ბარნაბას კეთილშობილება

ბარნაბას კეთილშობილება

იოსები სიხარულით მიაბიჯებდა იერუსალიმის ქუჩებში.

– გამარჯობა, იოსებ! – მოესმა ძველი მეგობრის ხმა, რომელიც თავისი სახლის ბანზე იდგა და აკვირდებოდა ქუჩის ორომტრიალს. – გეტყობა კარგ ხასიათზე ხარ დღეს.

– ასეა მათე, ნამდვილად გახარებული ვარ! – უპასუხა იოსებმა.

– მართლა, თუ ასეა შემოდი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.

იოსები სანამ სკამზე დაჯდებოდა, მანამდე დაიწყო თავისი ამბავი:

– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოვისმინე პეტრე მოციქულის სიტყვა. ის ამბობდა, რომ იესო, ჯვარცმის შემდეგ აღდგა და ამაღლდა ზეცად, მამასთან. შემდეგ კი ადამიანებს თავისი სული მოუვლინა, რადგან არ უნდოდა მათი მარტო დატოვება. ღვთის სულიწმიდა, ჩვენ, ადამიანებს, იესოს რწმენას გვანიჭებს. ის გვეხმარება გავიგოთ, რაზე გველაპარაკებოდა იესო, როცა აქ, დედამიწაზე იყო. გარდა ამისა, ის გვანუგეშებს, როდესაც მწუხარედ ვართ, გვაძლევს გაბედულებას, როცა გვეშინია. წარმოიდგინე, რა გაბედული იყო პეტრე, როცა  განკურნა ხეიბარი და სინედრიონმა დააპატიმრა იგი. მას დაემუქრნენ და აუკრძალეს, კვლავ ელაპარაკა იესოზე. მაგრამ პეტრემ უშიშრად უპასუხა: „განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს? ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“

იოსები დადუმდა. მათემ მოუთმენელი ხმით სთხოვა გაეგრძელებინა თავისი ამბავი.

– რის თქმა შემიძლია? ეს ძალა, რომელიც პეტრემ მიიღო სულიწმიდისგან, – ახლა ჩემთანაც არის! მისმინე, როდესაც ვირწმუნე ქრისტე, ასეთი რამ ვნახე. ჩვენს ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ. მათ არც თავის გამოკვება შეუძლიათ და არც ოჯახის. შიმშილობენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც არაფერი აქვთ, რომ მოიხურონ სუსხიან ღამეს. ზოგიერთებმა სახლები დაკარგეს, რადგან ვერ იხდიდნენ ვალებს. ამ დროს ვიგრძენი, რომ სულიწმიდამ მანუგეშა. ვინაიდან უეცრად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შეიძლება ამ ადამიანების დახმარება! იცი, მე მიწა მქონდა, ჩემს სამშობლოში, კვიპროსზე.

– მერე, რა დაემართა ამ მიწას?! – ჩაეკითხა მათე.

– გავყიდე.

– გაყიდე?! – წამოიძახა მათემ.

– ჰო, გავყიდე. მიღებული ფული, ახლახან გადავეცი მოციქულებს. ისინი კი ღარიბებს დაურიგებენ. თითოეული იმდენს მიიღებს, რამდენიც სჭირდება. ასე რომ არავინ დარჩება დახმარების გარეშე. ეს ხომ დიდებულია? ძალიან გახარებული ვარ!

– მოიცა, მოიცა… – შუბლი შეეჭმუხნა მათეს. – შენ გახარებული ხარ იმიტომ, რომ შენი მიწისაგან აღებული ფულით შეგიძლია ვინმეს დაეხმარო?

– ჰო, სწორედ გაიგე! – დაუდასტურა იოსებმა. – იცი, ყველაფერი, რაც მაქვს, ხომ ღმერთისგან მივიღე. სინამდვილეში ყველაფერი მას ეკუთვნის. თუმცა ბევრს იმიტომ გვაძლევს, რომ ის ისე გამოვიყენოთ, როგორც მისთვის იქნება მოსაწონი. და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს მოსწონს, როდესაც ჩვენ სიხარულით ვუზიარებთ მათ, ვისაც ესაჭიროება. ეს ხომ ყველასათვის კარგია. სხვათა შორის, ჩვენს ეკლესიაში ბევრი იქცევა ასე. მე ერთადერთი არ ვარ, ვინც გაყიდა თავისი ქონება და დაეხმარა გაჭირვებულებს.

– ჰო, ამბავი იმის შესახებ, რაც თქვენს ეკლესიაში ხდება, ყველგან გავრცელდა. გავრცელდა, რომ თქვენ ზრუნავთ ერთმანეთზე, რომ თქვენ „ერთი გული და ერთი სული გაქვთ.“ როგორ ფიქრობ, შესაძლოა, რომ მეც რაიმენაირად მოვიდე თქვენთან? – ფრთხილად იკითხა მათემ.

– რა თქმა უნდა, ჩემო კარგო! რა თქმა უნდა!

– და ფიქრობ, რომ მეც შევძლებ შენნაირი სიხარულის განცდას? – მათეს თვალებში იმედი აციმციმდა.

– ცხადია. ღმერთი გიცნობს შენ და ხარობს შენით და როცა შენც გაიცნობ მას, ასევე გაიხარებ.

– ეს ისეთი მშვენიერია, რომ არც კი მჯერა! დღეს რომ გავიღვიძე ძალიან დაღონებული ვიყავი. იცი, თავს ისე მარტო ვგრძნობ. მაგრამ ახლა, როცა გელაპარაკე და მიამბე იესოს და თქვენი ეკლესიის შესახებ, გულში იმედი ჩამესახა. ამან ძალიან მანუგეშა.

იოსებმა სიცილი დაიწყო.

– რატომ იცინი? – შეეკითხა მათე.

– გამოდის, ეს სახელი ზედგამოჭრილია ჩემზე. მოციქულებმა ბარნაბა შემარქვეს – ნუგეშისცემის ძე. თუმცა ვიცი, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ნუგეშის ცემა. და თუ შენ ნუგეში იგრძენი, მხოლოდ იმიტომ, რომ სულიწმიდამ გააკეთა ეს. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. ხვალ შემოგივლი. აბა, კარგად იყავი! ძველზე უფრო მეტად გახარებულმა იოსებმა (ანუ ბარნაბამ, ამიერიდან მას ეს სახელი ერქმევა) სახლისკენ გასწია. თავისი მიწის გაყიდვით მან დახმარება გაუწია ღარიბებს. ამიტომაც თავისი კეთილშობილებით ის დღესაც მაგალითია ჩვენთვის.

ჟურნალი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.