ღმერთი იყო იოსებთან

ღმერთი იყო იოსებთან

გაუმართლა მას, ვინც დიდ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ დიდ ოჯახებში უთანხმოებებიც ხშირია. გიგრძვნია ოდესმე თავი დაჩაგრულად, გიფიქრია, რომ უსამართლოდ მოგექცნენ? რომ შეურაცხყოფილი და მიტოვებული ხარ? რომ გაგყიდეს ძმებმა ან დებმა, რომლებიც საერთოდ შენს მხარეს უნდა იყვნენ და არა წინააღმდეგ? ახლა მინდა მოგიყვეთ ერთი ყმაწვილის ისტორია, რომელიც ბიბლიაშია დაწერილი.

იოსებს თერთმეტი ძმა ჰყავდა. მამამისს, იაკობს, იოსები ყველაზე მეტად უყვარდა, ამიტომაც აჩუქა მას ჭრელი კვართი (იმ დროს ეს მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი გახლდათ). იოსების ძმები რა თქმა უნდა ხედავდნენ, რომ მამას ისინი იოსებზე ნაკლებად უყვარდა. ამიტომაც შურდათ იოსებისა. რა უნდა ექნა იოსებს, ასეთ მდგომარეობას ის ვერაფერს მოუხერხებდა. და დამატებით ამისა, მან საკმაო გონიერება ვერ გამოიჩინა. ღმერთმა გამოუგზავნა იოსებს სიზმრები, რომლებშიც აჩვენა, რომ მთელი ოჯახი მივა მასთან და თაყვანს სცემს მას. იოსები გადიდგულდა და ყველას წინაშე  დაიტრაბახა. ამის გამო ძმებმა ის კიდევ უფრო მეტად შეიძულეს. ერთხელაც, როცა იოსებმა მოინახულა ისინი ველად, სადაც ძმები ცხვარს მწყემსავდნენ, მათ შეიპყრეს იოსები და ორმოში ჩააგდეს (ალბათ დამშრალ ჭაში). მერე ითათბირეს და მიჰყიდეს იქვე, შორიახლოს მიმავალ ვაჭრებს. შემდეგ მამას მიუტანეს ამბავი, რომ იოსები გარეულმა მხეცმა დაგლიჯა.

იოსები ეგვიპტეში ჩაიყვანეს. ახლა ის მონა იყო და მძიმე სამუშაო ჰქონდა. მაგრამ ღმერთი იყო მასთან და ყველაფერში ეხმარებოდა. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ მისმა ბატონმა, ფოტიფარმა, იოსები თავის სახლზე დააყენა და მმართველად დანიშნა. იოსებმა იცოდა, რომ ეს ყოველივე ღმერთისგან იყო.

ფოტიფარის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს და მოიწადინა მასთან დაწოლა. იოსებმა იუარა: „…როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“ ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ამ ქალმა, ახლა ქმარი დაიყოლია და იოსები ციხეში ჩაასმევინა. თავისი ცხოვრების მანძილზე იოსები უკვე მეორედ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში. მაგრამ ღმერთს კვლავ არ მიუტოვებია იგი! ეს შეამჩნია ციხის უფროსმა. მან იოსები ციხის გამგებლად დანიშნა. ღმერთი კვლავ ეხმარებოდა იოსებს. მოხდა, რომ ორ პატიმარს, რომლებიც: ერთი ფარაონის ყოფილი მწდეთუხუცესი იყო ხოლო მეორე ყოფილი მეპურეთუხუცესი, სიზმრები ესიზმრათ. ღვთის შემწეობით იოსებმა აუხსნა მათ სიზმრები. იოსებმა სთხოვა მწდეთუხუცესს, რომ გაეხსენებინა, ფარაონთან როცა გათავისუფლდებოდა ციხიდან. ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც იოსებმა თქვა: მაგრამ მწდეთუხუცესს დაავიწყდა თავისი პირობა.

