სირიელები და წინასწარმეტყველი ელისე

სირიელები და წინასწარმეტყველი ელისე

ძველ დროში, როცა ისრაელს მეფეები მართავდნენ, ადამიანებს არ ჰქონდათ ბიბლია, და ღმერთის თაყვანისცემა მხოლოდ ერთადერთ ტაძარში შეიძლებოდა, ხალხში ცხოვრობდნენ წინასწარმეტყველები. ამ წინასწარმეტყველებს თავად ღმერთი ავალებდა ესწავლებინათ მეფეებისა და უბრალო ხალხისთვის, როგორ ეცხოვრათ სწორედ, როგორ მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ შემთხვევაში.

ისტორია, რომელსაც მოგიყვებით, მოხდა იმ დროს, როცა ისრაელი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი: სამხრეთის (იუდეა), დედაქალაქით იერუსალიმი და ჩრდილოეთის (ისრაელი), დედაქალაქით სამარია. იმ დროს წინასწარმეტყველი ისრაელში იყო ელისე, ისრაელის მთავარი მტერი კი სირიის სახელმწიფო გახლდათ.

ერთხელ სირიის მეფემ გადაწყვიტა ჩასაფრებოდა ისრაელის მეფეს. ვიწრო ადგილას, მთებს შორის, სადაც უნდა გაევლო ისრაელის ჯარს, მიყუჩდნენ სირიელები. თუმცა ელისეს გაეხსნა სირიელების ზრახვა და მან თავისი მსახური გაგზავნა ისრაელის მეფესთან და გააფრთხილა: “ნუ წახვალ იმ გზით. იქ სირიელები გელოდებიან.” სირიელები ელოდნენ, ელოდნენ, ისრაელიანები კი არ მოვიდნენ. სირიის მეფემ კვლავ მოიფიქრა რომელიღაც საომარი ეშმაკობა, მაგრამ ელისემ კვლავ გაიგო და კვლავ გააფრთხილა თავისი მეფე.

ასე მოხდა რამდენჯერმე. სირიის მეფემ უკვე აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. უთხრა თავის სარდლებს: “ჩვენს შორის, ჩანს რომ გამცემია! ვიღაცას ამბები მიაქვს ჩვენს გეგმებზე ისრაელის მეფესთან.” მათ უპასუხეს: “არა მეფევ, ჩვენს შორის არ არის გამცემი! ისრაელს ჰყავს წინასწარმეტყველი ელისე. მას ღმერთი უხნის ყველაფერს, რასაც შენ იზრახავ. მან ისიც კი იცის, რას ამბობ შენს საძინებელში.” და მეფემ გადაწყვიტა: “ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ ამ წინასწარმეტყველს!

დიდი ჯარი გავგზავნოთ მის ქალაქზე! ჯერ ელისეს მოვკლავთ, შემდეგ კი სამარიას ჩავიგდებთ ხელში!”

თქვა და გააკეთა. მოვიდა სირიელების დიდი ჯარი და ალყა შემოარტყა ბორცვზე განლაგებულ პატარა ქალაქს, სადაც ელისე ცხოვრობდა. “მტერი! მტერი! სირიელები მოვიდნენ!” – შეშინდნენ ადამიანები. ელისეს მსახური მივიდა წინასწარმეტყველთან და უთხრა: “შეხედე, რა დიდმა ჯარმა შემოგვარტყა ალყა!” ელისემ უპასუხა: “ნუ ღელავ. ისინი, ვინც ჩვენთანაა უფრო მეტნი არიან მათზე, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არიან.” და ილოცა: “უფალო, გაუხსენი ჩემს მსახურს თვალები!” მსახურმა უცებ დაინახა, რომ მთელი მთა, რომელზეც მდებარეობდა ქალაქი, დაფარული იყო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

“უფალო თვალისჩინი წაართვი სირიელებს!” – ილოცა ელისემ. და მართლაც, მტრები დაბრმავდნენ! “წამომყევით მე, – უთხრა ელისემ დაბნეულ სირიელებს, – მე წაგიყვანთ კაცთან, რომელსაც ეძებთ.” და წაიყვანა ისინი სამარიაში, პირდაპირ ქალაქის მთავარ მოედანზე. იქ მისვლისას ელისემ კვლავ ილოცა. ახლა მან სთხოვა ღმერთს, რომ დაებრუნებინა მათთვის თვალისჩინი. სირიელებმა მართლაც დაინახეს ყველაფერი. და შეშინდნენ: მოვიდნენ წინასწარმეტყველის მოსაკლავად, და აღმოჩნდნენ ისრაელის ჯარის შუაგულში.

როცა ისრაელის მეფემ გადაწყვიტა გაენადგურებინა სირიელები, წინასწარმეტყველმა ელისემ თქვა: “განა შენ ჩაიგდე ისინი ტყვედ, რომ ახლა ისე მოექცე როგორც გსურს? ღმერთმა მოიყვანა ისინი შენთან. ამიტომაც მიიღე როგორც სტუმრები, აჭამე და შემდეგ გაუშვი მშვიდობიანად.”

მეფე იძულებული იყო მოესმინა ელისესთვის. გაუმასპინძლდა სირიელებს და გაუშვა. “ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები,” – ასე მთავრდება ეს ისტორია ბიბლიაში.

თუ გსურს წაიკითხო ან გაიგო სხვა იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც წინასწარმეტყველ ელისეს გადახდა თავს, იპოვე ბიბლიაში, მეფეთა მეოთხე წიგნში. ამ წიგნის პირველ რვა თავში მასზე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობ.

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.