მოციქული პეტრეს ქადაგება

მოციქული პეტრეს ქადაგება

უკვე ორმცოდაათი დღე გავიდა იესო ქრისტეს აღდგომიდან. იერუსალიმში დიდძალი ხალხი შეიკრიბა სხვა-დასხვა ქვეყნებიდან. ქრისტე აღსდგა პასექის დროს, პასექიდან კი ორმოცდაათი დღის შემდეგ იყო დიდი დღესასწაული. მას ასეც ერქვა – ორმოცდაათობა. იესო ქრისტეს მორწმუნეებიც ერთად შეიკრიბნენ, რათა ელოცათ და მადლობა გადაეხადათ ღმერთისთვის ყველა კურთხევებისთვის. და აი, როცა ისინი ლოცულობდნენ, უცბად ძლიერი ხმაური გაისმა ციდან და მათ, ანუ მოწაფეებმა, დაიწყეს წინასწარმეტყველება და ქადაგება. მაგრამ ერთი რამ იყო გასაკვირველი! დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ადამიანები ჩამოსული და თითოეულ მათგანს ესმოდა ის, რასაც მოწაფეები ლაპარაკობდნენ, თავიანთი ქვეყნის ენაზე. ეს ღმერთმა მოახდინა ასეთი სასწაული.

როცა ის ხალხი, რომლებმაც გაიგონეს ხმაური და იხილეს ეს სასწაული, შეიკრიბნენ იმ სახლის ახლოს, სადაც იყვნენ შეკრებილი იესო ქრისტეს მორწმუნეები. პეტრე ადგა და ისე დადგა, რომ ყველას შესძლებოდა მისი მოსმენა და დანახვა, და წარმოთქვა შესანიშნავი ქადაგება. მან თქვა, რომ მომხდარი სასწაული – ბიბლიის წინასწარმეტყველების აღსრულებაა. ძველად ღმერთმა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ დადგება დრო – და ის გამოეცხადება ადამიანებს არა მხოლოდ ტაძარში, არა მხოლოდ წინასწარმეტყველებს, არამედ ყველა მორწმუნეს. და აი ახლა ღმერთმა აღასრულა ეს წინასწარმეტყველება, გამოგზავნა სულიწმიდა, რომელიც მიიღო ღმერთის ყველა მორწმუნემ.

ადამიანები დიდი ყურადღებით უსმენდნენ პეტრეს ქადაგებას. აბა რა! ყველანი იყვნენ იმისი მოწმეები თუ როგორ ლაპარაკობდნენ უბრალო გალილეველი მეთევზეები ყველა ენაზე ერთდროულად, რამაც ცხადია ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! პეტრემ დღესასწაულზე ჩამოსულ ყველა ადამიანს აუხსნა, რომ იესო, რომელიც იერუსალიმში ჯვარს აცვეს ორმოცდაათი დღის წინ, აღდგა და რომ ისინი, მოციქულები, მოწმეები არიან ამ აღდგომისა. მეტიც, იესო ქრისტეს აღდგომა ნაწინასწარმეტყველები იყო ჯერ კიდევ ათასი წლის წინ წინასწარმეტყველისა და მეფის დავითის მიერ. პეტრე ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა. მან უთხრა ხალხს, რომ სწორედ მათ აცვეს ჯვარს იესო ქრისტე, რომ ისინი არიან დამნაშავენი მის სიკვდილში. მაშინ მრავალმა დაიჯერა პეტეს ნათქვამი და იკითხეს: „როგორ მოვიქცეთ?“ პეტრემ უპასუხა: „მოინანიეთ! სთხოვეთ ღმერთს პატიება თქვენი ცოდვებისთვის. იწამეთ იესო ქრისტე,  მოინათლეთ და  მიიღებთ სულიწმიდას! იმიტომ, რომ თქვენთვის წინასწარმეტყველებდა ღმერთი და თქვენ აღგითქვათ თავისი სიტყვის აღსრულება!“

იერუსალიმში დღესასწაულზე ამოსულებს გულზე მოხვდათ ეკლესიის ისტორიაში ეს პირველი ქადაგება. მათ მოინანიეს და მოინათლნენ. ამ დღეს მორწმუნეები გახდნენ და მოინათლნენ სამი ათასი ადამიანი. რამდენი სიხარული, გალობა და ზეიმი იყო! ნამდვილი დღესასწაული!

ისინი ვინც ირწმუნა, ყოველდღე იკრიბებოდნენ, სალოცავად, წმიდა წერილების საკითხავად, მოციქულების შეგონებების მისაღებად და ერთად სავახშმოდ. ისინი ყოველ დღე დადიოდნენ ტაძარში, ადიდებდნენ ღმერთს, უგალობდნენ მას და იყვნენ ერთსულოვანნი. არავის არაფერი უჭირდა, რადგან ყველაფერი საერთო ჰქონდათ. სხვა ადამიანებიც, როცა ხედავდნენ მათ ცხოვრებას, ესმოდათ მათი ლოცვა და ქადაგება, იღებდნენ რწმენას და ხდებოდნენ იესო ქრისტეს მიმდევრები. აი ასე, პეტრეს, მანამდე ყველასთვის უცნობი გალილეველი მეთევზის, ქადაგებით ღმერთმა დასაწყისი დაუდო თავის ეკლესიას.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.