მეფე მენაშე

მეფე მენაშე

როცა ღვთისმოსავი მეფე ხიზკია მოკვდა, მის ნაცვლად იუდეაში მისი შვილი მენაშე გამეფდა. ის 12 წლის იყო, როცა გამეფდა და 55 წლის განმავლობაში მეფობდა. მან მოისურვა, რომ ისეთივე ყოფილიყო, როგორც იუდეის გარშემო მყოფი ხალხების მეფეები და მთელ ქვეყანაში ააშენა სხვადასხვა ღმერთების სამსხვერპლოები და საკერპოები თაყვანისცემისათვის. მან, ჭეშმარიტი ღმერთის ტაძარში, იერუსალიმშიც კი დადგა ქალღმერთ ასტარტეს დიდი კერპი – იმ ტაძარში, სადაც ღმერთს სურდა გამოცხადებოდა თავის ხალხს და გაეცხადებინა მათთვის თავისი ნება. და იქ, სადაც ოდესღაც მღვდლებს შეეძლოთ გაეგოთ ღმერთისგან, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ, როცა მტრები ესხმოდნენ თავს, ან ხალხს სნეულება ატყდებოდა, ახლა იდგნენ ყრუ, უსიცოცხლო, მკვდარი კერპები.  მთელ  სატაძრო მთაზე მენაშემ განალაგა ზეციური მხედრობისა და სხვადასხვა საშინელი ღმერთების საკერპოები. ყველაზე საშინელი კერპი იდგა ენომის ველზე, ქალაქგარეთ. მას მოლოქი ერქვა. და მსხვერპლად ბავშვებსაც კი სწირავდნენ.

მთელ ქვეყანაში ადამიანები მიმართავდნენ მკითხავებს, მჩხიბავებს, ჯადოსნებს. მეფე მენაშემ ისეთი თანამდებობებიც კი დააწესა, როგორებიცაა მკვდართა სულების გამომხმობელნი და მჩხიბავნი. ხალხისთვის საშინელი დრო დადგა: ღმერთს თითქმის აღარავინ მიმართავდა ლოცვით, ღმერთის წინასწარმეტყველებს დევნიდნენ, ციხეში აგდებდნენ და კლავდნენ კიდეც. თუ რომელიმე წინასწარმეტყველი გაბედავდა და რამეს იტყოდა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, მეფე მას სჯიდა. ის ამბობდა, რომ თუ წინასწარმეტყველი გამოდის კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ესე იგი ის მეფის წინააღმდეგია.

როცა ღმერთმა დაინახა, რომ არც მეფე და არც ხალხი არ მოდიოდა გონს, მან იუდეას ასირიის მეფე მიუსია თავისი ჯარით. ასირიელებმა აიღეს ქალაქი და დაატყვევეს მეფე მენაშე. მათ ის ბაბილონში წაიყვანეს. ეს ქალაქი იმ დროს ჯერაც არ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი, თუმცა უკვე დიდი ქალაქი გახლდათ. იქ, მენაშე დამცირებასა და ტანჯვას იტანდა. იჯდა საპყრობილეში ხუნდებდადებული და ჯაჭვით კედელს მიბმული, როგორც ძაღლი.

და აი აქ, მას გაახსენდა წინასწარმეტყველები, რომლებიც ელაპარაკებოდნენ ღმერთსა და მის მცნებებზე. მან გაიხსენა ასევე საკუთარი მამის ხიზკიას ღვთისმოსავი ცხოვრება, როგორ გაწმიდა მან იუდეა კერპებისა და მკითხავების, ასევე ჰოროსკოპების შემდგენლებისგან. და მენაშემ. . . მოინანია. იგი გულს იმუსრავდა ღვთის წინაშე თავის ლოცვებში და ითხოვდა პატიებას. და ღმერთმაც წყალობა მოიღო მასზე. მან არა მხოლოდ მიუტევა მას მისი ცოდვები, არამედ ისე გააკეთა, რომ ასირიის მეფემ მენაშე სახლში, იერუსალიმში გაუშვა. და გაიგო მენაშემ, რომ მხოლოდ უფალია ღმერთი.

სამშობლოში მობრუნებულმა მენაშემ პირველ რიგში გაანადგურა ყველა კერპი, აჩეხა წმინდა ჭალები, განწმიდა ტაძარი სიბილწისგან და გაამაგრა ქალაქის კედლები. მეფე მენაშეს, რომელიც დაუბრუნდა ღმერთს და უარი თქვა კერპებზე, მმართველობის ბოლო წლები კურთხეული იყო.

მეფე მენაშეს ისტორია, მისი კერპთაყვანისმცემლობა და გულწრფელი მონანიება ღვთის წინაშე, აღწერილია 2 ნეშტთა წიგნში, 33 თავში.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.