მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 9

მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 9

ეკლესია და სახელმწიფო ვინ ვის?

VI საუკუნისთვის ქრისტიანობა იმდენად მიეჩვია მეფურ მდგომარეობას, რომ უკვე ვეღარ მოიაზრებდა თავს სახელმწიფოსთან კავშირის გარეშე. რომის იმპერია ამ დროისათვის დაიშალა. შინაგანი სისუსტის გამო, იმპერიამ ვერ გაუძლო ბარბაროსთა ზეწოლას, რომლებიც ველური ან ნახევრად ველური ყოფის მიუხედავად, მამაცი მეომრები იყვნენ. ჰუნები, გოთები, ანგლები, გერმანელები და სხვა მომთაბარე ტომები, ძირითადად სამხედრო ალაფისა და ძარცვის ხარჯზე ცხოვრობდნენ. ჯერ კიდევ IV საუკუნეში დაიწყეს მათ შეჭრა დასავლეთ ევროპაში, დამკვიდრდნენ იქ და ბევრჯერ დაარბიეს და გაძარცვეს თავად ქალაქი რომი.

ძველი გერმანელების ოჯახი

476 წელს, რომის იმპერიის დასავლეთმა ნაწილმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა. მის ადგილზე მრავალი მცირე ფეოდალური სახელმწიფოები წარმოიქმნა არამყარი საზღვრებით. ამ პირობებში, ერთადერთი ძალა, რომელმაც შეინარჩუნა მორალი, კულტურა, ცივილიზაცია და ეკონომიკაც კი, ეკლესია იყო. ამიტომაც ეპისკოპოსები და საეკლესიო თემების წინამძღოლები დიდი პატივითა და ძალაუფლებით სარგებლობდნენ ადგილებზე. თუმცა ყველაზე დიდი ავტორიტეტი იმ დროისათვის რომის ეპისკოპოსმა შეიძინა, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ პაპს. ბევრ ეპისკოპოსს, განსაკუთრებით კი რომის ეპისკოპოსს, უწევდა დაკავებულიყო სამეურნეო, პოლიტიკური და საომარი საკითხებითაც კი.

რომის იმპერია

590 წელს ეპისკოპოსად, ანუ პაპად, აირჩიეს გრიგოლი. არჩევამდე გრიგოლი, რომელიც ცნობილი და მდიდარი ოჯახიდან იყო, იკავებდა რომის მერის თანამდებობას. თუმცა პირველი შესაძლებლობისთანავე მან უარი თქვა თანამდებობაზე და შეუდგა ღარიბებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზებას. იგი საკმაო დროს უთმობდა მათთან ერთად ლოცვას, ფიქრობდა ბიბლიურ ტექსტებზე, ქადაგებდა ღვთისმოსავ ცხოვრებას. როცა 590 წელს რომში იფეთქა ჟამიანობამ (შავი ჭირი), გრიგოლმა სამდღიანი მარხვა და ლოცვა გამოაცხადა მთელი რომისთვის. და როცა ჟამიანობამ უკან დაიხია, ხალხმა ის პაპად აირჩია. ამ დროიდან მოყოლებული მთელი თავისი ორგანიზატორული ნიჭი გრიგოლმა ეკლესიასა და რომის ხალხს მოახმარა. მაგალითად, როცა ქალაქს ალყა შემოარტყეს ლანგობარდებმა, გრიგოლმა, რომელმაც მოგვიანებით „დიდი-ს“ ტიტული მიიღო, შესძლო მოლაპარაკება და მიაღწია იმას, რომ მათ ალყა მოეხსნათ. გრიგოლი საეკლესიო ხაზინიდან უხდიდა გასამრჯელოს რომის გარნიზონს და მისი, როგორც რომის ერთადერთი დამცველის ავტორიტეტი უჩვეულოდ მაღალი იყო ხალხში. გრიგოლის შემდეგ არჩეული პაპებიც ასევე ფიზიკური მმართველები იყვნენ რომისა და ცდილობდნენ უპირატესი მდგომარეობა მოეპოვებინათ არა მხოლოდ სხვა ეპისკოპოსებზე, არამედ ევროპის მეფეებზეც.

პაპი გრიგოლ I. მხატვარი ფ. სურბარანი 1626 წ.

კონსტანტინეპოლში კი, იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილის დედაქალაქში, რომელსაც ბიზანტიის იმპერია ეწოდა, ეპისკოპოსები განსხვავებულ მდგომარეობას იკავებდნენ. მათ არ შეეძლოთ ემართათ იმპერატორი, რომლის ხელშიც იყო ჯარი, ფინანსები და ძალაუფლება. ამიტომაც იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ იმპერატორის ძალაუფლებას. მაგალითად, ბიზანტიის ერთ-ერთმა საუკეთესო იმპერატორმა, იუსტინიანე I-მა, რომელსაც ასევე ეწოდა „დიდი,“ არა მხოლოდ ეკონომიკაში და კანონმდებლობაში გაატარა რეფორმები, არამედ აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებშიც. იგი ათავისუფლებდა და ნიშნავდა კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსებს, რომლებსაც იმ დროისათვის პატრიარქები ეწოდათ. იუსტინიანე I საღვთისმეტყველო ნაშრომებსაც წერდა, სურდა აღედგინა ეკლესიის ერთიანობა, მათ კი, რომლებიც არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს, სასტიკად სჯიდა. ათასობით ერეტიკოსი, როგორც თავად თვლიდა, მოკლეს მის დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ისე არ ესმოდათ ბიბლია, როგორც მას. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ მის ირგვლივ მყოფი ეპისკოპოსები არასოდეს უბრუნებდნენ სიტყვას, მაშინაც კი, როცა ის არასწორი იყო რელიგიურ საკითხებში ან ერეოდა საეკლესიო საქმეებში.

იმპერატორი იუსტინიანე რავენის ბაზილიკის მოზაიკა

ამრიგად აღმოჩნდა ქრისტიანობა ჩართული სახელმწიფო საქმეებში, თუმცა განსხვავებულად. აღმოსავლეთში,  იმპერატორიები მართავდნენ ეკლესიას და იყენებდნენ მას, დასავლეთში კი, რომის პაპები, რომლებიც ეკლესიის წინამძღოლები იყვნენ, ცდილობდნენ ემართათ იმპერატორები და ევროპული სახელმწიფოები.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.