მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 8
მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 8
შესაძლებელია გავექცეთ ქვეყნიერებას?
გრიშა ცნობილი ჩხუბისთავი და შფოთისთავი გახლდათ. დედა, სამსახურიდან რომ მობრუნდებოდა ხოლმე, ეკითხებოდა: „დღეს ვის ეჩხუბე ბიჭო?“ მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე შეჩვეული იყო მსგავს კითხვებს, მაინც წითლდებოდა და იწყებდა იმის მოყოლას, რომ მეექვსე კლასელმა საშამ ფეხი დაუდო და კინაღამ წააქცია. . .
მას რცხვენოდა; უკვე მერამდენედ დადო პირობა, რომ არ უპასუხებდა მსგავს გამოწვევებს, მაგრამ ეს სიტყვა მხოლოდ ერთი კვირა ყოფნიდა. მას გაგებული ჰქონდა, რომ მისი ოჯახი ამერიკაში გადასვლას აპირებდა და გულში ფიქრობოდა, რომ, როცა ჩავიდოდნენ იქ, იგი ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.
მალე მისი ოცნება ახდა. ისინი ქალაქ საკრამენტოში გადავიდნენ, და სამი თვის შემდეგ გრიშა ახალ სკოლაში წავიდა. ორი კვირა წყნარად იყო, შემდეგ ერთ-ერთ შესვენებაზე კვლავ დაიწყო… ვფიქრობ, ხვდებით უკვე რაც დაიწყო. საკუთარ თავს ვერ გაექცევი. შეიძლება შეიცვალო სკოლა, მეგობრები, მაგრამ თუ შინაგანად არ შეიცვალე, არანაირი პირობის დადება არ გიშველის.
IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა რომის იმპერიაში, და გამოჩნდნენ ისეთი ქრისტიანები, რომელთათვისაც ქრისტიანული რწმენა ცხოვრების წესი კი არ იყო, არამედ მხოლოდ იდეოლოგია, ან რელიგია, რომელსაც უნდა დამორჩილებოდი. მრავალი გულწრფელი მორწმუნე წუხდა ამის გამო. მათ სურდათ ნამდვილი, სრულფასოვანი ცხოვრება ქრისტესთან ერთად და არა მხოლოდ ტაძრების მონახულება. ცხოვრობდნენ რა ქრისტეს მცნებებით, ისინი არ აქცევდნენ ყურადღებას ეკლესიის მსახურთა შეცდომებს და მრავალი თავიანთი თანამოძმის არაქრისტიანულ ცხოვრებას. თუმცა სხვები ცდუნდებოდნენ, ანუ იმედგაცრუება ეუფლებოდათ, რადგან ხედავდნენ რამდენად დაშორდა ქრისტიანობა თავის მხსნელსა და მასწავლებელს. სწორედ ასეთი ადამიანების წრიდან გამოვიდნენ ისინი, რომელთაც სურდათ ქვეყნიერებისგან გაქცევა, იმ ქვეყნიერებისგან, რომელიც იწოდებოდა ქრისტიანულად, მაგრამ სავსე იყო მანკიერებითა და ცოდვით. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც გადაწყვიტა გარიდებოდა ცდუნებებს და განმარტოებულიყო უდაბნოში, გახლდათ ანტონიუსი.
ანტონიუსი დაახლოებით 251 წელს დაიბადა შუა ეგვიპტეში, უდაბნოსთან ახლოს, რომელიც ერთდროულად აშინებდა კიდეც მას და იზიდავდა კიდეც. ანტონიუსის მშობლები, რომლებიც საკმაოდ მდიდარი ადამიანები იყვნენ, თავს ქრისტიანებად თვლიდნენ და ბავშვობიდანვე დაჰყავდათ ვაჟი ღვთისმსახურებებზე პრესვიტერის სახლში. ეს სახლი მათ შორიახლოს იდგა. როცა ანტონიუსი 20 წლის გახდა, გარდაიცვალნენ მისი მშობლები. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ის ღვთისმსახურებას ესწრებოდა, მოისმინა სახარების სიტყვები, რომლებიც მისმა პრესვიტერმა წაიკითხა: „უთხრა მას იესომ: „თუ გინდა სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“ ეს სიტყვები ბასრი დანასავით ჩაერჭო გულში ანტონიუსს: „თუ გინდა სრულყოფილი იყო…“ ეს ხომ მასზეა ნათქვამი! მას სურს იყოს სრულყოფილი, სურს განერიდოს ცოდვას და იყოს ღმერთთან! გადაწყვეტილება მყისიერად და საბოლოოდ მომწიფდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, მთელი მისი მიწები, სახლი და მეურნეობა გაიყიდა. კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა იმას, რომ აღებული ფული ღარიბებისთვის დაერიგებინა. და როცა ანტონიუსი თავად გახდა ღარიბი, უსახლკარო, უქონელი და უოჯახო, გაიგო, თუ რას ნიშნავს სრულად იყო დამოკიდებული მხოლოდ ქრისტეზე.
ანტონიუსი განმარტოვდა უდაბნოში და ცხოვრობდა იქ ნახევრადმშიერი, მარტოობაში. მის მაგალითს სხვა ქრისტიანებმაც მიბაძეს, რომლებსაც სურდათ ეცხოვრათ წმიდად და არ შებღალულიყვნენ ქვეყნიერებისაგან. ასე დაიწყო მოძრაობა, რომელსაც მოგვიანებით „ბერები“ უწოდეს და რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანობის მთელ ისტორიაზე. ბერებს სურდათ ეცხოვრათ წმიდად და ყოფილიყვნენ სრულყოფილნი. ეს მართლაც საქებარი სურვილია, მაგრამ უდაბნოში, შემდეგ კი მონასტრების სქელი კედლების შიგნით, არ გამქრალა ცოდვა. ტყუილად არ ამბობდნენ მოგვიანებით მეუდაბნოე მამები: „ქვეყნიერებაზე _ ეშმაკები კრავებივით არიან, უდაბნოში კი _ ლომებივით.“ ცოდვა ადამიანის სხეულში ცხოვრობს და თითოეულ ქრისტიანს სიცოცხლის ბოლომდე უწევს მასთან ბრძოლა. საკუთარ თავს კი ვერც უდაბნოში გაექცევი და ვერც მონასტერში, თუმცა ცოდვის დამარცხება ყველგან _ იესო ქრისტეს ძალით შეიძლება.
ჟურნალი „ბილიკი“