ქალთა

ქალთა

ქალთა მსახურება ეკლესიაში: განდიდება, საკვირაო სკოლები, საზაფხულო ბანაკები, მოხუცების და ავადმყოფების მონახულება. ტარდება ქალთა კონფერენციები, სადაც თემატურად განიხილავენ ქალის როლს, ეკლესიაში, ოჯახში და საზოგადოებაში. 
2.3 „ასევე ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მოყვარულნი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი,
2.4 რათა დაარიგონ ყმაწვილქალები, რომ იყვნენ ქმრის და შვილების მოყვარულნი,
2.5 გონიერნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღმერთის სიტყვა.“ ტიტეს მიმართ 2:3-5.
2.3 ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი უნდა იყვნენ. ქცევით ღირსეული ქალი გამორჩეული და ადვილად შესამჩნევია. მისი აზრები არ არის მიპყრობილი ცარიელი საგნებისკენ. მას შეძენილი აქვს სიბრძნე როგორ უნდა მოიქცეს ოჯახში და  ასევე ოჯახის გარეთ. ისინი არ უნდა იყვნენ ცილისმწამებელნი. სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს ამ მუხლში, - ბერძნული ექვივალენტია სიტყვა „ეშმაკისა“ (diabolos). ეს სიტყვა უპრიანია, რადგან ცილისწამებას საფუძვლად და მოქმედებად სატანური ბუნება უდევს. ისინი არ უნდა იყვნენ ღვინის მოყვარულნი. ფაქტიურად ისინი არაფერს: არც საკვებს, არც სასმელს და არც წამლებს უნდა დაემონონ. ხნიერი ქალები მოწოდებულნი არიან ასწავლონ სახლში და ვის შეუძლია გაზომოს ამ მსახურების მნიშვნელობა!

2.4 ხნიერმა ქალებმა უნდა დაარიგონ ყმაწვილქალები. ბიბლიის შესწავლაში გატარებული წლები და პრაქტიკული ცოდნა აძლევს მათ შესაძლებლობას გადასცენ ეს ფასეულობები იმათ, ვინც ეს-ესაა იწყებს თავის ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ახალი თაობა განწირულია ყველაფერი საკუთარი გამოცდილებით, ანუ ძნელი გზით შეიცნოს, გაიმეორებს რა წარსულის შეცდომებს.

იმ დროს, როცა შემგონებლების როლი ეკისრებათ ხნიერ ქალებს, ყმაწვილქალები უნდა შეეცადნენ განავითარონ კარგი ურთიერთობები თავისზე ასაკიან ღვთისმოსავ ქრისტიანებთან, რათა დროულად მიიღონ კარგი რჩევა და მხილება.

ახალგაზრდა ქალი დამოძღვრილი უნდა იყოს იმაში, თუ როგორ უყვარდეს ქმარი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე კოცნა სამუშაოზე წასვლის წინ. ეს მოიცავს რიგ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის (ცოლი) ნამდვილად სცემს პატივს ქმარს, აღიარებს მის მეთაურობას სახლში, მის გარეშე არ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იცავს სახლში წესრიგს, ყურადღებას არ აკლებს მას, ცხოვრობს სახარების მიხედვით, აღიარებს შეცდომებს, მიმტევებელია. თავს იკავებს ქმრის კრიტიკისგან და მხარში უდგას გაჭირვებაში.

ისინი დამოძღვრილნი უნდა იყვნენ, შვილების სიყვარულში - მათთან ერთად უნდა იკითხონ ღვთის სიტყვა  და ილოცონ.  არ უნდა მოაკლონ მათ ყურადღება სახლში იქნება თუ სკოლაში. მტკიცედ და განუხრელად მიაჩვიონ წესრიგს, აღზარდონ ისინი ბიბლიური ფასეულობების მიხედვით.

2.5 ყმაწვილქალებს უნდა ასწავლონ გონიერება, ანუ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რა არის მათთვის, როგორც ქრისტიანებისთვის მისაღები, და იცოდნენ, თავი როგორ აარიდონ უკიდურესობებს. უნდა იყვნენ სუფთანი, მოწესრიგებულნი და სახლზე მზრუნველნი, გააცნობიერონ, რომ ასეთი მსახურება დიდებას მოუტანს ღმერთს. ხნიერმა ქალებმა უნდა შეაგონონ მათ, რომ პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ჰქონდეთ სახლის საქმისადმი.

ახალგაზრდა ქალები დამოძღვრილნი უნდა იყვნენ სიკეთეში, უნდა იფიქრონ, რა შეუძლიათ გააკეთონ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. იყვნენ მზრუნველნი, მოწყალენი და გულუხვნი.
ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რას ნიშნავს იყვნენ ქმრების მორჩილნი, უნდა ესმოდეთ, რომ ღმერთმა ქმარი დაადგინა ოჯახის თავად. თუ ცოლი ქმარზე აქტიური და უნარიანია, თავი არ უნდა გადაამეტოს მას, პირიქით, უნდა გაამხნევოს და დაეხმაროს მას, რათა ისიც გახდეს უფრო აქტიური და შეიძინოს რიგი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ ცხოვრებას თავი გაართვას. ეს ყოველივე ემსახურება იმას, რომ არ იგმობოდეს ღმერთის სიტყვა.

უილიამ მაკდონალდი – ბიბლიური კომენტარები ქრისტიანებისათვის _ გვ. 808-809.