და კვლავ გამოსცადა იოსებმა რა მალე ივიწყებენ ადამიანები პირობას და რა ადვილად ტოვებენ სხვებს მარტო. იოსებმა ისიც გაიგო, რომ ხანდახან ღმერთი დახმარებას დაუყოვნებლივ არ გზავნის. ღვთის დახმარების მოლოდინში მან ორი წელი კიდევ გაატარა ციხეში. და მისი დროც დადგა. ღმერთმა ფარაონს სიზმრები გამოუგზავნა. თუმცა ვერავინ შესძლო მათი ახსნა. და მხოლოდ ახლა გაახსენდა მწდეთუხუცესს იოსები და უამბო ფარაონს, როგორ აუხნა იოსებმა მას სიზმარი, როცა ის საპყრობილეში იჯდა. ფარაონმა მაშინვე გაგზავნა ხალხი იოსების მოსაყვანად. იოსები გამოაწყვეს და მიიყვანეს ფარაონთან. ფარაონმა თქვა: „სიზმრები ვნახე, მაგრამ არავის შეუძლია მათი ახსნა. გავიგე, რომ შენ შეგიძლია სიზმრების ახსნა.“ იოსებმა მიუგო: „მე არა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მას სურს რაღაც გითხრას სიზმრების მეშვეობით.“ ფარაონმა მოუყვა ნანახი სიზმრები იოსებს და იოსებმა თქვა: „ღმერთმა აუწყა ფარაონს, რასაც გააკეთებს. ორივე სიზმარი ერთსა და იმავეს ნიშნავს: დადგება შვიდი მოსავლიანი წელი, როცა საჭიროზე მეტი მოსავალი იქნება ეგვიპტის მიწაზე; შემდეგ კი მოვა სხვა შვიდი წელი, როცა მოსავალი აღარ გაიზრდება და მძიმე ჟამი დადგება.“

იოსების რჩევით ფარაონმა ააშენა დიდი ბეღლები, სადაც შეინახეს შვიდი უხვმოსავლიანი წლის მანძილზე მოწეული ხორბალი. ფარაონმა იოსები ეგვიპტის გამგებლად დანიშნა, მეორე კაცად თავის შემდეგ. ის მიხვდა, რომ ღმერთი იყო იოსებთან და მისცა სიბრძნე, რომლის მსგავსიც სხვას არავის გააჩნდა. როცა გასრულდა უხვმოსავლიანი წლები და დადგა გვალვა, ადამიანები მთელი ქვეყნიდან და სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ იოსებთან ხორბლის საყიდლად. მხოლოდ ეგვიპტეში იყო ხორბალი. ცხადია, რომ ჩამოსული ადამიანები მუხლს იდრეკდნენ იოსების წინაშე.

შიმშილობის ორი წლის შემდეგ, ქანაანიდან იოსების ძმებიც ჩავიდნენ ეგვიპტეში. მდაბლად სცეს მას თაყვანი. ყველას მსგავსად მათაც ხორბლის ყიდვა უნდოდათ. იოსები ვერ იცნეს ძმებმა. როცა იოსებმა გაუმხილა მათ თავისი ვინაობა, შეშინდნენ. ძალიან კარგად ახსოვდათ რა სასტიკად მოექცნენ მას. თუმცა იოსებმა დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინიათ. მე არ ვბრაზობ თქვენზე. ამგვარად იზრუნა ღმერთმა იმაზე, რომ არ გეშიმშილათ. ამიტომაც გამომგზავნა ღმერთმა ეგვიპტეში. წადით ჩქარა და მამაც ჩამოიყვანეთ. აქ ყველას ეყოფა საჭმელი. ჩვენ კვლავ შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ მშვიდობიანად. თქვენ ბოროტებას იზრახავდით ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ აქცია ის.“

ამგვარად ღმერთმა იოსების მეშვეობით გადაარჩინა ხალხი შიმშილისაგან. იოსებმა კი ის ისწავლა, რომ ღვთის სიყვარული და ერთგულება დიდია. მას განზრახული ბოროტებაც კი შეუძლია აქციოს სიკეთედ.

იოსების ისტორია ჩაწერილია დაბადების წიგნში 37-ე თავიდან.

ჟურნალი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.