მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 2

მოთხრობები ქრისტიანობის ისტორიიდან – ნაწილი 2

პირველი ნაბიჯები

თუ თქვენ გყავთ პატარა ძმა ან და, თქვენთვის საჭირო არ არის აგიხსნან, თუ რას ნიშნავს „პირველი ნაბიჯები.“ პატარა, პირველ ნაბიჯებს გაუბედავად და ფრთხილად დგავს, თუმცა მამა იჭერს და ეხმარება მას. ასე იყო ქრისტიანობაშიც. დაახლოებით 30, შესაძლოა 33 წელსაც ახალი წელთაღრიცხვით (ზუსტი და ერთიანი კალენდარი მაშინ ჯერაც არ იყო) იერუსალიმში, იუდეის სამეფოს დედაქალაქში, იესო ქრისტეს მოწაფეებმა დაიწყეს ქადაგება, რომ იესო – მესია, ხორცში მოსული ღმერთია. უფალი მათი მეშვეობით ბევრ სასწაულსა და განკურნებას ახდენდა – რადგან ზეციერი მამა ეხმარებოდა ქრისტიანებს გადაედგათ პირველი ნაბიჯები იმის დასამოწმებლად, რომ იგი მათთანაა.

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ რელიგიურმა ებრაელებმა, რომლებიც არ აღიარებდნენ იესოს, დაიწყეს ქრისტიანების დევნა. ამის გამო ისინი გაიფანტნენ დიდი რომის იმპერიის, რომლის ნაწილიც გახლდათ მაშინ იუდეის სამეფო, სხვადასხვა ქალაქებში. რა თქმა უნდა, იესოს მოწინააღმდეგენი იუდეველთაგან იქაც ცდილობდნენ მისწვდომოდნენ ქრისტიანებს, ცდილობდნენ მათ ცილისწამებას და მკვლელობასაც კი.

მაგალითად, ერთი ახალგაზრდა რაბინი იერუსალიმიდან, სახელად სავლე, წავიდა სირიის დედაქალაქ დამასკოში, რათა მოეძებნა ქრისტიანები და დაეპატიმრებინა ისინი. მაგრამ დამასკოს შორიახლოს ის, იესოს ხმამ შეაჩერა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ სავლე მიწაზე დაეცა თვალისმომჭრელი სინათლისგან დაბრმავებული. როცა მხლებლებმა შეიყვანეს ის დამასკოში, მას მხედველობა დაუბრუნდა, მოინათლა და გახდა სახარების მგზნებარე მქადაგებელი. მან სახელიც შეიცვალა და მიიღო პავლეს სახელი, რაც ნიშნავს „ყველაზე მცირეს.“

დამასკოს გზა იერუსალიმიდან

იმ წლებში მოციქულებმა და იესოს პირველმა მოწაფეებმა დატოვეს იერუსალიმი დევნის გამო და დაიწყეს თავშესაფრის ძიება რომის იმპერიის ქალაქებსა და სოფლებში. ისინი ებრაელები იყვნენ, და ცხადია სხვა ქალაქში მისვლისას, ეძებდნენ ებრაულ თემს მხარდაჭერისა და ჭერის მისაღებად. სინაგოგებში, სადაც შაბათობით იკრიბებოდნენ ებრაელები, ქრისტიანები ყვებოდნენ იესოს შესახებ და წერილებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ის არის, ღმერთისაგან აღთქმული მესია. ზოგიერთებს სჯეროდათ მათი და ინათლებოდნენ იესოს სახელით, თუმცა ებრაელების უმრავლესობა იესოს ცრუდ მიიჩნევდა და ამ მიზეზის გამო ქრისტიანებს აძევებდნენ თავიანთი გარემოდან. ასეთ დროს ქრისტიანები იესოს ქადაგებას ადგილობრივ მცხოვრებლებთან იწყებდნენ.

იმ დროში ყველა ადამიანი იყო მორწმუნე, თუმცა ყოველ ქალაქს და ცალკეულ ოჯახებსაც კი თავ-თავისი ღმერთები ჰყავდათ. მრავალს სჯეროდა, რომ ეს კერპები დაეხმარებოდნენ მათ, ამიტომაც ლოცულობდნენ მათ წინაშე და მსხვერპლსაც კი სწირავდნენ.ქრისტიანები ასწავლიდნენ ხალხს, რომ მხოლოდ იესოა – ნამდვილი, ცოცხალი ღმერთი. ბევრი წარმართი ხდებოდა იესოს მოწაფე. ეს კიდევ უფრო მეტად აბრაზებდა იმ ებრაელებს, რომლებსაც არ სწამდათ იესოსი და ისინი განაგრძობდნენ ქრისტიანების დევნას. ამ მიზეზის გამო იესოს მოწაფეები  ცალკე იკრიბებოდნენ. ასე გამოჩნდა პირველი ქრისტიანული თემები, ებრაულისაგან დამოუკიდებლად. მასში სულ უფრო ბევრი და ბევრი ქრისტიანი ერთიანდებოდა ადგილობრივებიდან, ანუ წარმართთაგან. იკრიბებოდნენ საღამოობით, სამუშაოს შემდეგ, ერთად ვახშმობდნენ, ხოლო კვირის პირველ დღეს, რომელიც რომის იმპერიაში მზის დღის სახელით იყო ცნობილი და რომლის დროსაც ადამიანები უმეტესწილად ისვენებდნენ, აწყობდნენ  ღვთისმსახურებებსა და ლოცვებს, გალობდნენ და განიხილავდნენ ძველაღთქმისეულ წერილებს.

მრავალი ქრისტიანის გული იყო აღძრული ღმერთისგან წასულიყვნენ სხვადასხვა ქალაქებში და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ეხარებინათ ქრისტე. ასე მაგალითად პავლე, ყოფილი სავლე, I საუკუნის 50-60 წლებში ბევრს მოგზაურობდა და აფუძნებდა ქრისტიანულ თემებს, რომლებიც ძირითადად წარმართთაგან შესდგებოდა, ამიტომაც მას წარმართთა მოციქულიც კი უწოდეს. მას, ასევე მოციქულებს, რომლებმაც პირადად იხილეს და უსმინეს იესოს, უკვე აღარ შეეძლოთ ყველა ქრისტიანული თემის მონახულება, ამიტომაც დაიწყეს ეპისტოლეების წერა, რომლებშიც ყვებოდნენ, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა ქრისტიანულად და გვქონოდა იესოს რწმენა.

მოციქულების პეტრესა და პავლეს ყველაზე ძველი და ცნობილი გამოსახულებები აღმოჩენილია რომის კატაკომბებში.

I საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანები მიხვდნენ, რომ ისინი იუდეველური რელიგიის ერთ-ერთ შტოს კი აღარ წარმოადგენდნენ, არამედ იყვნენ ახალი და სრულიად დამოუკიდებელი მიმართულების მქონენი. ეს მიმართულება აღარ ემორჩილებოდა იუდეველურ რჯულს, არამედ პირდაპირი კავშირი ჰქონდა ღმერთთან იესო ქრისტეს მეშვეობით. ისინი მთლიანად გაემიჯნენ იუდაიზმს და თავისი ცხოვრების აშენება დაიწყეს მხოლოდ იმ პრინციპებზე, რომლებიც მათმა მოძღვარმა გამოაცხადა.

ჟურნალი ბილიკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *