მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 4

მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 4

წარმატების საიდუმლო

რატომ იმარჯვებს ერთი გუნდი ფეხბურთში, მეორე კი აგებს? თქვენ ფიქრობთ, რომ ზოგს გაუმართლა, ზოგს არა? ჰო, ხანდახან მართლაც უმართლებს ზოგიერთებს, თუმცა ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც მთელ თავის ძალებს თამაშს ახმარს და იბრძვის ბოლომდე. ქრისტიანობის განმასხვავებელი ნიშანი პირველ საუკუნეებში იყო ის, რომ ისინი მთლიანად ეკუთვნოდნენ ქრისტეს და მზად იყვნენ ყველაფერი გაეღოთ მისთვის, სიცოცხლეც კი.

უკვე II საუკუნეში ქრისტიანობა რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. ქრისტიანების პატარა თემი ძირითადად ქალაქებში ფუძნდებოდა. ამასთან ხარება იმ დროს ბუნებრივად და სტიქიურად ხდებოდა. მაშინ ქრისტიანებს არ ჰქონდათ სპეციალური მისიები, კომიტეტები, არ ჰყავდათ სპონსორები, რომლებსაც შეეძლოთ მათი მხარდაჭერა. იყვნენ მოხეტიალე მქადაგებლები, მაგრამ ისინი ძირითადად ქადაგებდნენ ეკლესიებში, წარმართების მოქცევა კი უპირატესად უბრალო ქრისტიანების მიერ ხდებოდა, რომლებიც თავიანთ რწმენას უზიარებდნენ მეზობლებსა და ყველა ირგვლივ მყოფს, იქ, სადაც რთული ცხოვრება გადაისროდა მათ.

ყველაზე ბევრი ქრისტიანები მცირე აზიაში იყვნენ (თანამედროვე თურქეთისა და სირიის ტერიტორია). ასევე ცნობილია ქრისტიანული თემები ესპანეთში, გალიაში (თანამედროვე საფრანგეთი), გერმანელ ტომთა შორის და ჩრდილოეთ აფრიკაში. ასე მაგალითად, კართაგენიდან (თანამედროვე ტუნისის ტერიტორია) იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქრისტიანი ღვთისმეტყველი ტერტულიანე სწერდა იმპერატორს: „ჩვენ მხოლოდ გუშინდელი დღიდან ვარსებობთ, მაგრამ ავავსეთ ყველაფერი, რაც თქვენია: ქალაქები, კუნძულები, ციხესიმაგრეები, ყაზარმები, კურიები, სასახლე, სენატი, ფორუმი. . .

გრავიურა ტერტულიანეს გამოსახულებით

თუ ჩვენ თქვენი მტრები ვართ, მაშინ თქვენ მტრები უფრო მეტი გყავთ, ვიდრე მოქალაქეები, ვინაიდან ყველა თქვენი მოქალაქე ქრისტიანი გახდა.“ რა თქმა უნდა ტერტულიანე აჭარბებდა, როდესაც ამბობდა,  რომ ყველა მოქალაქე ქრისტიანი გახდა, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ სურდა  იმპერატორის დარწმუნება იმაში, რომ მას შეეწყვიტა ქრისტიანების დევნა. და მართლაც ზოგიერთი იმპერატორი სინამდვილეში წყვეტდა დევნას, ზოგი კი, პირიქით, ხედავდა რა ქრისტიანობის ზრდას, ახალი ძალით ცდილობდა მათ ამოძირკვას.

III საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა სეპტიმუს სევერმა გამოსცა მკაცრი ბრძანება, რომ არავის, სიკვდილის შიშით არ დაეტოვებინა თავისი (წარმართული) რწმენა, არადა სწორედ იმ დროს კართაგენში ქრისტესკენ მოიქცნენ:  დიდგვაროვანი ქვრივი ქალი პერპეტუია და მონა ქალი ფელიციტატა. ისინი მოათავსეს საპყრობილეში და დაიწყეს მათი დაკითხვა. ციხეში მოვიდა პერპეტუიას მამა და ეხვეწებოდა მას, რომ თავისათვის ქრისტიანი აღარ ეწოდებინა. მაგრამ პერპეტუიამ მიუთითა მამას ახლოს მდგარ ქოთნებზე და ჰკითხა: „მამა, შეიძლება, რომ ამ ნივთს ვუწოდოთ სხვა რამ და არა ქოთანი?“ – „არა,“ – მიუგო მამამ. „და მეც არ შემიძლია საკუთარ თავს ვუწოდო სხვა რამ, რადგან ქრისტიანი ვარ.“ – მტკიცედ განაცხადა პერპეტუიამ.

პერპეტუია

პერპეტუიას ჩვილი ჰყავდა. ხოლო ფელიციტატამ გოგონა პირდაპირ საპყრობილეში შობა. მსაჯულებს ეცოდებოდათ პატარები, რომლებიც დედების გარეშე რჩებოდნენ და ცდილობდნენ შეეგონებინათ მათთვის, რომ უარი ეთქვათ ქრისტეზე. თუმცა ქალები მტკიცენი იყვნენ. მაშინ მათ მიუსაჯეს სიკვდილი. ისინი არენაზე გარეულ ცხოველებს უნდა დაეგლიჯათ. უახლოეს დღესასწაულზე პერპეტუია და ფელიციტატა ცირკის არენაზე გამოიყვანეს და შემდეგ იქ მძვინვარე ხარი შეუშვეს, რომელმაც ორივე სასიკვდილოდ დაასახიჩრა, გლადიატორმა კი ქალებს მახვილით მოუთავა ბოლო.

ცხადია, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ყველა ქრისტიანი არ იყო მზად მომკვდარიყო ქრისტესთვის. მაგალითად II საუკუნეში ერთმა ქრისტიანმა ფილადელფიიდან, სახელად კვინტუსმა, დაინახა რა მხეცები, შეშინდა და უარყო ქრისტე. იყო ასეთი შემთხვევებიც. მოწამეთა გმირობა კი, რომლებიც წარმოუდგენელ ტანჯვას ითმენდნენ, იმდენად ძლიერად მოქმედებდა ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, რომ მრავალი მათგანი თავად ხდებოდა ქრისტიანი. რომის იმპერიის ერთ-ერთი იმპერატორი – იულიანე, რომელსაც განდგომილი ეწოდა, ამბობდა: „ქრისტიანობის სწრაფი ზრდა ძირითადად მისი აღმსარებლების ქველმოქმედებასა და ფანატიურად წმიდა ცხოვრებას უკავშირდება.“  სწორედ წმიდა ცხოვრება, რომელსაც იულიანე ფანატიურს უწოდებდა, და ქრისტესადმი სრული მიძღვნა ახდენდა ასეთ ძლიერ გავლენას წარმართებზე. ისინი ხედავდნენ, რომ ამ ადამიანებში მართლაც ღმერთის ძალა მოქმედებდა. თანამედროვე ქრისტიანებსაც ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ მათგან!

კართაგენის ამფითეატრის ნანგრევები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *