„მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ…“
„მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ…“
„მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი…“
(1 წერილი კორინთელთა მიმართ 15:10)
პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მადლი – არ არის ღმერთის ახალაღთქმისეული გამოგონება. ის სამყაროს შექმნიდანვე არსებობდა. მადლი, რომელიც ღმერთის დაუმსახურებელი წყალობაა მთელ ბიბლიაში ჩანს. და თუმცა ძველი აღთქმა ძირითადად რჯულზე აკეთებს აქცენტს, მადლის იდეას შეგვიძლია თვალი გავადევოთ პირველი ადამიანიდან იესო ქრისტეს სიკვდილამდე გოლგოთის ჯვარზე. მსოფლიოს მთელი ისტორია წარმოგვიჩენს ღმერთის ამ კეთილისმყოფელ გეგმას ცოდვილი ადამიანების გადასარჩენად. აი რამდენიმე მაგალითი ღმერთის დაუმსახურებელი წყალობის ძველაღთქმისეული გამოვლინებისა ადამიანისადმი.
მართალი ნოე – ადამიანი, რომელიც კიდობანში შევიდა თავის ოჯახთან ერთად გადაურჩა მსოფლიო წარღვნას. ადარებს რა ნოეს იმ დროის სხვა ადამიანებს, ღმერთი მას ახასიათებს, როგორც მართალ კაცს, თუმცა ის არ ყოფილა იდეალური და უცოდველი და ასევე საჭიროებდა უზენაესის მადლს.
აბრაამმა და სარამ აღთქმა მიიღეს ღმერთისგან, რომ გახდებოდნენ ღვთის ხალხის წინაპრები. და მიუხედავად მათი ურწმუნოებისა, სულმოკლეობისა და ურჩობისა, ღმერთი ერთგული დარჩა თავისი პირობისა და ამაში გამომჟღავნდა მისი მადლი.
მოსე, რახაბი, მეფე დავითი და მრავალი სხვა ბიბლიური პერსონაჟი ყოველთვის არ ამჟღავნებდნენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს. მაგრამ ღმერთის მადლმა აქცია ისინი რწმენის გმირებად. მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გვგონია თავი, არამედ ის, თუ როგორებს გვხედავს უზენაესი თავისი მადლით.
