წყალზე მავალი
წყალზე მავალი
ხალხი ძალიან აღელვებული იყო. ეს-ესაა ისინი დიდი სასწაულის მომსწრენი გახდნენ: იესომ ხუთი ათასი კაცი დააპურა ხუთი პურითა და ორი თევზით! მან ილოცა, მადლობა გადაუხადა მამას პურისა და თევზისათვის და გადასცა თავის მოწაფეებს ხალხისათვის ჩამოსარიგებლად. ყველამ როცა ჭამა, შეაგროვეს მონარჩენი: თორმეტი კალათა! “მოდი ჩვენს მეფედ დავაყენოთ იგი! – წამოიძახეს აქა-იქ, – და არანაირი პრობლემები აღარ გვექნება.
იესომ იცოდა, რომ სურდათ მისი გამეფება პურისათვის და არა იმის გამო, რომ სწამდათ მისი. მან დააჩქარა თავისი მოწაფეები: “ჩაჯექით ნავში. გაცურეთ ტბის მეორე ნაპირზე!” მოწაფეები შეშფოთდნენ: “შენ როგორღა იქნები?” – “მე ჯერ აქ დავრჩები, ხალხთან. გავუშვებ მათ სახლებში. თქვენ კი იჩქარეთ!”
მოწაფეები ჩაჯდნენ ნავში და გაემართნენ მეორე ნაპირისკენ. იესო კი, როცა ხალხი გაუშვა, განმარტოვდა მთაზე სალოცავად. მოსაღამოვდა. მოწაფეები უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ადგნენ გზას. პირქარი იყო. მალე ნამდვილი ღელვა დაიწყო. ტალღები მოუღალავად ეჯახებოდნენ ნავს, მხოლოდ მოგესწრო წყლის ამოხაპვა.
შუაღამეს გადასცილდა, როცა ერთ-ერთმა მოწაფემ საშინელებისგან შეჰყვირა: “შეხედეთ, მოჩვენება მოდის წყალზე!” მოწაფეებს გულები შეეკუმშათ შიშისაგან. წყალზე მათ უახლოვდებოდათ თეთრ სამოსში გამოწყობილი კაცი. დაინახა რა მოწაფეების შიშისაგან გაფითრებული სახეები, იესო (და ეს მართლაც ის იყო და არა მოჩვენება) შეეცადა გადაეფარა ტალღების ხმაური და ხმამაღლა დაიძახა: “ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
მაშინ ერთ-ერთმა მოწაფემ, რომელსაც პეტრეს ეძახდნენ, მიმართა მას: “თუ ეს შენა ხარ, მაშინ მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.” – “მოდი!” – უთხრა მას იესომ. პეტრეს დიდხანს არ უფიქრია, ის გაბედული კაცი იყო, გადადგა ნავიდან ფეხი პირდაპირ წყალზე და… წავიდა! თავიდან პეტრე მხოლოდ იესოს უყურებდა და მიდიოდა წყალზე, მაგრამ დაინახა დიდი ტალღა, შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო. “უფალო! მიხსენი!”- დაიყვირა მან. იესომ გაუწოდა ხელი, დაიკავა და უთხრა: “რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?” და როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა და ტალღებიც მიწყნარდნენ. ნავში მყოფებმა კი თაყვანი სცეს მას და უთხრეს: “ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ.”
ეს ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ სამ სახარებაში (მათ.14; მარკ.6; იოან. 6.)
ჟურნალი „ბილიკი“