შუასაუკუნეების კონტრასტები

შუასაუკუნეების კონტრასტები

სავარაუდოდ, ყველა გოგონას სურს იყოს ლამაზი პრინცესა გრძელი მაქმანიანი კაბით, ყველა ბიჭს კი _ ცხენზე ამხედრებული მამაცი რაინდი, მახვილითა და შუბით. ეს სახეები ჩვენთან შუასაუკუნეებიდან მოვიდა. გულისტკივილს იწვევს, როდესაც თანამედროვე მოზარდებს არ შეუძლიათ ლამაზად და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი აზრები და ღირსეულად ეჭიროთ თავი. ხშირად მათ არ ჰყოფნით სიტყვები, ამიტომაც იყენებენ უცენზურო გამონათქვამებს. მათთვის არ უსწავლებიათ კარგი მანერები და სწორი მეტყველება. ძველ წიგნებში კი აღწერილია შუასაუკუნეების დროს უბრალო, მაგრამ ღვთისმოშიშებითა და ამაღლებული გრძნობებით სავსე ცხოვრება.

რაინდად კურთხევა
მხ. ე. ლეიტონი

სკოლებში გვასწავლიდნენ, რომ შუასაუკუნეები „ბნელი საუკუნეები“ იყო, კოცონების, წამებისა და დაუსრულებელი ომების დრო. ასე ნამდვილად იყო, მაგრამ ცოდნისა და განათლების XX-XXI საუკუნეებში წამება, სისხლისღვრა და ძალადობა გაცილებით მეტია. საკმარისია ჩავრთოთ ტელევიზორი ანდა გადავშალოთ გაზეთი და ვნახავთ იმ საშინელებებს, რაც ხდება დღეს პლანეტის სხვადასხვა ადგილას. გაეროს მონაცემებით, ჩვენს დღეებში ყოველწლიურად 25 ათასი ადამიანი კვდება შიმშილისგან და ყოველწლიურად არა ნაკლებ 250 ათასი ქრისტიანი ხდება რელიგიური დევნის მსხვერპლი.

შუასაუკუნეებმა არ იცოდა ამ მასშტაბის სიკვდილიანობა. ყველაზე სასტიკმა, ესპანურმა ინკვიზიციამ თავისი არსებობის მანძილზე კოცონზე დაწვა დაახლოებით 32 ათასი ადამიანი. ხოლო ისტორიკოსების დათვლებით მეორე მსოფლიო ომის 5 წელიწადნახევრის მანძილზე, ფაშისტებმა მოკლეს და აწამეს დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი. ზოგიერთი დათვლებით კიდევ უფრო მეტი. ამიტომაც უფრო სწორი იქნებოდა ამ დროსათვის გვეწოდებინა ბნელი საუკუნეები, ხოლო შუასაუკუნეებისათვის, გაცილებით  მისაღები ფასეულობების ხანა. 

მონაზვნები ეხმარებიან სნეულებს.
შუასაუკუნეების მინიატურა

შუასაუკუნეების დროს, როდესაც ჭირისა და ქოლერის ეპიდემიებს ათეულ ათასობით და ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა, მხოლოდ ეკლესია იყო მშვიდობისა და მოწყალების კერა.  ბერები და მონაზვნები ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, ხოლო ეკლესიები _ მოწყალების პოვნის ერთადერთ ადგილს წარმოადგენდნენ სასტიკ გარემოში.

ქრისტიანობის ზემოქმედებით ველური მეომრები რაინდებად იქცნენ. რაინდი _ არა მხოლოდ ცხენზე ამხედრებული მეომარია აბჯრითა და მომარჯვებული შუბით _ ის უპირველეს ყოვლისა კეთილშობილებაა, თავგანწირვაა, დიდსულოვნება და მოწინააღმდეგის პატივისცემაა. რაინდები მხოლოდ ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მოხუცების, ქალებისა და ბავშვების მოკვლა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. რაინდებისთვის პატივი და ღირსება ოქროზე და ძალაუფლებაზე მაღლა იდგა. მაგალითად დატყვევებულ რაინდებს არასოდეს ყარაულობდნენ. თუ რაინდი ტყვედ ბარდებოდა და გამარჯვებულის მხრიდან შეწყალების იმედი ჰქონდა, არავითარ შემთხვევაში არ გაიპარებოდა. აი ამონარიდი ღირსების რაინდული კოდექსიდან:

სამართლის აღსრულება.
სუსტებისა და უდანაშაულოების დაცვა.
საკუთარი თავის მოთოკვა.
უფროსების პატივისცემა.
ქალების პატივისცემა.
სიმამაცე სიტყვებსა და საქმეებში.
არასოდეს დაესხა მოწინააღმდეგეს ზურგიდან.

ცხადია, შუასაუკუნეების დრო _ ჯვაროსნული ლაშქრობების დროა, რომლის დროსაც ბევრი უმსგავსობა ხდებოდა. უფრო ხშირად ეს ბინძური პოლიტიკა იყო. ასეთ ლაშქრობებში ძალიან ბევრი ნაძირალა მონაწილეობდა, მაგრამ მონაწილეთა უმრავლესობის მიზანი მთლიანად რელიგიური ხასიათის გახლდათ _ მიეღწიათ და გაეთავისუფლებინათ წმინდა მიწები.

რაინდების შერკინება.
შუასაუკუნეების მინიატურა

თუმცა ამგვარი მიზანი არანაირად არ შეესაბამება ჩვენი მოძღვრის _ იესოს სახარებისეულ ნორმებს. იგი ნებას არ იძლეოდა სამხედრო მეთოდებით დანერგილიყო ჭეშმარიტება. საქმე იმაში იყო, რომ შუასაუკუნეების ქრისტიანობას დავიწყებული ჰქონდა ადრეული ეკლესიის ცხოვრების წესი. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა სამარცხვინო კვალი დატოვა ეკლესიის ისტორიაში. კიდევ უფრო საშინელი ლაქა გამოდგა ინკვიზიცია _ მცდელობა განეწმიდათ ეკლესია ე. წ. ერეტიკოსებისგან, პრაქტიკულად კი _ ყველასგან, ვინც მიუღებელი იყო საეკლესიო ხელისუფლებისათვის.

რატომ დაუშვა უფალმა ეს ყოველივე? შეიძლება იმიტომ, რომ თავისი მიმდევრებისთვის ეჩვენებინა ამქვეყნიური წარმოდგენების სიყალბე სამართლიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ აღექვათ და მიეღოთ მთაზე ქადაგების მაღალი იდეალები.

ჟურნალი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.