მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 3
მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 3
ქრისტე თუ სიცოცხლე
ვფიქრობ, ყველას სიამოვნებს, როდესაც მას მეგობრული ღიმილითა და სიყვარულით ხვდებიან. მაგრამ რომის იმპერია ასე არ შეხვედრია ქრისტიანობას. თავიდან, როცა იესოს მოწაფეები ჯერაც სინაგოგებში შედიოდნენ, მათ იუდეველი მთავრები სდევნიდნენ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ქრისტიანებმა ცალკე დაიწყეს შეკრება, მათ დევნა უკვე რომის ხელისუფლებამ დაუწყო. ქრისტიანები ყოველთვის ხელისუფლებისადმი მორჩილებასა და წმიდა ცხოვრებას ქადაგებდნენ. ისინი ცდილობდნენ დახმარებოდნენ ერთმანეთსა და მეზობლებს, ცხოვრობდნენ წყნარად, გამოირჩეოდნენ თავმდაბლობით, მაგრამ მათ გამუდმებით ადანაშაულებდნენ ყველა უბედურებაში, რაც ხდებოდა იქ, სადაც ისინი ჩნდებოდნენ. იქნებოდა ეს მიწისძვრა თუ შიმშილი – ყველაფერში თითქოსდა ქრისტიანები იყვნენ დამნაშავენი. რატომ?
მთავარი მიზეზი იმაში იყო, რომ ქრისტიანები უარს ამბობდნენ თაყვანი ეცათ ძველი ადგილობრივი კერპი-ღმერთებისათვის. ირგვლივ მცხოვრები ადამიანების წარმოდგენით მათ არა მხოლოდ შეცვალეს, არამედ უღალატეს კიდეც მამა-პაპის რწმენას. რომაელები შემწყნარედ ეკიდებოდნენ დამორჩილებული ხალხების რწმენა-წარმოდგენებს. და თუ ქრისტიანებიც, ქრისტეს თაყვანისცემასთან ერთად, შეინარჩუნებდნენ თავის კერპებს და აღასრულებდნენ ჩვეულებრივ მსხვერპლშეწირვებსა და ადათებს, არავინ არ დაუწყებდა მათ დევნას. მაგრამ იესოს რწმენა შეუთავსებელია ცრურწმენებთან და კერპთაყვანისმცემლობასთან. პირველ ქრისტიანებს ეს ძალიან კარგად ესმოდათ, ამიტომაც ამბობდნენ უარს თაყვანი ეცათ კერპებისთვის, რისთვისაც მათ განდგომილებად თვლიდნენ და ადანაშაულებდნენ წარმართული ღმერთების განრისხებაში.
64 წლის 19 ივლისის ღამეს დაიწვა ქალაქ რომის დიდი ნაწილი. მოქალაქეები დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ხანძრის გამჩაღებელი გახლდათ იმპერატორი ნერონი. ყველამ იცოდა, რომ ის იყო სასტიკი და უსინდისო მკვლელი. იმისათვის, რომ ადგილი გაეთავისუფლებინა თავისი ახალი მშენებლობებისთვის, ადვილად შეეძლო ასეთი ბარბაროსობა ჩაედინა. იმისათვის, რომ ჩაეხშო მითქმა-მოთქმა, ნერონმა გადაწყვიტა ეპოვა ვინმე, ვისაც დააბრალებდა ამ ხანძრის გაჩაღებას. ქრისტიანები ყველაზე წყნარი და დაუცველი მოქალაქეები იყვნენ რომში, მიუხედავად ამისა ნერონმა ბრძანა მათი მოძებნა და სასტიკად დასჯა, თითქოსდა მათ დაწვეს რომი. ისტორიკოსი ტაციტუსი, რომელმაც თავისი თვალით ნახა ეს საშინელება, ყვება: „ბევრნი, რომელთაც ცხოველების ტყავი ჩააცვეს, იღუპებოდნენ ძაღლებისგან დაგლეჯილნი, სხვები ჯვარცმულნი კვდებოდნენ და ბევრსაც, წვავდნენ.“ ასე შეხვდა რომი ქრისტიანობას.
