მზვერავები

მზვერავები

“არა ჩვენ არ წავალთ იქ! – ყვიროდა ხალხი. ბანაკში კვლავ ატყდა დრტვინვა. – უკეთესი იქნებოდა, თუ ეგვიპტეში დავიხოცებოდით! რატომ მივყევართ უფალს ამ ქვეყანაში? იმისათვის, რომ მოვკვდეთ იმ ხალხთან ბრძოლაში, და ჩვენი ცოლები და შვილები მტრებს დარჩეთ? განა არ იქნება უკეთესი ეგვიპტეში რომ დავბრუნდეთ?”

უკვე წელზე მეტია, რაც ისრაელიანები გზას ადგანან. ღმერთმა გამოიყვანა ისინი მონობის სახლიდან. გამოსვლის დროს მან მათ წინაშე წყალი გააპო და ხალხმა მშრალად გადალახა წითელი ზღვა. ღმერთს მიჰყავდა ისინი უდაბნოში და იცავდა მათ. აძლევდა პურს ზეციდან და წყალს კლდიდან. სინას მთაზე მან ათი მცნება მისცა მათ და აღუთქვა, რომ იზრუნებდა მათზე და მიიყვანდა იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინებოდა რძე და თაფლი. და აი, ისინი ახლა ამ ქვეყნის მიჯნასთან დგანან და  უკან სურთ დაბრუნება!? სურთ, რომ კვლავ გადალახონ უდაბნო? დაბრუნდნენ უკან, ეგვიპტეში, სადაც კვლავ მონობა ემუქრებათ? ვნაძხოთ, რას მოჰყვა ეს.

მოსემ აირჩია თორმეტი გამოცდილი მეომარი, თითო კაცი, თითო ტომიდან და უთხრა მათ: “წადით იმ ქვეყანაში და დაათვალიერეთ ის მიწა: ბარაქიანია თუ არა. ნახეთ როგორი ხალხი ცხოვრობს იქ: ძლიერი თუ სუსტი. როგორი ქალაქებია: დიდი თუ პატარა, გამაგრებული თუ დაუცველი. და როგორი ხეები, მცენარეები და ნაყოფებია იქ. იყავით მამაცები და მოიტანეთ აქ იქაური მიწის ნაყოფები.”

მეომრები გზას გაუდგნენ. დავალება ძნელი და სახიფათო გახლდათ. თუმცა მათ ყველაფერი მოიხილეს და დარწმუნდნენ, რომ ის ქვეყანა მართლაც მშვენიერი და ნაყოფიერი იყო. იქ იზრდებოდა ბროწეულის ხეები, ლეღვი და ყურძენი. მათ ერთი ვაზი მოჭრეს, თან წასაღებად, თუმცა ის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ორ კაცს მოუწია მისი ტარება. როცა ყველაფერი დაზვერეს, რასაც ორმოცი დღე დასჭირდა, მეომრები დაბრუნდნენ ისრაელიანთა ბანაკში და თქვეს: “მიწა მართლაც არაჩვეულებრივია, მართლაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. ნახეთ როგორი ხილი იზრდება იქ!”

კაცებმა სიამაყით აჩვენეს გაოცებულ ხალხს მოტანილი ნაყოფები. “თუმცა არის ერთი პრობლემა, – განაგრძეს მათ, – ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს ძლიერია და მათი ქალაქებიც დიდი და კარგად გამაგრებული. გოლიათები ცხოვრობენ იქ – მათ გვერდით ჩვენ კოღოებივით ვჩანდით. იქ შეუძლებელია ცხოვრება, მიწა ჭამს მათზე მცხოვრებთ.”

აი ასე ყვებოდნენ ისინი იმ ქვეყანაზე, რომელიც ღმერთს უნდოდა რომ მიეცა მათთვის. მათი განწყობა მძიმე იყო, პირქუში. ნახეს იქ ახოვანი, ძლიერი ადამიანები და გაუჩნდათ ეჭვი, რომ ღმერთი დაეხმარებოდა აღთქმული ქვეყნის დამკვიდრებაში.

თუმცა ყველა არ ფიქრობდა ასე. მზვერავთა შორის იყვნენ ორნი, მამაცი მეომრები, იესო ნავეს ძე და ქალები, რომლებმაც თქვეს: “ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენ შევძლებთ იმ მიწის დამკვიდრებას. საკმარისად ძლიერები ვართ. მიწა კარგი და ბარაქიანია. უფალმა ჩვენ აღგვითქვა იგი, ამიტომაც შეგვიყვანს იქ და მოგვცემს იმ მიწას. ნუ აღდგებით ღმერთის წინააღმდეგ და ნუ შეუშინდებით იქ მცხოვრებ კაცებს. ღმერთი ჩვენს მხარესაა.” ასე გაბედულად ლაპარაკობდნენ იესო ნავეს ძე და ქალები. მათი თვალები ბრწყინავდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეს ხედავდნენ, სწამდათ, რომ ღმერთი დაიცავდა თავის აღთქმას და დაეხმარებოდა მათ იმ ძლიერი მეომრების ძლევაში.

მაგრამ ისრაელიანებმა – მოსეს და აარონის გამოკლებით – არ დაუჯერეს მათ. მათი ჩაქოლვაც კი უნდოდათ. მაგრამ ღმერთის დიდება გამოჩნდა და უფლება არ მისცა უგუნურთ გასწორებოდნენ იესოსა და ქალებს. სასჯელად, ღმერთმა უფლება არ მისცა მათ შესულიყვნენ აღთქმულ ქვეყანაში, არამედ აიძულა ორმოცი წლის განმავლობაში ეხეტიალათ უდაბნოში, სანამ არ დაიხოცნენ ისინი, რომლებიც ეგვიპტიდან გამოვიდნენ. მხოლოდ მათი შვილები, რომლებიც უდაბნოში გაიზარდნენ და რომლებსაც უკვე თავისი შვილებიც ჰყავდათ, შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. ასაკიანთაგან კი მხოლოდ იესო ნავეს ძესა და ქალებს მისცა უფლება ღმერთმა შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე.  ღმერთმა დააჯილდოვა ისინი, ვინაიდან ისინი ენდობოდნენ მას. საკუთარი თვალით მათაც ის ნახეს, რაც დანარჩენებმა, მაგრამ მათგან განსხვავებით ისინი ენდობოდნენ ღმერთს, რომელმაც აღუთქვა ეს მიწა ისრაელიანებს. ამიტომაც მხოლოდ მათ მიიღეს უფლება გადაელახათ იორდანე.

ამბავი ამ მოვლენაზე შეგიძლია წაიკითხო ბიბლიაში, რიცხვთა წიგნის 13 და 14 თავებში.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.