ისლამი
ისლამი
ყვებიან, რომ ქალაქ ტრუას (თანამედროვე საფრანგეთის ჩრდილოეთი) არქიეპისკსოპოსი, შეხვდა დაუნდობელ დამპყრობელ ატილას, რომელიც მზად იყო ქალაქი გაეძარცვა და ასე მიმართა: „კურთხეული იყოს შენი მოსვლა _ ჩემი ღმერთის, რომელსაც მე ვემსახურები, მათრახო, და განა მე შეგაჩერებ შენ.“
შუასაუკუნეების მანძილზე ეკლესიის ბევრ მსახურს ესმოდა, რომ ცოდვისა და წერილიდან ხშირი გადახვევების გამო, ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, მკაცრად დაისჯებოდნენ. და მართლაც, ქრისტიანებს არცთუ იშვიათად ატყდებოდათ თავს სასჯელი ბარბაროსების სახით, რომლებიც კლავდნენ და ძარცვავდნენ მათ. VII საუკუნეში _ ახალი რელიგიური მოძრაობის სახით, რამაც სრულიად შეცვალა მსოფლიოს რელიგიური რუკა, გამოჩნდა ისლამი.
ისლამი აღმოცენდა არაბეთის ნახევარკუნძულზე, შიშველი კლდეების, ქვიშისა და მცხუნვარე მზის პირობებში, სადაც ადამიანები კიდევ უფრო მწვავედ გრძნობენ თავის უსუსურობას და ღვთაებაზე დამოკიდებულებას. ადამიანი, რომელმაც სათავე დაუდო ისლამს, დაიბადა მექაში. მას მუჰამედი ერქვა. 610 წელს, 40 წლის ასაკში, საკუთარი აღიარების თანახმად, მან მიიღო გამოცხადება ალაჰისგან. ამის შემდეგ მას ბევრი სხვა ხილვაც ჰქონდა, რომლებიც ჩაწერილი და გაერთიანებულია განსაკუთრებულ წიგნში, რომელსაც ყურანი (რაც ნიშნავს „კითხვას“) ჰქვია.
მუჰამედი არ თვლიდა თავს ახალი რელიგიის დამაარსებლად. იგი მიუთითებდა ახალი და ძველი აღთქმების გამოცხადებებზე და ხაზს უსვამდა, რომ ისინი დამახინჯდა და მხოლოდ მისი მეშვეობით აღდგება ერთიანი ღმერთის რწმენა. წინასწარმეტყველი მოუწოდებდა თავის მიმდევრებს უარი ეთქვათ კერპთაყვანისმცემლობაზე, ეცხოვრათ მართალი ცხოვრებით, და მომზადებულიყვნენ ღმერთის სამსჯავროსათვის. ხსნა ისლამში მიიღწევა მუსლიმურ თემთან კუთვნილებითა და ერთგულებით და ყურანის მითითებების მორჩილებით. მისი მითითებები საკმაოდ უბრალოა და ეყრდნობა ხუთ „სვეტს“: რწმენის აღიარებას, ყოველდღიურ ლოცვას, მარხვას, მოწყალების გაღებას და მომლოცველობას.
ისლამმა შესძლო ადამიანებისათვის სულიერი საყრდენის მიცემა და ასევე მოახერხა მომთაბარე ბედუინთა ტომების გაერთიანება, აქცია რა ისინი მრისხანე საბრძოლო ძალად. ისლამისთვის ბრძოლა სავალდებულო იყო ყველა მისი მიმდევრებისთვის.
მუჰამედის სიკვდილიდან მალევე მუსულმანებმა დაიწყეს სირიისა და მთელი მცირე აზიის დაპყრობა ბევრი ქრისტიანული ქალაქი, რომლებიც ბიზანტიის იმპერიას მიეკუთვნებოდა, _ დამასკო, ანტიოქია, იერუსალიმი და სხვა _ ან ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ ან ძალიან იოლად იღებდა მტერი ამ ქალაქებს; მიზეზი ქრისტიანებს შორის არსებული განხეთქილება იყო. ასე მაგალითად, ალექსანდრიის პატრიარქმა, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, მუსულმანებს გაუღო ქალაქის კარიბჭე 23 თვიანი ალყის შემდეგ. მისი მემატიანე წერდა: „. . .შურისძიების ღმერთმა, ხედავდა რა ბიზანტიელების ბოროტებას, რომლებიც ყველგან, სადაც ძალაუფლებას ფლობდნენ, სასტიკად ძარცვავდნენ ჩვენს ეკლესიებსა და მონასტრებს და ჩვენც ულმობლად გვასამართლებდნენ, სამხრეთიდან მოიყვანა ისმაელის ძეები, და მათ მიერ გაგვათავისუფლა.“ ცხადია, არანაირი თავისუფლება ქრისტიანებს არ მიუღიათ.
VIII საუკუნის დასაწყისში ისლამი გავრცელდა მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში, გადავიდა ახლანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე და თითქმის მთლიანად დაიკავა იგი. აღმოსავლეთში მუსულმანების ჯარებმა დაიკავეს ირანი, თუმცა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ასეთ დიდ ტერიტორიაზე ვერ შეძლეს, ამიტომაც გამოჩნდა ბევრი სხვადასხვა და ერთმანეთის მოქიშპე ხალიფატები (ფეოდალური მუსლიმური სახელმწიფოები, ხალიფას მეთაურობით). ის ოლქები, სადაც ოდესღაც სახელმწიფო რელიგიად ქრისიტიანობა ითვლებოდა, სამუდამოდ დაიკარგა.
რატომ გადადიოდა ადგილობრივი მოსახლეობა ასე ადვილად ისლამში? ეს მხოლოდ ძალადობითა და მუქარით არ აიხსნება. როგორც ჩანს ადამიანებმა, რომელთათვისაც ქრისტიანობა მხოლოდ ტრადიცია იყო, და რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყვნენ მონათლულები, პირველივე ზეწოლისას იოლად თქვეს უარი თავიანთ შეხედულებებზე. თუ ადამიანმა სრულად არ მიუძღვნა თავი უფალს, იგი თავს იტყუებს, და იმისათვის, რომ დაეხმაროს მას მიხვდეს, სინამდვილეში რა გზას ადგას იგი, ღმერთი უშვებს გამოცდებს.
ეკლესიის ბევრი მსახური _ არა მხოლოდ შუასაუკუნეებისას, არამედ ახლაც, ხვდება, რომ, როცა ქრისტიანობა კარგავს თავის პრინციპებს და წყვეტს იყოს მარილი მიწისა, ღმერთი გზავნის თავის მათრახს უბედურებების სახით. ამიტომაც არის ასე საჭირო ადამიანმა შეამოწმოს თავისი მიძღვნა ღმერთისადმი.
ჟურნალი „ბილიკი“