გადმოცემა ამბობს, რომ ნერონის დროს, მოწამეობრივად აღესრულნენ მოციქულები პეტრე და პავლე. ქრისტიანული ეკლესიების წინამძღოლობა, ეს ეკლესიები კი მთელი იმპერიის ფარგლებში, ესპანეთიდან სომხეთამდე არსებობდა, გადაიბარეს მოციქულთა მოწაფეებმა. ისინი ამხნევებდნენ ქრისტიანებს, განამტკიცებდნენ მათ და თავად აჩვენებდნენ სიმტკიცის მაგალითებს.
II საუკუნის ნახევარში, ქალაქ სმირნის (თანამედროვე იზმირი) ეპისკოპოსი იყო მოციქულ იოანეს მოწაფე, სახელად პოლიკარპე. იგი ღრმად მოხუცებული გახლდათ, როცა დააპატიმრეს და მიიყვანეს სამსჯავროზე, მოქალაქეების ბრბოს წინაშე, რომელიც გაჰყვიროდა: „სიკვდილი პოლიკარპეს, სიკვდილი უღმერთოებს!“ ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან ქრისტიანები უარს ამბობდნენ თაყვანი ეცათ კერპებისთვის, ესე იგი ათეისტები-უღმერთოები იყვნენ. მსაჯულმა შესთავაზა პოლიკარპეს: „დაგმე ქრისტე, და გაგიშვებ.“ მოხუცმა წყნარად მიუგო: „86 წელია ვემსახურები მას და არანაირი წყენა არ მახსოვს; როგორ უნდა დავგმო ჩემი მეფე, რომელმაც მიხსნა?“ ამის მოსმენის შემდეგ მსაჯულმა ბრძანა: „პოლიკარპემ აღიარა რომ ქრისტიანია!“ ამის გაგონებაზე ბრბო მძვინვარედ აყვირდა: „პოლიკარპე უკეთურების მასწავლებელია – ის უარყოფს ჩვენს ღმერთებს.“
პოლიკარპეს დაწვა მიუსაჯეს და მოედანზე მყოფნი დაუყოვნებლივ შეუდგნენ კოცონის გამზადებას. მხცოვანმა ეპისკოპოსმა თავად გაიხადა სამოსი, და როდესაც უნდოდათ მისი ბოძზე მიბმა, ითხოვა: „დამტოვეთ ასე. ის, ვინც მაძლევს ძალას მოვითმინო ცეცხლი, იმის ძალასაც მომცემს გაუნძრევლად დავრჩე კოცონზე.“ შემდეგ ილოცა. როცა აანთეს კოცონი, ქარმა დაუბერა, ცეცხლმა წარმოქმნა რკალი, და მოწამეს სხეულს არ შეხებია. ამიტომ მსაჯულმა მისი მახვილით მოკვლა ბრძანა. პოლიკარპეს მსგავსად იქცეოდა მრავალი ქრისტიანი იმ დროში: ისინი კერპთაყვანისმცემლობას სიკვდილს არჩევდნენ. ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ მათი სიმამაცისგან. მათ გულში ქრისტე ცხოვრობდა, ამიტომაც იცოდნენ რომ ის არ დატოვებდა მათ გადამწყვეტ მომენტში. და ნეტარება, რომელიც მათ შეიძინეს აღემატება ყოველგვარ მიწიურ სიკეთეებს.
დევნის გამო რომის ქრისტიანები სალოცავად იდუმალ იკრიბებოდნენ მიწისქვეშა გალერეიებში, ე.წ. კატაკომბებში, რომლებიც დასაფლავების ადგილად გამოიყენებოდა ქალაქის ფარგლების გარეთ. სიკვდილს ისინი არ აღიქვამდნენ ტრაგიკულად, არ ფიქრობდნენ, რომ ეს არყოფნაში გადასვლა იყო. მათთვის სიკვდილი ღმერთთან, მამის სახლში დაბრუნება და ქრისტესთან, თავიანთ მოძღვართან სასიხარულო შეხვედრა იყო. პირქუშ კედლებს ხატავდნენ ორნამენტებითა და სიმბოლური სურათებით. ასე მაგალითად, ყვავილები და ნისკარტში რტოს მქონე ჩიტები განასახიერებდნენ სამოთხეს და იმ სულებს, რომლებმაც შეიძინეს ხსნა და საუკუნო სიცოცხლის ნეტარება, თევზი – ქრისტეს, გემი – ეკლესიას, ღუზა – იმედს. მოგვიანებით გამოჩნდა ძველი და ახალი აღთქმების სიუჟეტური ნახატები.
ჟურნალი ბილიკი