იობის ტანჯვა და კურთხევა

იობის ტანჯვა და კურთხევა

ძალიან დიდი ხნის წინ, ქვეყანაში, რომელსაც ბიბლიაში ყუცის ქვეყანა ჰქვია, როცა ჯერ კიდევ არ იყო ისრაელის ხალხი,  ჯერაც არ იყვნენ დაბადებულნი პატრიარქები და ბიბლიის არცერთი წიგნი არ იყო დაწერილი; ცხოვრობდა კაცი, რომელსაც იობი ერქვა.

გაგახსენდა არა? ცხადია. როცა საუბარია ენით აუწერელ ტანჯვაზე ადამიანები ამბობენ: „იობივით იტანჯებაო.“ ამ კაცის ისტორია დაწერილია ბიბლიის ერთ-ერთ პოეტურ წიგნში _ იობის წიგნში.

იობი ღვთისმოშიში, მართალი და ძალიან მდიდარი კაცი იყო. ჰყავდა სამი ასული და შვიდი ვაჟი. საქონელი უამრავი: აქლემები, ვირები, ხარები და დიდი რაოდენობით ცხვარი. იმ დროში საქონლის ყოლა შეძლებულობაზე მიანიშნებდა. იობს ძალიან უყვარდა შვილები და ხშირად სწირავდა მსხვერპლს მათთვის, ამბობდა: „ეგებ შესცოდეს ჩემმა შვილებმა…“ – ასე ცხოვრობდა იობი ხალხის პატივისცემით და ოჯახის სიყვარულით.

მაგრამ ერთ დღესაც მასთან მოიჭრა მაცნე საშინელი ამბით: მტერი დაეცა და წაასხა მისი ხარები და ვირები. მას მოჰყვა მეორე და შეატყობინა იობს, რომ ამოწყდა მთელი მისი ცხვრის ფარა. მერე კიდევ ერთი მაცნე მოვიდა და თქვა: რომ ქალდეველები დაეცნენ აქლემების ჯოგს; აქლემები გაირეკეს, მწყემსები კი ამოხოცეს. ჯერაც ლაპარაკობდა ეს მაცნე, რომ მოვიდა სხვა და თავზარდამცემი ამბავი მოუტანა იობს: სახლი, სადაც იობის შვილები იყნენ ერთად, ქარიშხალმა დააქცია, მისი შვილები კი ნანგრევებში დაიხოცნენ-ო!

უბედურებით კრიჭაშეკრულმა იობმა, შემოიხია სამოსი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე, თაყვანი სცა და თქვა:  „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველივე მივიქცევი უკან. უფალმა მომცა და უფალმავე წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“ მთელ თავის ტანჯვაში იობს არ შეუცოდავს უფლის წინაშე და არც უგუნური სიტყვა უთქვამს ღმერთზე.

მოულოდნელად იობი დასნეულდა. კეთრით დაიფარა, თხემიდან ფეხის ტერფამდე! დატოვა იობმა სახლი, კეცი აიღო წყლულების მოსაფხეკად და ჩაჯდა ნაცარში. ენით აუწერელი ტკივილები სტანჯავდა.

იობს ცოლი ჰყავდა. უთხრა მას: „ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი. რამდენი უნდა იტანჯო ასე?“ იობი ერთგული დარჩა ღმერთისა: „თუ სიკეთეს ვიღებთ ღმერთისგან, განსაცდელი აღარ უნდა მივიღოთ?“ – უპასუხა ცოლს.

იობს მეგობრებიც ჰყავდა. ისინი მოვიდნენ მასთან, შეაგონებდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ტანჯვის მიზეზი, მისი ცოდვებია. მათ კიდევ ბევრი რამ ილაპარაკეს მასზე და ღმერთზე. იობს არც მეგობრებისთვის დაუჯერებია და მტკიცე დარჩა თავის ერთგულებაში ღვთის მიმართ.

თითქმის მთლიანი წიგნი იობისა და მისი მეგობრების საუბრებს გადმოგვცემს. შემდეგ კი რამდენიმე თავში იობი ლაპარაკობს ღმერთზე, ცოდვაზე და სიცოცხლეზე და კითხვებს აძლევს ღმერთს!

ღმერთმაც უპასუხა იობს! ისე უპასუხა, რომ მან მხოლოდ თქვა: „მორჩა, ჩუმად ვარ!“ ღმერთი გამოეცხადა იობს თავის დიდებულებაში და ძალაში. იობმა გაიგო, რომ ღმერთი უსასრულოდ წმიდაა და ყოველგვარი მსჯელობა მასზე, ბავშვურ ტიტინს წააგავს მხოლოდ. მოიდრიკა, თაყვანი სცა იობმა ღმერთს და განადიდა იგი. ვინაიდან წმიდაა სახელი მისი!

და დაუბრუნა ღმერთმა იობს ჯანმრთელობა და სიმდიდრე (ორმაგად). შვილებიც იმდენივე ეყოლა, რამდენიც ადრე ჰყავდა. იობის ასულები კი მთელ ქვეყანაზე იყვნენ განთქმულნი თავისი სილამაზით. ღმერთმა აკურთხა იობი და იმ შორეულ დროში დიდებული გამოცხადება მისცა მას საკუთარ თავზე, საწუთროზე, ტანჯვის აზრზე, ადამიანის ბედზე და მარადისობაზე. ამიტომაც ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საჭირო წიგნი გახდა მთელ მსოფლიოში. ის, რაც ბიბლიაშია დაწერილი, _ სრული სიმართლეა. იობის სახელთან მრავალი ლეგენდაცაა დაკავშირებული. ითვლება, რომ ის უზბეკეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. იქ, მოგზაურებს მის საფლავსაც აჩვენებენ. იქ წყაროსთვალებიცაა, რომლებიდანაც თითქოსდა იობის ქალიშვილები იღებდნენ წყალს, და რომელთაც სასწაულებრივი ძალა გააჩნიათ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ლეგენდებია.

ჟურნალი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *