არ ისურვო [არაფერი], რაც შენი მოყვასისაა. გამ. 20:17
არ ისურვო [არაფერი], რაც შენი მოყვასისაა. გამ. 20:17
„არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“ გამოსვლა 20:17
ღმერთის მცნებები ადამიანს აფრთხილებს არა მხოლოდ არასწორი ქმედებებისაგან, არამედ არასწორი სურვილებისგანაც. ძველებრაული ზმნა „ხამად“ აღნიშნავს „მოსურვებას, თვალის დადგმას იმაზე, რაც შენ არ გეკუთვნის.“
შური – დამღუპველი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შიგნიდან დაანგრიოს, და ლაპარაკი მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე კი არ არის, არამედ გულის მდგომარეობაზე. ადამიანი, რომელსაც სურს ფლობდეს იმას, რაც მას არ ეკუთვნის, – უმადური, ეგოისტი, შურიანი და ამპარტავანია. ღმერთი არ გვიკრძალავს ჩვენ გვსურდეს ის, რაც კარგია. სურვილი გვქონდეს სახლი, მანქანა, ოჯახი და სხვა მიწიური სიკეთეები – ნორმალურია. არანორმალურია გვინდოდეს სწორედ ის ქალი, ვინც სხვას ეკუთვნის ანდა ის სახლი, რომელიც მოყვასისაა.
შურიანი თვლის, რომ სწორედ ის იმსახურებს ამ სიკეთეებს და არა ის, ვინც მათ ფლობს. არსებითად, ეს ფარული ამბოხია შემოქმედის წინააღმდეგ, ვინც თითოეულს თავისი შეხედულებისამებრ აძლევს. ადამიანებს შეიძლება დაუმალო ეს ცოდვა, მაგრამ ღმერთს ვერ დაუმალავ: ის ხედავს ჩვენი გულის სიღრმეებს. ისევე როგორც სარეველას თესლი, რომელიც კარგ პირობებში ხვდება, აუცილებლად გაიზრდება და ფესვს გაიდგამს ნიადაგში, ასევე ცოდვიან სურვილებსაც მივყევართ ქმედებებისკენ, ქმედებებს კი შედეგები მოსდევს.
შურის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვისწავლოთ შემდეგი რამეები. 1. მადლიერნი ვიყოთ ღმერთისა იმისათვის, რაც გვაქვს. 2. გულწრფელად გვახარებდეს მოყვასის წარმატებები. 3. მორჩილებით მივიღოთ საკუთარი თავი, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები. 4. არ შევქმნათ კუმირები მატერიალური ფასეულობებისგან.
