უცნობი ღმერთის სამსხვერპლო
უცნობი ღმერთის სამსხვერპლო
მოციქულ პავლეს დიდი ხანია სურდა ძველი მსოფლიოს კულტურულ დედაქალაქში – ათენში მოხვედრა. მიჰყვებოდა რა საზღვაო პორტიდან, პირეიადან, ათენისაკენ მიმავალ გზას, იგი განცვიფრებული იყო გზის გასწვრივ მდგარი კერპების სიმრავლით. ვის არ ნახავდით აქ! როცა თავად ქალაქში შევიდა და ვიწრო ქუჩებით მთავარ მოედანს, ქალაქის ცენტრს მიაღწია, პავლე მიუახლოვდა შემაღლებულ ადგილს, რომელიც მთელ ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდა, აკროპოლს. ამ ბორცვის წვერს ამშვენებდა ბერძენთა მთავარი ტაძარი პართენონი, რომელიც ქალღმერთ ათენას სახელზე იყო აგებული, და რომლის საპატივსაცემოდაც ერქვა ამ ქალაქს – ათენი.
ათენს ღმერთების დედაქალაქს ეძახდნენ – იმდენი იყო მასში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი კერპები. პავლეს ბევრი რამ ენახა ცხოვრებაში, მაგრამ მსგავს კერპთაყვანისმცემლობას არსად შეხვედროდა. და მან დაიწყო ადამიანებთან საუბარი მათ რწმენაზე. თავიდან სინაგოგაში ებრაელებსა და ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემელ ბერძნებს ესაუბრებოდა, მაგრამ ისინი აქ, მხოლოდ შაბათობით იკრიბებოდნენ. ამიტომ პავლე უკვე ქუჩებში და მოედნებზე გადავიდა. იგი უყვებოდა მათ ერთადერთ არსებულ ღმერთზე, სამყაროს შემოქმედზე, რომელსაც ისინი არ იცნობდნენ და მკვდრეთით აღმდგარ იესოზე. ფილოსოფოსებმა, რომლებიც თავს ყველაზე კომპეტენტურ ადამიანებად თვლიდნენ ქალაქში რწმენის საკითხებთან დაკავშირებით, პავლე მიიწვიეს არეოპაგში, სადაც მას მოუწევდა სიტყვით ქალაქის ავტორიტეტული საზოგადოების წინაშე გამოსულიყო.
და აი პავლეს ქადაგების არენად იქცა არეოპაგი, ანუ საკრებულო (ხელისუფლების ორგანო) არესის მთაზე. მასში შედიოდა გამოჩენილი ათენელების ჯგუფი, რომლებიც იკრიბებოდნენ ისტორიის, ფილოსოფიის ან რელიგიის საკითხების განსახილველად. სწორედ აქ, ამ ბორცვზე, ექვსასი წლით ადრე, ათენელებს, რომლებსაც თავს შავი ჭირი დაატყდათ, ეპიმენედემ ძალზე უცნაური წინადადებით მიმართა. ამ კრეტელმა კაცმა ურჩია მათ აეგოთ უცნობი ღმერთის სამსხვერპლო. ათენელებმა მიიიღეს მისი რჩევა და ეპიდემია შეჩერდა.
მოციქულმა პავლემ იცოდა ეს ისტორია, იცნობდა პოეტ ეპიმენედესაც, მან მისი ციტირებაც კი მოახდინა ტიტეს წერილში. ასე რომ, გამოვიდა რა პავლე ათენელების წინაშე, თქვა:
– პატივცემულო ათენელებო, ვხედავ, რომ ძალზე ღვთისმოშიშნი ხართ; ამდენი ღმერთები არსად მინახია და ეს ყოველივე თვალშისაცემია. თქვენს ქალაქში საკმაო დრო გავატარე და თქვენი სათაყვანო ადგილების თვალიერებისას, იცით, ყველაზე მეტად რამ გამახარა? . . . აქ, შორიახლოს, აღმოვაჩინე სამსხვერპლო, რომელზეც დაწერილია: “უცნობ ღმერთს.” სწორედ ამ ღმერთს, რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით, გიქადაგებთ მე. რა კარგია, რომ თქვენ მას არ აუშენეთ ტაძარი! როგორ ფიქრობთ, ათენელებო, ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია, საჭიროებს ხელით ქმნილ ტაძრებს? – განაგრძო თავისი სიტყვა პავლემ, და თითით აჩვენა მშვენიერი პართენონი, რომელიც იდგა არესის ბორცვზე, სადაც არეოპაგი შეკრებილიყო. – არა! რა თქმა უნდა არა! ის თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: რადგან ჩვენ მისი მოდგმა ვართ”.
პავლეს ქადაგება ძალზე დამაჯერებელი გახლდათ. მსმენელები გაჩუმდნენ.მათაც ესმოდათ, რომ მათ თაყვანისცემაში, ყველაფერი წესრიგზე არ იყო. შეუძლებელია სწორი იყოს ამდენი ღმერთების ყოლა. თუმცა როცა პავლემ გააგრძელა ქადაგება ყველა ახმაურდა. პავლე კი ამბობდა:
– თუ ჩვენ – ღვთის მოდგმა ვართ, მაშ რაღატომ ვთვლით, რომ ღვთაება უნდა გავდეს ქვას, ოქროს ან ვერცხლს? რატომ გაქვთ ამდენი კერპები? ამრიგად, გაიარა უმეცრების ხანამ და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ეს კაცი, რომელიც, ღმერთმა მთელი მსოფლიოს წინაშე დასამოწმებლად მკვდრეთით აღადგინა, – იესო ქრისტეა. . .
როცა პავლემ მკვდრეთით აღდგომაზე დაიწყო საუბარი, ბევრმა ფილოსოფოსმა დასცინა მას, თუმცა ზოგნი ამბობდნენ: “კიდევ მოდი, ჩვენთვის საინტერესოა შენი მოსმენა.” დაინახა რა პავლემ, რომ აღარ უსმენდნენ, დატოვა კრება და წავიდა. ფილოსოფოსები განაგრძობდნენ იმის განხილვას, რაც პავლემ უთხრა მათ. ზოგიერთებმა ირწმუნეს მისი სიტყვები და გაჰყვნენ მას. მათ შორის იყვნენ – დიონისე არეოპაგელი და ქალი, სახელად დამარისი. მოგვიანებით დიონისე, ასე ამბობს გადმოცემა, გახდა პირველი ქრისტიანი ხუცესი ქალაქ ათენში.
მოციქული პავლეს ყოფნა ათენის არეოპაგში, ჩაწერილია საქმეების 17-ე თავში, 16-ე მუხლიდან დაწყებული.
ჟურნალი „ბილიკი“