მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 1

მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 1

დასაწყისი

სავარაუდოდ, თქვენ, ჩემო პატარა მეგობრებო, გინახავთ სხვადასხვა ტაძრები, სამლოცველო სახლები, მეჩეთები, სინაგოგები… დედამიწაზე 6 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, და მათ უმრავლესობას სწამს ღმერთი. რა თქმა უნდა სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვანაირად სწამთ, და თითოეულ ქვეყანაში შესაძლოა იპოვო ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ეთაყვანებიან თავიანთ ღმერთს. ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ღმერთი, რომელიც იესო ქრისტეში გამოეცხადა ქვეყნიერებას, ქრისტიანები ეწოდებათ.

წმ. პეტრეს ტაძარი

სწორედ იესოდან იწყება ქრისტიანული რწმენის ისტორია, ეკლესიის ისტორია. ქრისტიანობა – ყველაზე ხალხმრავალი რელიგიაა ჩვენს პლანეტაზე. ყოველი მესამე ადამიანი დედამიწაზე – ქრისტიანია. ქრისტიანობა კი იესოს მოწაფეთა პატარა ჯგუფით დაიწყო, იუდეაში. ეს დაახლოებით ახ. წ. 30 წელს მოხდა. იერუსალიმში მაშინ შეიკრიბა დაახლოებით 120 კაცი. თითოეული მათგანი იხსენებდა როგორ შეხვდა იესოს, როგორ დაჰყვებოდნენ ისინი მას და ხედავდნენ მის სასწაულებს, როგორ გასცა ერთ-ერთმა მათგანმა იესო და როგორ გაუსწორდნენ  მას. იესოს ერთ-ერთი მოწაფე, სახელად პეტრე, ალბათ უკვე მეათეჯერ ხმამაღლა ყვებოდა იმას, რაც ნახა მღვდელმთავრის სახლში: „ის დუმდა! წარმოგიდგენიათ? მას შეეძლო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა და ყველა მეომარი მკვდარივით გახდებოდა, მაგრამ ის დუმდა! ტანჯვით მოკვდა. თუმცა მესამე დღეს იესო აღდგა! თავად ვნახე! და აი ახლა ჩვენ სასწაულს ველით. სულიწმიდა უნდა მოგვეფინოს და მასთან ერთად ზეციური ძალაც, როგორც იესომ აღგვითქვა.“

სასწაულიც მოხდა. რამდენიმე დღის შემდეგ დღესასწაულზე, რომელსაც ორმოცდაათობის დღე ერქვა, მოციქულებზე, იესოს უახლოეს მოწაფეებზე გადმოვიდა სულიწმიდა. იერუსალიმის ყველა მცხოვრები შეშინებული იყო ზეციდან მომავალი უჩვეულო ხმით. ისინი მიცვივდნენ იმ სახლთან, სადაც მოციქულები იყვნენ შეკრებილნი და ქუჩა მთლიანად ჩაიხერგა. თითოეულს სურდა ეხილა ცეცხლოვანი ენები, რომლებიც მოციქულებს ედგათ თავზე.

სულიწმიდის მოფენა მხ. გ. დ.

მოციქულები კი ისე ამეტყველდნენ, რომ იერუსალიმში თაყვანისსაცემად ამოსულ მომლოცველებს თავიანთ მშობლიურ ენაზე ესმოდათ მათი ქადაგება. მოციქულებს არასოდეს უსწავლიათ ეს ენები, თუმცა ლაპარაკობდნენ იმ სასწაულზე, რომელიც ღმერთმა აღასრულა იესო ქრისტეზე. ისინი მოუწოდებენენ ხალხს მოენანიებინათ და ერწმუნათ იესო, როგორც მესია, ანუ ღმერთისაგან გამოგზავნილი ცხებული, რომელმაც ადამიანთა ცოდვები თავზე აიღო და მოკვდა მათთვის ჯვარზე. ხალხმაც ირწმუნა. იმ დღეს წყალში მოინათლა დაახლოებით 3000 ადამიანი. ასე დაიწყო ქრისტიანობის ისტორია.

ერთი წლის მანძილზე მოციქულები და სხვა მოწაფეები არ გადიოდნენ იერუსალიმიდან. ისინი ყოველდღე იკრიბებოდნენ ტაძარში და სახლებში ლოცვისა და წერილის შესწავლისათვის; ერთად ვახშმობდნენ და ტეხდნენ პურს, ეზიარებოდნენ, იგონებდნენ თავიანთ მოძღვარს; ისინი ქადაგებდნენ და ნათლავდნენ ახალ მოწაფეებს. მოწაფეები არ ქმნიდნენ ახალ რელიგიას, მხოლოდ ელოდნენ იესოს დაბრუნებას, რომელმაც აღუთქვა მათ, რომ კვლავ დაბრუნდებოდა მათთან. პირველი მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესო დაბრუნდებოდა ათი დღის, ერთი წლის, ან თუნდაც 10 წლის შემდეგ. თუმცა უფალს არ დაუზუსტებია თარიღი. მან მხოლოდ თქვა, რომ საჭიროა ყოველთვის მზად ვიყოთ მასთან შესახვედრად. თუმცა იერუსალიმში მყოფმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს, რომ ის ჯერ კიდევ მათი სიცოცხლის დროს დაბრუნდებოდა. ამიტომაც ისინი ყიდიდნენ თავიანთ სახლებსა და მიწებს, ყველაფერი მიჰქონდათ საერთო სალაროში და თითოეულ აძლევდნენ იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა ცხოვრებისთვის. ანუ მათ ჰქონდათ საერთო მეურნეობა, ქონება და იესოს ერთიანი რწმენა.

მალე ქრისტეს მოწაფეები ისე გამრავლდნენ, რომ მეფე ჰეროდე, რომელიც მეფობდა მაშინ იერუსალიმში, შეშინდა და გადაწყვიტა გასწორებოდა მათ.  მანამდე ფანატიკოსმა იუდეველებმა ჩაქოლეს დიაკვანი სტეფანე, შემდეგ კი ჰეროდემ ბრძანა თავი მოეკვეთათ მოციქულ იაკობისთვის. ამის შემდეგ იესოს მოწაფეებმა დატოვეს იერუსალიმი. ისინი ჩადიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, შედიოდნენ ადგილობრივ სინაგოგებში და იქ ყვებოდნენ იესოს შესახებ. მრავალნი და მრავალნი სხვადასხვა ქალაქებიდან იღებდნენ რწმენას და ინათლებოდნენ. ქალაქ ანტიოქიაში მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები მათი მოძღვრის სახელის მიხედვით. შემდეგ ეს სახელი  საერთო გახდა იესო ქრისტეს ყველა მიმდევრისათვის მთელს მსოფლიოში.

წმიდა პეტრეს ტაძარი ანტიოქიაში. აგებულია იმ გამოქვაბულის ადგილას, სადაც იდუმალ იკრიბებოდნენ პირველი ქრისტიანები დევნის დროს.

ჟურნალი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.