აბესალომი და დავითი
აბესალომი და დავითი
ბიბლიაში მრავალი ისტორიაა სხვადასხვა ხალხებზე, სამეფოებზე, ცალკეულ ადამიანებზე. ბიბლიაში აღწერილი ზოგი ისტორია სასიხარულოა, ნათელია, სხვები _ სამწუხარო და მუქი. თუმცა ერთნიც და მეორენიც ჭკუისსასწავლებელია. სხვანაირად ვერც იქნება, ეს ბიბლიაა და ის ცხოვრებას აღწერს ისე, როგორიც არის ის. დღეს მოგიყვებით ერთ ნაღვლიან ამბავს, რომელიც გადახდა ჩვენს საყვარელ გმირს, მეფე დავითს. ბიბლიაში ეს ისტორია სრულად აღწერილია მეფეთა მეორე წიგნში 15-დან 18 თავის ჩათვლით.
მეფე დავითს ძენი და ასულნი ჰყავდა. როცა დავითი მოხუცდა, მის ძეთაგან ზოგიერთმა თვალი დაადგა მის ტახტს. მათ მოინდომეს, რომ მამის სიკვდილის შემდეგ გამხდარიყვნენ ისრაელის მეფე. იმ დროის წესების მიხედვით მეფე მხოლოდ ის გახდებოდა, ვისაც მამა გამოაცხადებდა თავის მემკვიდრედ. ერთ-ერთმა მისი ძეებიდან, აბესალომმა იცოდა, რომ არასოდეს ეღირსებოდა სამეფო ტახტი, რადგან მამასთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ამიტომაც გადაწყვიტა ტახტს ცბიერებითა და ძალით დაუფლებოდა. მან გაიჩინა ეტლები, ცხენები და 50 მალემსრბოლი. აბესალომი დილით ადრე იღვიძებდა, დგებოდა სასახლის კართან და როცა ვინმე მოდიოდა მეფესთან სამართლისთვის, გვერდზე გაიხმობდა ხოლმე და ეუბნებოდა: „აქ შენ, არავინ მოგისმენს. აი მე რომ ვიყო მეფე, შენი სამართლიანი საქმე შესმენილი იქნებოდა ჩემგან!“ და ყოველგვარი ცბიერი და უგვანი სიტყვებით ლაპარაკობდა თავის მამა დავითზე. დროის კვალობაზე ადამიანებმა დაიწყეს მისი სიტყვების დაჯერება. ისინი უსმენდნენ აბესალომს და ფიქრობდნენ, რომ იგი უკეთესი მეფე იქნებოდა ვიდრე მოხუცებული დავითი.
ის დღეც დადგა, როდესაც აბესალომი წავიდა ქებრონში და იქ თავისი მომხრეების მთელი ჯარი შეკრიბა. მაცნეებს უბრძანა, რომ მისგან დანიშნულ დროს გამოეცხადებინათ, რომ ახლა ის, აბესალომია მეფე ისრაელში. მოკლედ, იგი აუჯანყდა მამას და ემზადებოდა მასთან საბრძოლველად.
როცა დავითმა გაიგო, რომ მის წინააღმდეგ მთელი ლაშქარია შეკრებილი, გადაწყვიტა დაეტოვებინა იერუსალიმი. არ უნდოდა, რომ ქალაქში ომი გაჩაღებულიყო. მეფე დავითი თავის მომხრეებთან ერთად აღმოსავლეთისკენ გაემართა. იქ მას ერთგული ადამიანები ჰყავდა, რომლებმაც მას და მის მხლებლებსაც თავშესაფარი მისცეს.
აბესალომი თავისი ჯარით გამოვიდა მეფე დავითის ჯართან საბრძოლველად. თავად დავითი ბრძოლაში არ წასულა, მეგობრებმა დაითანხმეს ასე მოქცეულიყო. ბრძოლის დაწყებამდე, მან სთხოვა თავის მხედართმთავრებს, შეენარჩუნებინათ სიცოცხლე აბესალომისთვის.
გადამწყვეტი ბრძოლა ეფრემის ტყეში გაიმართა. იმ დროს ისრაელში ძალიან ბევრი ტყეები იყო. ბრძოლა მოკლე მაგრამ სასტიკი გამოდგა. მეფე დავითის მცირერიცხოვანმა ჯარმა იოაბის, აბიშაის და ითაის სარდლობით გაანადგურა მეამბოხეთა ლაშქარი. აბესალომს შემოეფანტნენ მხლებლები. მასაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ თავისთვის გაქცევით ეშველა. ჯორზე ამხედრებულმა აბესალომმა ტყეს მიმართა, ცდილობდა თვალს მიფარებოდა. მას გრძელი და ხშირი თმა ჰქონდა, რის გამოც სირბილისას, ერთ ტოტებგაბარჯღულ მუხაზე ჩამოეკიდა თმებით, ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა. სწორედ ასე იპოვეს აბესალომი – მუხის ტოტებში გაბმული და ჩამოკიდებული. იოაბმა არ შეასრულა მეფე დავითის ბრძანება და დაავალა თავის ბიჭებს დაესაჯათ მეამბოხე. აბესალომის უსულო სხეული ჩააგდეს ღრმა ორმოში და ქვების დიდი გროვა აღმართეს მასზე.
ასე უსახელოდ დამთავრდა მეფე დავითის ძის, აბესალომის სიცოცხლე.
როცა დავითმა შეიტყო შვილის სიკვდილი, მწარედ ატირდა. იგი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მისი ძე აუმხედრდა მას და ეურჩა ღმერთს, რის გამოც ასე დაისაჯა.
ჟურნალი „ბილიკი“