაღუპვა კი ღმერთმა არ დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასიკვდილო საფრთხეში აღმოჩნდა. როცა იგი სახლში დაბრუნდა წინასწარმეტყველმა იეჰუმ ამხილა იგი იმ დახმარებისთვის, რომელიც მან აღმოუჩინა უკეთურ ახაბს. ეს ისტორია ჩაწერილია 2 ნეშტთა წიგნის 18-ე თავში.
ჟურნალი „ბილიკი“