სლავების განმანათლებლები
სლავების განმანათლებლები
ცუდია, როცა არ გესმის უცხო ენა. გერმანიაში ყოფნისას, როდესაც ჩვენი ჯგუფი, რომელიღაც მუზეუმის სიახლოვეს გაჩერდა, დიდხანს ვცდილობდი გამეგო, როდის იწყებდა ის მუშაობას და რისი ნახვა იყო იქ შესაძლებელი. თუმცა სანამ არ მოვიდა გიდი და რუსულ ენაზე არ ამიხსნა ყველაფერი, ასევე დავრჩებოდი გაუგებრობაში.
VIII _ IX საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპაში ჩამოყალიბება დაიწყო სლავიანურმა სახელმწიფოებმა. გამოჩნდნენ მთავრები, რომლებიც მართავდნენ ხალხს, პროფესიონალური ჯარი, სალაპარაკო ენა, თუმცა სლავებს დამწერლობა ჯერაც არ ჰქონდათ. დასავლელი სლავები, (თანამედროვე პოლონელები, ჩეხები, სლოვაკები და სხვები) იმ დროს გაერთიანებულები იყვნენ მორავიის დიდ სახელმწიფოში. სამხრეთ სლავებში კი (ბულგარელებში, სერბებში, მაკედონელებსა და სხვებში) ჩამოყალიბდა ბულგარეთის, შემდეგ კი სერბეთის სამეფოები, აღმოსავლეთში კი ყალიბდებოდა ძველირუსული სახელმწიფო. სლავური ტომები სხვადასხვა ღმერთებს ეთაყვანებოდნენ, იყვნენ წარმართები, თუმცა ზოგიერთ ოჯახებს უკვე ქრისტიანობა ჰქონდათ მიღებული.
IX საუკუნეში ქალაქ თესალონიკეში (სალონიკი), წარჩინებულ ოჯახში დაიბადა ორი ვაჟი _ კირილე (მაშინ მას კონსტანტინე ერქვა) და მეთოდე. ქალაქსა და მის შემოგარენში ბევრი სლავი ცხოვრობდა, რომლებიც სლავიანურ სოლუნურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ და ძმებმაც ბავშვობიდანვე არა მხოლოდ ბერძნული, არამედ ეს სლავიანური ენაც ისწავლეს. მათ შესანიშნავი განათლება მიიღეს და ბრწყინვალე კარიერაც მოიწყვეს. თუმცა ათი წლის შემდეგ უფროსმა ძმამ, მეთოდემ, უარი თქვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე. მასვე მიბაძა უმცროსმაც. ისინი ბერები გახდნენ და გულმოდგინედ ემზადებოდნენ სამისიონერო მსახურებისათვის. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილმა დაიწყო ძებნა თუ ვინ გაეგზავნა საღვთისმეტყველო დისპუტზე ხაზარებთან, რათა მათთვის ქრისტიანობის უპირატესობა ეჩვენებინა, მისი არჩევანი სწორედ კირილეზე და მეთოდეზე შეჩერდა.
ხაზარები ცხოვრობდნენ მდ. ვოლგის ქვემო წელზე, კასპიის ზღვის სანაპიროზე და ძმებმა მათკენ შავი ზღვის გავლით გასცურეს. მათ დიდხანს შეისვენეს ბერძნულ ციხე-სიმაგრე ხერსონესში, ყირიმის უკიდურესი სამხრეთით (დღეს ქ. სევასტოპოლი).
ამ ქალაქში, მათ დაიწყეს სლავიანური ანბანის (გლაგოლიცას) შედგენა, რადგან ძალიან სურდათ ეხარებინათ ქრისტე სლავი ხალხებისათვის. ხაზარებთან ჩასვლა წარმატებული გამოდგა, ბევრი ამ სახანოში მოინათლა და გახდა ქრისტიანი.
სახლში დაბრუნებულმა ძმებმა სამისიონერო მოგზაურობა ჩაატარეს ბულგარეთში და ამავე დროს გააგრძელეს მუშაობა სლავიანური დამწერლობის შექმნაზე. ისინი პარალელურად მუშაობდნენ წმ. წერილის წიგნების სათარგმნელად საეკლესიო სლავიანურ ენაზე. აი ის პირველი სიტყვები, რომლებიც ითარგმნა და დაიწერა ამ ენაზე: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოან. 1:1).
როდესაც 862 წელს ბიზანტიის იმპერატორთან ჩამოვიდნენ მორავიის თავადის როსტისლავის ელჩები თხოვნით, გაეგზავნათ მათთან მასწავლებელი-მისიონერები, იმპერატორმა, ცხადია, კვლავაც თესალონიკელი ძმები აირჩია. მორავიაში ძმებმა განაგრძეს წმ. წერილის წიგნების თარგმნა. ასწავლიდნენ სლავებს კითხვასა და წერას, თუმცა რომაელი ეპისკოპოსები ეწინააღმდეგებოდნენ ღვთისმსახურების ჩატარებას საეკლესიო სლავიანურ ენაზე, და რამდენიმე წლის შემდეგ კირილესა და მეთოდეს რომში ჩასვლაც კი მოუწიათ იმ უფლების დასაცავად, რომ ღვთისმსახურებები ამ ენაზე ჩაეტარებინათ.
რომში კირილე დასნეულდა და 869 წ. გარდაიცვალა, მეთოდე კი დაბრუნდა მორავიაში, ველეგრადში და მიუხედავად მრავალი გერმანელი ეპისკოპოსის წინააღმდეგობისა, კიდევ 15 წლის მანძილზე განაგრძობდა ღვთისმახურების ჩატარებას ხალხისათვის გასაგებ საეკლესიო სლავიანურ ენაზე.
მეთოდეს გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეები _ გორაზდა, კლიმენტი და სხვები გააძევეს მორავიიდან. თუმცა ბულგარეთის მთავარმა ბორისმა მიიღო ისინი და გაგზავნა თავისი სამეფოს დასავლეთ ნაწილში, ოხრიდში. ასე გახდა ოხრიდი სლავიანური სულიერი განათლებისა ცენტრი. აქედან ბიბლიის სრულმა ტექსტმა უფრო სრულყოფილი ანბანით (კირილიცა) დაიწყო გავრცელება სლავიანურ ხალხებში. სახარება აღწევდა უბრალო ადამიანთა გულებამდე.
კირილემ და მეთოდემ არა მხოლოდ საფუძველი ჩაუყარეს სლავიანურ დამწერლობას, არამედ ქრისტიანობის სულიერი საფუძვლებიც შეიტანეს სლავიანურ მიწებზე. ამიტომაც ყოველ წელს, 24 მაისს, აღმოსავლეთ ევროპაში ერთდროულად აღნიშავენ ორ დღესასწაულს _ სლავიანური დამწერლობის დღეს და კირილეს და მეთოდეს ხსოვნის დღეს.