რიტუალები და ხატები
რიტუალები და ხატები
როცა ჩემი უმცროსი ძმა გიგა სამი წლის იყო, მან გადაწყვიტა მშობლების ნებართვის გარეშე აეღო კანფეტი ბუფეტიდან. მანამდე კი მთხოვა, რომ ბუფეტზე მდგარი ხატი კედლისკენ მიმებრუნება: „რომ ღმერთს არ დაენახა, რასაც აკეთებდა.“
უჭკუო პატარა! ღმერთი ხატში ხომ არ არის!
იმისათვის, რომ ნაკლებგანათლებული და უცოდინარი ხალხისთვის, რომელიც მასიურად ინათლებოდა, შეემსუბუქებინა თაყვანისცემა, შუასაუკუნეების ქრისტიანობა იძულებული იყო შეემუშავებინა რიტუალების, წესებისა და წმიდა საგნების სისტემა. მაგალითად, იმისათვის, რომ ხშირად შეეხსენებინათ ადამიანებისთვის ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ ხსნას, ეპისკოპოსებმა დაიწყეს პირჯვრის გადაწერა. ანუ ჰაერში ჯვრის გამოსახვა, რომელზეც გაკრული იყო ქრისტე. იმისათვის, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები გასცნობოდნენ სახარებისეულ მოვლენებს, დაიწყეს მათი გამოხატვა სურათებზე, ხანდახან კი ფრესკების სახით პირდაპირ ტაძრის კედლებზე. და ადამიანებმა, რომლებმაც ფორმალურად მიიღეს ნათლობა, შინაგანად კი არ იყვნენ შეცვლილნი, ყველა ქრისტიანულ მოქმედებასა და საგანს ისეთივე მნიშვნელობა მიანიჭეს, როგორიც უწინდელ წარმართულ ცრურწმენებს, ანუ დიდებისა და თაყვანისცემის მიგება დაიწყეს არა ღმერთისადმი, არამედ თავად საგნებისა და რიტუალებისადმი.
განსაკუთრებით გაძლიერდა წმიდა ნაწილების, წმიდანების საფლავებისა და სხვა საგნების თაყვანისცემა. დასავლეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქალწულ მარიამის თაყვანისცემა. უბრალო ადამიანებს სურდათ არა მხოლოდ კაცი ღვთაების, არამედ ქალი ღვთაების ყოლაც, ამიტომაც უკვე V საუკუნეში მას ღვთისმშობელი (დედა, რომელმაც ღმერთი შობა) უწოდეს. ამის წინააღმდეგ მრავალი ეპისკოპოსი გამოვიდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ უფრო სწორია ვუწოდოთ მას ქრისტეს მშობელი, ვინაიდან ქრისტე დედამიწაზე თავის შობამდეც ღმერთი იყო. თუმცა ხალხურმა აზრმა გაიმარჯვა, და აკაფისტში (სადიდებელი) მარიამის საპატივსაცემოდ გამოჩნდა ასეთი სიტყვები: „ვეთაყვანებით შენს წმიდა სახეს, გიძღვნით სადიდებელს, შენთან მოგვაქვს ჩვენი გასაჭირი, ტკივილი და ცრემლები. შენ თავმდაბალი ხარ, მეოხო ჩვენო.“ ცხადია ყველა არ ეთანხმებოდა ამგვარ სიახლეებს.
ამავე დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ემიჯნებოდნენ ოფიციალურ ეკლესიას, რადგან არ ეთანხმებოდნენ იმ ცვლილებებს, რაც იქ ხდებოდა. მაგალითად VII საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში გაჩნდა პავლიკიანელების მოძრაობა, რომლებიც უარყოფდნენ გამოსახულებებს, მარიამის თაყვანისცემას, სამღვდელო ხარისხებს და რიტუალებს. ხატთაყვანისმცემლების საბოლოო გამარჯვების შემდეგ, რაც იმპერატორ თეოდორას დროს, 843 წ. მოხდა, მან გასცა პავლიკიანელების განადგურების ბრძანება. მცირე აზიაში დაიწყო მანამდე არნახული მასშტაბის მასიური დასჯები: არა ნაკლებ 100 ათასი ადამიანი იქნა დასჯილი IX საუკუნის 40-იან წლებში. პავლიკიანელები წინააღმდეგობას სწევდნენ მაგრამ მაინც დამარცხდნენ.
ამგვარად დაიწყო არსებობა ორი ფორმის ქრისტიანობამ: მასიურმა, ხალხურმა, რომელიც ბევრი არაფრით განსხვავდებოდა წარმართობისგან და ცალკეულმა, წერილის მცოდნე, ქრისტეს მცნებების დამცველი ადამიანების ქრისტიანობამ, რომელთა შორისაც ბევრს შეეძლო სწორედ გადმოეცა ამ სწავლების არსი.
ჟურნალი „ბილიკი“