ყველაზე საოცარი მოვლენა

ყველაზე საოცარი მოვლენა

გინახია დედა გაბერილი მუცლით? …უკვე რომ უჭირს ოთახში სიარული. მამა გახარებული, მეგობრულად რაღაცეებს რომ ეჩურჩულება. გახსოვს ალბათ? შემდეგ კი ერთ დილასაც, რომ გაგეღვიძა, სახლში არავინ იყო ბებიის გარდა. ბებომ გითხრა, რომ დედა სამშობიარო სახლშია და რომ ახლა პაწაწინა დაიკო გყავს, რომელსაც ვთქვათ ანუკი ჰქვია. ასე დავიბადეთ ყველა. თუ მთლად ასე არა, დაახლოებით მაინც.

ლუკას სახარებაში, მეორე თავში წერია: „დადგა მისი მშობიარობის დრო.“ მისი შვილის შობა ამ სოფლად ყველა სხვა ბავშვების შობისაგან განსხვავდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ მარიამს, რომელზედაც წერია სახარებაში, ცხრა თვით ადრე, გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ მას ეყოლება შვილი – ძე, რომლის მამაც თავად ღმერთი იქნება. მარიამმა დაუჯერა ანგელოზს. ამ დღის სამახსოვროდ ქრისტიანული ეკლესია ზეიმობს ხარებას.

მარიამს ჰყავდა საქმრო, რომელსაც იოსები ერქვა. იოსებს სიზმარში ეჩვენა ანგელოზი და უთხრა, რომ არ ენაღვლა: თავად ღმერთმა ამოირჩია მარიამი, რომ ღვთის ძის, მესიის (ბერძნულად – ქრისტე) დედა გამხდარიყო. იოსებს მარიამის ძისათვის იესო უნდა დაერქმია. და აი ახლა იოსები და მარიამი ბეთლემის გზას ადგანან, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ მოსახლეობის აღწერაში. იუდეის ბეთლემში ძალიან ბევრი ხალხი შეყრილიყო: ყველა ვინც აქედან იყო წარმოშობით, აღწერაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ამის გამო მარიამისა და იოსებისთვის ღამის გასათევი ადგილი არ მოიძებნა. თუმცა ერთმა გულისხმიერმა კაცმა შესთავაზა ადგილი ბოსელში, სადაც მისი საქონელი იდგა. აქ, ასე თუ ისე, არ ქროდა ქარი და თბილოდა. საღამოც ჩამომდგარიყო. სად უნდა წასულიყვნენ? დათანხმდნენ რა თქმა უნდა. ამავე დროს ზეცაში აკაშკაშდა ვარსკვლავი – ეს უბრალო ვარსკვლავი არ იყო, არამედ განსაკუთრებული. შორს აღმოსავლეთში, მოგვებმა როცა დაინახეს ეს ვარსკვლავი დაასკვნეს, რომ იუდეაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა: იშვა მეფე. ისინი გზას დაადგნენ, რათა თაყვანი ეცათ მისთვის. თუმცა სანამ ისინი იქ ჩავიდოდნენ, დიდი ხანი გავიდა; ამიტომაც ყრმა უკვე ბაგაში და ბოსელში კი არ დახვდათ, არამედ სახლში. ასე წერია ბიბლიაში.

ბეთლემის შორიახლოს მინდორზე მწყემსები ცხვარს აძოვებდნენ. მათ, სწორედ იმ დროს, როცა მარიამმა შვა ძე, ღვთისაგან აღთქმული სოფლის მხსნელი – იესო ქრისტე, გამოეცხადათ ანგელოზი. ცა უჩვეულო ნათელმა გაანათა. მწყემსები ძალიან შეშინდნენ. ანგელოზმა უთხრა მწყემსებს, რომ არ შინებოდათ, ვინაიდან ბეთლემში, ამ ღამით იშვა სოფლის მხსნელი, ღვთის ძე. მოულოდნელად მთელი ცა გალობით აივსო – ანგელოზების დასი გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანაზე მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ მწყემსებმა მიატოვეს ფარა მინდორში და გაეშურნენ ბეთლემში იმ ყრმის სანახავად, რომლის შესახებაც ანგელოზმა ახარა მათ. და მართლაც ბაგაში იხილეს ახალშობილი ყრმა. მწყემსებმა უამბეს დედამისს, როგორ გამოეცხადათ ანგელოზმი და აუწყა გასაოცარი ამბავი. მარიამი გახარებული იყო, ძალზე გახარებული. მან გულში შეინახა მწყემსების ნათქვამი სიტყვები. მწყემსებმა კი თაყვანი სცეს ყრმას და დაუბრუნდნენ თავიანთ ფარას. უხაროდათ, რომ ბოლოს და ბოლოს სოფლად დიდი ხნის ნალოდინევი მხსნელი იშვა.

მაგრამ განსაკუთრებული ეს შობა იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესახებ ანგელოზებმა გვაუწყეს ანდა აღმოსავლელმა მოგვებმა გაიგეს მისი შობა, არამედ იმიტომ, რომ იშვა ღვთის ძე. ანუ თავად ღმერთი მოვიდა სოფლად, რათა გარდაუვალი დაღუპვისაგან გადაერჩინა ყველა ის ადამიანი, ვინც ირწმუნებს მას. სამყაროს ისტორიაში ამ ყველაზე საოცარი მოვლენის სამახსოვროდ ვზეიმობთ ჩვენ შობის დღესასწაულს.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.