მოძღვრის კვალზე
მოძღვრის კვალზე
იესო ქრისტეს მოწაფეები უბრალო ხალხი იყო, ძირითადად მეთევზეები. თუმცა ასეთები იყვნენ მანამდე, სანამ გახდებოდნენ მოწაფეები და მიმდევრები იმისა, ვინც შექმნა ცა და მიწა. წარმოიდგინე, ისინი სწავლობდნენ ქადაგებას მისგან, ვინც თავისი სიტყვით შექმნა ნათელი, სიცოცხლე მისცა ცხოველებსა და ადამიანებს, წესრიგი დაადგინა სამყაროში! როცა სახარებას ვკითხულობთ ჩვენ ხანდახან ვხედავთ იესო ქრისტეს დიდ ხელმწიფებასა და ძალას. მაგალითად, როცა მან ჩააცხრო ქარიშხალი, აღადგინა ყმაწვილი ქალაქ ნაინში, როცა კურნავდა სნეულთ და დევნიდა სულებს. ასეთ მასწავლებელთან მოციქულებმა მთელი სამი წელი გაატარეს. მასთან სწავლობდნენ ისინი ელაპარაკათ ღმერთის სამეფოზე, ელაპარაკათ სხვადასხვა თემებზე და ექადაგათ.
როცა მოწაფეებმა უკვე რაღაც ისწავლეს, იესომ გაგზავნა ისინი. ამ დროისთვის მას უკვე თორმეტი მოწაფე ჰყავდა. მათ უნდა ექადაგათ ღმერთის სამეფო. “არაფერი წაიღოთ გზაში, არც არგანი (ეს იყო დიდი, მაგარი ჯოხი ძაღლებისა და ყაჩაღებისგან თავდასაცავად), არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი…” ეუბნებოდა ის მათ. იესომ იცოდა, რომ გზაში მოწაფეებს შეხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით მოუსმენდნენ მათ და ირწმუნებდნენ. ეს ადამიანები იზრუნებდნენ მოწაფეების გამოსაკვებადაც და მოსასვენებლადაც. თუმცა იქნებოდნენ ისეთი ადამიანებიც, დაბებიც და ქალაქებიც, სადაც მათ ქადაგებას არავინ მიიღებდა. “სადაც არ მიგიღებენ, – ეუბნებოდა მათ იესო. – იმ ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ ფეხებიდან მტვერი, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ.”
გზავნიდა რა მოწაფეებს, იესომ მისცა მათ ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სნეულებათა განკურნებისათვის. მოწაფეები წავიდნენ, ერთნი – ერთ დაბაში, მეორენი – მეორეში. ზოგნი ჩრდილოეთით, ზოგნი – სამხრეთით. მათ შემოიარეს ქალაქები და სოფლები და ყველგან ქადაგებდნენ იმას, რომ ღმერთმა გამოგზავნა იესო ქრისტე, რომ მოახლოვდა ღმერთის სამეფო, როცა მათ სნეული ადამიანები ხვდებოდნენ ისინი იესო ქრისტეს სახელით კურნავდნენ მათ; თუ ეშმაკეულნი ხვდებოდნენ, იესო ქრისტეს ხელმწიფებით დევნიდნენ ადამიანებისგან ეშმაკებს.
მოწაფეებისა და მათი საქმეების ამბავი ცეცხლივით მოედო მთელ იუდას. ბევრი იყო სნეული, ბევრი შეპყრობილი, ბევრს სჭირდებოდა დახმარება. თავად იესოს კი არ შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო ყველგან, ამიტომაც გაგზავნა მან მოწაფეები ქვეყნის ყველა კუთხეში. ამასთან ერთად მას ისიც უნდოდა, რომ ისინი გაწვრთნილიყვნენ, მიეღოთ გამოცდილება. უკან მობრუნებულმა მოწაფეებმა უამბეს მას იმ საქმეებზე, რაც გააკეთეს.
ცოტა მოგვიანებით იესომ კიდევ აირჩია სამოცდაათი მოწაფე და გაგზავნა იმ ქალაქებში, სადაც მოგვიანებით თავად სურდა მისულიყო. მოწაფეებს ნიადაგი უნდა მოემზადებინათ მისი ქადაგებისთვის.
გავიდა გარკვეული ხანი. ეს მოწაფეები კვლავ შეიკრიბნენ ერთად. ისინი ძალზე აღელვებულები იყვნენ. “მოძღვარო, – ამბობდნენ ისინი, – ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო! ჩვენ ბევრის დახმარება შევძელით. ბევრი ადამიანი განიკურნა. ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენ!” იესომ უთხრა მათ: რომ ეს ყოველივე რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მათ ეს კი არ უნდა ახარებდეთ, არამედ ის, რომ მათი სახელები ცაშია ჩაწერილი. სხვა სიტყვებით, ის, რასაც ისინი აკეთებენ, საჭირო და კარგია, მაგრამ ის უფრო კარგია, რანიც ისინი არიან.
ეს, დღესაც ასეა. კარგია იყო ქრისტიანი, კარგია ღმერთის მსახურება. თუმცა ყველაზე კარგი მისი მოწაფეობაა, მასთან ურთიერთობაა და მისი სიცოცხლის წიგნში შენი სახელის არსებობაა.
ჟურნალი ბილიკი