რუსეთის მონათვლა
რუსეთის მონათვლა
X საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ სლავებს, სწამდათ, რომ ღმერთი _ ბუნებაა, რომ თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ: ჭექა-ქუხილი, წვიმა, მზე, მთვარე და ყოველივე დანარჩენი _ ღმერთები არიან, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ და რომლებიც მოითხოვენ გამოსასყიდსა და თაყვანისცემას.
ჩვენ ამას წარმართობას ვუწოდებთ, თუმცა დღესაც გვხვდებიან ადამიანები, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, მაგრამ სწამს, რომ რაღაც საგნებს ან მოვლენებს შეუძლიათ მისი დახმარება ან დაზიანება. ამასწინათ სტუმრად ვიყავი ერთ პატივცემულ ადამიანთან, რომლის კარებზეც ნალი ვნახე. ვკითხე: „ნუთუ, შენ, სწავლულ ადამიანს, გწამს, რომ ნალი გიცავს?“ _ „არა, არ მწამს _ მიპასუხა მან, _ თუმცა ამბობენ, რომ ნალი მათაც იცავს, ვისაც არ სწამს.“
სხვა სიტყვებით, გონებით მას არ სწამს ნიშნებისა, მაგრამ გულით სწამს, რადგან ადამიანს რაღაც უნდა სწამდეს. რწმენის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ცხოვრება. ამიტომაც, თუ ადამიანები არ იცნობენ ცოცხალ ღმერთს, მათ სწამთ ნიშნები, სავსენი არიან სხვადასხვა სახის ცრურწმენებით, რაც არსებითად, არის კიდეც წარმართობა, რასაც აღიარებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები X საუკუნეში.
IX საუკუნეში ძველი რუსეთი, ცალკეული თემებიდან თანდათან ყალიბდებოდა ორგანიზებულ სახელმწიფოდ, რომლის დედაქალაქიც კიევი იყო. თავადებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წარმართები იყვნენ, მაინც ესმოდათ თავიანთი რწმენა-წარმოდგენების პრიმიტიულობა. თავადის ასული ოლგა, რომელიც სათავეში ჩაუდგა სახელმწიფოს ქმრის, იგორის, გარდაცვალების შემდეგ, გახდა რუსეთის პირველი მმართველი, რომელიც ჩამოშორდა წარმართობას. 955 წელს ოლგა დიდი ზარ-ზეიმით მოინათლა კონსტანტინეპოლში, თუმცა თავის ახლობლებს ამის გაკეთებას არ აიძულებდა. მის ვაჟს, თავად სვიატოსლავს არ მიუღია ქრისტიანობა. გარდატეხა მოხდა, ოლგას შვილიშვილის ვლადიმირის მმართველობის დროს.
მთავარი ვლადიმირი იყო ძლიერი, თუმცა სასტიკი მმართველი. მან ვერაგულად მოკლა უფროსი ძმა იაროპოლკი, რომელიც მმართავდა კიევს, დაეუფლა ტახტს და 980 წელს გახდა ძველი რუსეთის ერთპიროვნული მმართველი. თუმცა თავისი სულის დაკმაყოფილება ვერ შეძლო ვერც თავაშვებული ნადიმებით, ვერც წარმატებული სამხედრო ლაშქრობებით და ვერც თავისი ღმერთის პერუნისადმი შეწირული მსხვერპლებით.
ვლადიმირს ესმოდა, რომ მასაც და მის სახელმწიფოსაც სჭირდებოდა ნამდვილი ღმერთი და სწორი რელიგია, ამიტომაც მთავარმა, როგორც გადმოცემა ამბობს, გამართა დისპუტი, რომელზეც მოიწვია იუდეველი, მუსულმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი. თითოეული ყვებოდა თავისი შეხედულებების შესახებ, ანუ იცავდა თავის რწმენას.
შემდეგ დაბრუნდნენ ელჩები, რომლებიც თავადმა გაგზავნა იმის სანახავად, თუ როგორ ტარდებოდა ღვთისმსახურებები სხვადასხვა რელიგიებში. ელჩებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზანტიურმა ღვთისმსახურებამ წმიდა სოფიას ტაძარში, კონსტანტინეპოლში: „არსად არ არის დედამიწაზე ასეთი სანახაობა და ასეთი სილამაზე! და არც ვიცით, როგორ მოვყვეთ ამის შესახებ, მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ იმყოფება ღმერთი ადამიანებთან.“
შეეძლოთ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ განათლებულნი ჭეშმარიტებით, გაეგოთ, როგორ გამოიყურება ჭეშმარიტი ღვთისმსახურება? ცხადია, არა. თუმცა გულით მათ იგრძნეს, რომ ქრისტიანობა ყველაზე ზუსტად აირეკლავდა ღმერთის მყოფობას. ვლადიმირი, რომელსაც ცხადია ახსოვდა საყვარელი ბებიის, ოლგას ლოცვები და დარიგებები, მიიდრიკა ქრისტიანობისაკენ. თუმცა მონათვლას არ ჩქარობდა.
დაიპყრო რა ბერძნული კოლონია ხერსონესი ყირიმის სამხრეთში, ვლადიმირმა მოითხოვა, რომ მისთვის ცოლად მიეცათ პრინცესა ანა კონსტანტინეპოლიდან. ვინაიდან ის ქრისტიანი იყო, მანაც გადაწყვიტა მონათლულიყო. მალევე ახალგაზრდა მეფის ასული ჩამოვიდა ხერსონესში, მასთან ერთად _ მღვდლებიც, რომლებმაც მონათლეს ვლადიმირი და მისი რაზმის უმეტესი ნაწილი.
კიევში დაბრუნებულმა ვლადიმირმა გასცა ბრძანება, რომ მეორე დღეს მთელი ხალხი გამოსულიყო მდინარესთან მოსანათლად. „ვინც არ მოვა მდინარესთან _ ჩემი მტერი იქნება,“ _ აცხადებდნენ მაცნეები მრისხანე თავადის სახელით. ამგვარად 980 წელს ძველი რუსული სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა მოინათლა.
გახდა თუ არა მონათლული რუსეთი მაშინვე ქრისტიანული? რა თქმა უნდა, არა. თუმცა სახარების ქადაგება თავისუფალი გახდა და ღვთის სიტყვა მრავალ გაქვავებულ გულს ცვლიდა.