ნოეს მორჩილება
ნოეს მორჩილება
ეს უხსოვარ დროში მოხდა; წარმოდგენაც კი ძნელია, ისე ადრე. ხანდახან, როცა უნდათ თქვან, რომ რომელიმე საგანი ძალიან ძველია, ამბობენ: „წარღვნამდე-ო.“ ათასწლეულების წინ, დედამიწაზე ცხოვრობდა კაცი, სახელად ნოე. ცოლი ყავდა და სამი ვაჟიც ყავდა. ისინიც დაოჯახებულები იყვნენ. იმ დროს დედამიწაზე ძალადობა და გარყვნილება მეფობდა. მმართველებიდან დაწყებული უბრალო ხალხით დამთავრებული, მოხუცებიც და ბავშვებიც – ყველას გული ბოროტებით ჰქონდა სავსე. მხოლოდ ნოე ცხოვრობდა წმიდა და მართალი ცხოვრებით. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ დედამიწაზე ახლა ადამიანები არ იცხოვრებდნენ. იკითხავთ, რატომო? იმიტომ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა დაეშვა საშინელი წყალდიდობა, რომელშიც უნდა დაღუპულიყვნენ ყველა, რომელთა ცხოვრებაც სავსე იყო ბოროტმოქმედებებითა და გარყვნილებით. არადა ყველა ასე ცხოვრობდა ნოეს და მისი ოჯახის გარდა. მის ოჯახში არც მტრობა იყო, არც ძალადობა და არც ცოდვა. ნოეს ღმერთი სწამდა.
ერთხელაც ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ აეშენებინა, დიდი, ძალიან დიდი ხომალდი. ამ ხომალდით ღმერთი იზრახავდა ამ წყალდიდობისაგან გადაერჩინა ნოეს ოჯახი. დაემორჩილა ნოე ღმერთს და დაიწყო შენება. ცხადია, მას გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ღმერთმა შეატყობინა ყოველივე აუცილებელი: ხომალდის სიგანე, სიგრძე და სიმაღლე. გემბანების რაოდენობა, რომელი მასალა გამოეყენებინა, და როგორ გაეკეთებინა ხომალდი წყალგაუმტარი. მოკლედ ყველაფერი რისი ცოდნაც იყო საჭირო ხომალდის ასაშენებლად. დიდხანს მუშაობდა ნოე, ალბათ 120 წელი. იმ ხანად ადამიანები დიდხანს, ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ნოეს დასცინოდა: მეზობლები, ჩამვლელები, ჩამოსულები! „ეი, მოხუცო! ამ ქვიშაზე დაიწყებ ცურვას მაგ გემით?“ – იქნებ დაიწყოს კიდეც, ქირქილებდნენ ირგვლივ მყოფები, ჩამოსულ სტუმრებს მიმართავდნენ: „თქვენ უკვე იყავით ადგილობრივი ღირშესანიშნაობის სანახავად? აქ არის ერთი უცნაური კაცი, რომელიც ქალაქგარეთ, მოშორებით აშენებს ხომალდს. მოდით წავიდეთ, ვნახოთ. უკვე ასი წელია აშენებს. ამბობენ, უკვე ამთავრებსო. ვნახოთ ერთი რა იქნება შემდეგში.“
ნოე კი განაგრძობდა შენებას. როგორი ნდობა უნდა ჰქონოდა მას ღმერთისა, რომ მიუხედავად ამ დაცინვებისა, მიუხედავად იმისა, რომ შეშლილად თვლიდნენ, არ ნებდებოდა და განაგრძობდა თავის საქმეს. მისი ვაჟები და რძლები რაღა დღეში იყვნენ? „შეხედეთ, შეხედეთ, აგე სემი, ქამი და იაფეთი ცოლებთან ერთად კვლავ რაღაცას ეზიდებიან ხომალდში. ერთი კვირაა ასე გრძელდება.“ „იცით, რამდენი თივა დაამზადეს?! ნეტა რას უპირებენ ამდენ სანოვაგეს?“ „ალბათ ჩაიკეტებიან შიგნით და სანამ ცოცხლები იქნებიან, დაელოდებიან, როდის მოვა წყალი აქ!“ „ჰა-ჰა-ჰა!“ – ბიჭები და გოგონები ტოლს არ უდებდნენ თავიანთ მშობლებს ნოეს და მისი ოჯახის დაცინვაში.
მაგრამ დადგა დრო, როცა ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ შეეყვანა თავისი ოჯახი კიდობანში (ასე ჰქვია ბიბლიაში ამ ხომალდს) და მათთან ერთად ყოველგვარი ცხოველის თითო წყვილი. ნოემ ესეც გააკეთა. როცა ყველა შევიდა კიდობანში, ღმერთმა თავად დახურა მათ უკან ერთადერთი კარი. დაიწყო მოლოდინი. ერთი დღე გავიდა – არაფერი. მეორე დღე – კვლავ არაფერი. მესამე მოვიდა და კვლავ სიჩუმე იდგა. მეშვიდე დღეს კიდობნის სახურავზე წვიმის პირველი მსხვილი წვეთები დაეცა. და უცებ ისეთი რამ დაიწყო… მოვიდა წარღვნა, რომელზედაც აფრთხილებდა ღმერთი ერთადერთ მის მორჩილ ადამიანს დედამიწაზე. ეს ისტორია შეგიძლია წაიკითხო ბიბლიის პირველ – დაბადების წიგნში (6-8 თავები).
ღმერთი დღესაც აფრთხილებს ადამიანებს, რომ დადგება დრო, როდესაც დაიღუპება ეს ქვეყანა. მაგრამ არ დაიღუპებიან ისინი, ვისაც სწამს იესო ქრისტე, სწამს ღმერთი და მისი სიტყვა, ბიბლია. ასეთ ადამიანებს დღესაც, ისევე როგორც ნოეს დღეებში, დასცინიან ადამიანები, აბუჩად იგდებენ. თუმცა მორწმუნეებმა იციან, რომ ღმერთი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. დადგება დრო, როცა ღმერთის ნათქვამი აღსრულდება და მორწმუნეები იესო ქრისტესთან ერთად იქნებიან ცაში, სადაც ჩვენ პირადად შევძლებთ გავეცნოთ ნოეს, რომელმაც თავისი მორჩილებით განადგურებისგან იხსნა მთელი კაცობრიობა და დღეს მაგალითია ჩვენთვის.
ჟურნალი „ბილიკი“